კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა
ფოტო: Pixabay
პრინსტონისა და იელის უნივერსიტეტების ახალი კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ზოგადად, დინოზავრების შესახებ ბევრი რამ ვიცით, თუმცა პალეონტოლოგები აქამდე უცნობ დეტალებს ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე. უმეტესად მიიჩნეოდა, რომ დინოზავრები 230 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვნენ. ხოლო ადრეული დინოზავრების ევოლუციურ ისტორიაზე ცოტა რამ ვიცით.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ცხრა სხვადასხვა მორფოლოგიური მონაცემთა ნაკრები გააანალიზეს, რომლებიც დინოზავრთა სამ შტოს ეკუთვნის: თეროპოდებს, ზავროპოდომორფებს და ფრინველმენჯა დინოზავრებს. მეცნიერებმა დინოზავრების ანატომიის, ცალკეული ნიშან-თვისებებისა და სხვადასხვა ქვეჯგუფების შესახებ მონაცემები გააერთიანეს.
ამ მონაცემების ანალიზით ავტორებმა განსაზღვრეს, რომ დინოზავრები 250-240 მილიონი წლის წინ უნდა წარმოშობილიყვნენ. გარდა ამისა, დინოზავრების სხვადასხვა შტო აქედან მალევე ჩამოყალიბდა.
ასევე იხილეთ: აღმოაჩინეს 237 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელსაც დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია
ადრეული დინოზავრების ევოლუცია დამაბნევლად იმიტომ ჟღერს, რომ ეს სახეობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ამას ევოლუციურ რადიაციას უწოდებენ: როცა ერთი წინაპრისგან რამდენიმე ახალი სახეობა სწრაფად წარმოიშობა. ეს ძირითადად მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ ხდება, მაგალითად, მასობრივი ამოწყდომების.
ნაშრომის ავტორების თანახმად, დინოზავრების დივერსიფიკაცია გვიან ტრიასულ პერიოდში უცებ მოხდა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ პერიოდში დინოზავრები წარმოიშვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ დროს უბრალოდ მათი დივერსიფიკაცია დაიწყო.
მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ ამ დროს სამი დიდი გადაშენებიდან ორმა მაინც პირდაპირ შეუწყო ხელი დინოზავრების დივერსიფიკაციას.
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B. გამოქვეყნდა.
კომენტარები