"გართობა კრიმინალი არ არის" — რა ხდებოდა კლუბებში სპეცოპერაციის დროს
2018 წლის, 11 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე კაფე გალერისა და კლუბ ბასიანში სპეცრაზმი შევიდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კლუბის სტუმრები გარეთ გამოუშვეს ისე, რომ პირადი ნივთების აღების უფლებაც არ მისცეს. სამართალდამცავების ნაწილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა შეკრებილებს. პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებულების ასაყვანად ჩატარდა. ახალგაზრდებმა, რომლებსაც პირადი სივრცე დაურღვიეს და წაართვეს ადგილი, სადაც ცეკვავდნენ, "დენსფლორი" რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადმოიტანეს.
ამ მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. თავისუფალ სივრცეში შეჭრა ახალგაზრდობამ სახელმწიფოს ამ დრომდე ვერ აპატია. მათ ახსოვთ თითოეული სამართალდამცავის მოქმედება და დაუცველობის განცდა, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლად აქციეს.
"ხალხი ტუალეტებიდან გამოიყვანეს. ყვიროდნენ, არ ვიცოდით რატომ"
გიორგი კუპრეიშვილი სპეცოპერაციის დროს კაფე გალერიში იყო მეგობრებთან ერთად. დაგეგმილი ჰქონდათ, რომ მალევე სხვაგან წასულიყვნენ. მათი გეგმები სპეცრაზმმა არია.
"გარეთ გავდიოდი, როცა დავინახე კარებში სპეცრაზმი და რამდენიმე შავებში ჩაცმული პოლიციელი ავტომატებით. ვერ მივხვდი რაში სჭირდებოდათ საერთოდ. გარეთ არ გვიშვებდნენ და შემოვბრუნდი მეგობრისკენ, რომელიც იქვე იდგა, კარების უკან და ვერ ხედავდა რა ხდებოდა. რომ მივტრიალდი, უკვე ამოსული იყვნენ. შეგვიყვანეს დენსფლორზე. სხვა ოთახებიდანაც გამოჰყავდათ ხალხი, ტუალეტებიდანაც. თან ყვიროდნენ, გვაჩქარებდნენ. მოგვთხოვეს იატაკზე დავწოლილიყავით. ნაწილი დაწვა, ყველა ვერც დაეტეოდა. შემოვიდა ვიღაც კამერით და გადაგვიღო. არ ვიცოდით რატომ".
როცა ხალხი იატაკზე დაწვა, გიორგიმ პოსტი დაწერა: "გალერიში სპეცრაზმი შემოვიდა. ყველა ძირს დაგვაწვინეს, ფოტოები გადაგვიღეს".
მიზანი მარტო სპეცოპერაციაზე ინფორმაციის გავრცელება არ იყო. უნდოდა სამართალდამცავების დამოკიდებულებაც ეჩვენებინა საზოგადოებისთვის.
"კარგად ნამდვილად არ იქცეოდნენ და მინდოდა ეს ინფორმაცია გამევრცელებინა. მერე ბევრმა მითხრა, რომ ჩემი პოსტიდან გაიგეს, რაც მოხდა".
ახსოვს, რომ დაახლოებით 10 წუთი სპეცრაზმი თავზე ედგათ. პანიკა და გაურკვევლობა იყო. პასუხებს ახალგაზრდები პოლიციისგან ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მალევე გაიგეს, რომ იგივე სიტუაცია იყო ბასიანზეც. მეგობრებთან ერთად იქ წავიდა.
"სულ სხვა სურათი დაგვხვდა. სამჯერ მეტი პოლიციელი იყო. ხალხს აკავებდნენ. ყველა პანიკაში იყო. იქ ბევრი მეგობარი ვნახე. ჩემი ძმაკაცი შოკში ჩავარდა, მიდიოდა ყველა პოლიციელთან სათითაოდ და მოღალატე ხარო ეუბნებოდა.
მერე რამდენიმე ხელჩართული ჩხუბი მოხდა პოლიციასთან. ძირითადად ვცდილობდით გატაცებულები გამოგვეგლიჯა ხელიდან. პატარა ჯგუფებს რომ დაინახავდნენ, ცალკე კედელთან მდგომს, ცოცხალ ჯაჭვს გვარტყამდნენ და წრეში გვაქცევდნენ, რომ ვერაფერი გვექნა. ამ წრეებსაც დავაღწიეთ თავი. მერე ვიღაცამ თქვა, რომ პარლამენტთან გადაგვენაცვლა. წავედით. დაკავებები და დაპირისპირება იქ გაგრძელდა".
გიორგი მაშინ 21 წლის იყო და იმ სივრცეში პოლიციის შესვლა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობდა შეურაცხმყოფელად ჩათვალა, ამიტომ იდგა აქციებზე. ახსოვს, როგორ მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან და მოიხადა ბოდიში. არ მოეწონა ის ტაში, რომლითაც შეკრებილები ამ ჟესტს შეხვდნენ. გაბრაზდა და პარლამენტის ტერიტორია დატოვა.
