მარსის ორი "სახე" — ორმა მავალმა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში 360°-იანი პანორამა გადაიღო
ფოტო: NASA/JPL-Caltech/ASU/MSSS
მარსს NASA-ს ორი მავალი იკვლევს: Curiosity გეილის კრატერს შეისწავლის (შარპის მთაზე გადაადგილდება), Perseverance კი — ეზეროს კრატერს. პირველი უკვე 14 წელია, ჩვენს მეზობელ პლანეტაზეა, ხოლო მეორე იქ 5 წლის წინ დაეშვა. მათი მეშვეობით ამ ციური სხეულის შესახებ ახალ მონაცემებს ვიღებთ და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რეგიონების ლანდშაფტსაც ვხედავთ.
სააგენტომ ახლახან ორი ასეთი სურათი გამოაქვეყნა, რომლებიც მარსის ზედაპირს 360°-იანი პანორამული გამოსახულებებია. ვინაიდან მავალები განსხვავებულ ადგილებშია, ჩვენს თვალწინ მარსის ორგვარი ხედი იშლება. ამის გარდა, ეს ფოტოები გარკვეულწილად დროშიც გვამოგზაურებს, რადგან ამ არეალების გეოლოგიური ფორმაციები განსხვავებული პერიოდების შესახებ ინახავს ინფორმაციას.
მაგალითად, გეილის კრატერის ადგილზე ტბა რამდენჯერმე იყო, იქ მდებარე 5-კილომეტრიანი შარპის მთა კი სწორედ ამ ტბების დანალექის დაგროვების შედეგად ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღლა მიიწევს Curiosity, მით უფრო ახალგაზრდა წარმონაქმნებს აწყდება.
რაც შეეხება Perseverance-ის კვლევით არეალს, ეზეროს კრატერშიც ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო. Curiosity-ისგან განსხვავებით, ეს აპარატი უფრო და უფრო ძველ სტრუქტურებს აანალიზებს. ის მდინარის კვალს მიუყვება და ისეთ ლანდშაფტებს შეისწავლის, რომლებიც მთლიან მზის სისტემაში ერთ-ერთი უძველესია.
ორივე რეგიონი რამდენიმე მილიარდი წლისაა, მაგრამ მარსის გეოლოგიურ წარსულზე განსხვავებულ მონაცემებს გვაწვდის. ერთ-ერთის აღსაბეჭდად Curiosity-მ გასული წლის 9 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში 1031 სურათი გადაიღო, რომლებიც მეცნიერებმა გააერთიანეს. სწორედ ამის შედეგად მიიღეს დეტალური პანორამული გამოსახულება, რომელზეც ე.წ. ობობას ქსელებია ნაჩვენები — სტრუქტურები, რომლებიც დედამიწაზე არსებული იმავე სახის წარმონაქმნებზე ბევრად დიდია. ისინი ქვების ნაპრალებში წყლის ჩაჟონვისა და ამის გამო მინერალების ფორმირების შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
Perseverance-ის პანორამაზე ეზეროს კრატერის კიდის მიღმა არეალია, რომელსაც საფრანგეთის ხელოვნური ტბის სახელი ჰქვია — Lac de Charmes. სურათზე შორეულ მთებსაც ვხედავთ. ასეთი ხედის მისაღებად ასტრონომებმა 980 კადრი გააერთიანეს, რომლებიც მავალმა გასული წლის 18 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 25 იანვრამდე პერიოდში დააფიქსირა.


კომენტარები