"ჩვენს თავისუფლებაში შემოიჭრენ, მეტი არაფერი ვიცოდით"
ლენე აბულაძე ბასიანზე მეგობრების სანახავად მიდიოდა. იქ მისულმა დაინახა, როგორ მიჰყავდათ ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით სპეცრაზმელები და კლუბიდან გამოჰყავდათ ხალხი. მეგობრები იპოვა. მალე დაპირისპირებაც დაიწყო.
"პატარა შეწინააღმდეგებაზეც საპატრულოს მანქანაში ტენიდნენ ხალხს. ჩემი რამდენიმე მეგობარი გადაიყვანეს განყოფილებაში. მეც მოვყევი ასეთ "ჩოჩქოლში", თუმცა არსად წავუყვანივარ პოლიციას. სამართალდამცავებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც საერთოდ ხმას არ იღებდნენ, არც კი იცოდნენ, სად და რატომ მოვიდნენ ან რას "იცავდნენ". იყვნენ აგრესიული და ცინიკურად მოსაუბრენიც და ხალხს დასცინოდნენ. ერთი ადამიანი მახსოვს, აუტანელი გამომეტყველების, შუშის თვალებით. ძალიან აგრესიული და უზრდელი იყო ჩვენს მიმართ".
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ დაინახა, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. რობოკოპები გამოჩნდნენ ხელკეტებით, ფარებითა და ნიღბებით. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. ეშინოდა.
"ქუჩის მეორე მხარეს ალყაში ყავდათ რაღაც ნაწილი და იქ ერთი ბიჭი გახდა ცუდად, გული წაუვიდა. აქეთ იდგა ერთი ქალბატონი, რომელიც ეუბნებოდა პოლიციელებს, ჩემი შვილია გადამიშვითო. ტიროდა და ევედრებოდა. პოლიციელი მოუტრიალდა და ბოლო ხმაზე უყვირა: "მერე შენი შვილი სად დაეთრევა, არ უნდა იცოდე?! შვილი თუ გადარდებს აქ რატო გდია".
ახსოვს დაბნეულობა და გაურკვევლობა, მეგობრები, რომლებიც ნერვიულობდნენ, ურეკავდნენ და სთხოვდნენ სახლში წასულიყო. ლენე აქციაზე დარჩა.
"უშუალოდ ბასიანთან ყოფნის დროს არაფერზე ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ გვქონდა, იქ საუბრის დრო არავის ჰქონდა. ერთადერთი, რაც ყველას გვაერთიანებდა, იყო უდიდესი პროტესტი მომხდარის გამო. ჩვენს თავისუფლებაში შემოჭრას ვაპროტესტებდით და მეტი არაფერი ვიცოდით. ვერ ვიგებდით ამას რა შეიძლება მოჰყოლოდა ან საერთოდ რა ხდებოდა".
პროტესტის უეცარი გამოხატვა იყო ფოტოც, რომელიც ლენემ და მისმა მეგობარმა ბასიანთან გადაიღეს.
"ძალიან რთული იყო, ამის გააზრება, რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურა არ გიტოვებს ადგილს, სადაც შეგიძლია ბედნიერი იყო. გეშინია, რომ ხვალ სახლებში შემოგივარდებიან და ფიქრობ, რომ დრო წინ კი არა, უკან მიდის და გაბრუნებს კლიშეებით სავსე საბჭოთა კავშირში, სადაც არ გინდა შენი შვილები და მომავალი თაობა გაიზარდოს. ამ დროს რაღაცნაირ ძალას გრძნობ და რქებით აწვები შენს იდეას, რომ გაიტანო, მაგრამ არავინ იცის ეს გამოგივა თუ არა".
მომდევნო დღეებში ლენემ იბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ გართობა კრიმინალი არ არის და არავის აქვს უფლება წინ აღუდგეს ადამიანის თავისუფლებას.
მაშინაც და ახლაც ლენე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება არაადეკვატური იყო. ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვეს მისმა თანამებრძოლებმაც.
"იმ ცნობილი "ბოდიში"-ს მერე დამეუფლა გრძნობა, რომ ჩვენ არჩევანის უფლებას არ გვიტოვებენ, ვართ ჯარისკაცები, რომლის ხმასაც აზრი არ აქვს".
"თავი გადაღებაზე მეგონა"
კაკი ჩხიკვიშვილი იმ ღამეს ბასიანზე იყო. კლუბიდან ტელეფონზე სალაპარაკოდ გამოვიდა. შემობრუნებულმა განათება დაინახა, გამოსახულება ვერ გაარჩია. ივარაუდა, რომ გადაღება იყო. როცა სპეცრაზმი გაარჩია იფიქრა, რომ ვინმე კონკრეტულის დაკავებას აპირებდნენ იქვე. არ ელოდებოდა, რომ მოაჯირს გადაახტებოდნენ და კლუბში შევიდოდნენ.
"უკვე ფეისს რო გამოცდნენ, კიბეებზე ამოვიდნენ და ჩემკენ მოდიოდნენ. იქეთ ჩასასვლელი ეგონათ. ერთმა უთხრა აქ არაფერი არააო და ვიღაცამ დაუძახა აქეთ არისო. პირდაპირ ჩავიდნენ ქვევით. ჩვენ გამოგვიშვეს გარეთ. საერთოდ არაფერს ამბობდნენ".
გარეთ გამოსულმა გაიგო, რომ მისი მეგობარი დაიჭირეს და დიღმის სამმართველოში მოუწია წასვლა. შემდგომ განვითარებულ მოვლენებს დააკლდა.
მიაჩნია, რომ სპეცრაზმის "შევარდნა" დადგმული იყო, რადგან უწყებას შიშის დათესვა და "ჭკუის სწავლება" უნდოდა.
"ალბათ, იფიქრეს თავზე გაუვიდათო და ამიტომ მოიქცნენ ასე. ჩემი აზრით, შიშმა არ იმოქმედა".
"უბრალოდ, ზომბებივით იდგნენ"
ანა ნიჟარაძე ბასიანის სპეცოპერაციის ღამეს სახლში იყო, მეგობართან ერთად. კლუბში გამართულ ივენთს დედამისი ესწრებოდა. ეძინა, როდესაც მეგობარმა გააღვიძა და უთხრა, რაც ხდებოდა. თავიდან ხუმრობად მიიჩნია. არ დაიჯერა. ფოტოების ნახვის შემდეგ გამოფხიზლება მოუწია. არ ახსოვს, როგორ ჩაიცვა და გავიდა სახლიდან. აფრთხილებდნენ, რომ იქ დაძაბულობა იყო და მორიდებოდა. სახლში ვერ დარჩა.
"ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობ და ისე სწრაფად გავვარდი, რომ არც მითქვამს, სად მივდიოდი და სახლის კარიც ღია დავტოვე. ტაქსიმ ადგილამდე არ მიგვიყვანა, გადაკეტილი იყო უკვე გზა და დაახლოებით, დეზერტირების ბაზრიდან ფეხით მივრბოდით. თავიდან დიდად არ მინერვიულია, ვერც გავაანალიზე, რა მოხდა. იქ რომ მივედი, მერე დამეწყო უფრო ნერვიულობა ამდენი სპეცრაზმელი რომ დავინახე ნიღბებით", — იხსენებს ის.
დედა იპოვა. ის სახლში წასვლას სთხოვდა, მაგრამ არ დათანხმდა. სხვების მსგავსად სამართალდამცავებთან კომუნიკაციის დამყარება არც მას გამოუვიდა.
"ხალხს არ ელაპარაკებოდნენ, ზომბებივით იდგნენ. ცოტა ხანში ყვირილის ხმა გავიგე, ვიღაც ბიჭი სცემეს და წაიყვანეს მანქანით. მახსოვს, ერთი ტრანსგენდერი იდგა ჩვენთან ახლოს და იმასაც მიაყენეს შეურაცხყოფა".
ანამ სხვებთან ერთად პარლამენტთან გადაინაცვლა. იქ დაკავებები გაგრძელდა. გვიან ღამით სახლიდან დაურეკეს, ნერვიულობდნენ და მისვლა სთხოვეს. დათანხმდა. ის ღამე მისთვის დღემდე გაურკვევლობად რჩება.
მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალის ამგვარი დემონსტრირება აბსოლუტურად ზედმეტი იყო. მიაჩნია, რომ თუ ვინმე დასაჭერი იყო, სამართალდამცავებს ისე შეეძლოთ მოქმედება, რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის სტრესი არ მიეყენებინათ.
"არ გირტყამენ, შვილო, გეფერებიან"
ბექა გურგენიძემ ტელევიზიით ნახა, როგორ აკავებდა და ტენიდა პოლიცია მანქანაში ახალგაზრდებს.
"ვიფიქრე, რომ აღარ იქნებოდა ის სივრცე, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი და მის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებდი".
დაახლოებით სამი საათი იყო, როცა პროტესტის გამოსახატად პარლამენტთან მივიდა. მალევე ისიც დააკავეს ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ.
"დაპირისპირება მოხდა, მე არ ვმონაწილეობდი, იქვე ვიდექი. დაახლოებით 15 წუთში სიტუაცია დაწყნარდა. ხალხის მასაში შემოვიდა სამი, სავარაუდოდ, სამმართველოს თანამშრომელი იმიტომ, რომ პატრულის ფორმები არ ეცვათ. მითხრეს გამოგვყევიო. მოვთხოვე აეხსნათ, რატომ უნდა გავყოლოდი და ხალხიდან გამათრიეს დაახლოებით 70 მეტრში. ჩამსვეს გამვლელ პატრულის მანქანაში, რომელმაც ოქმი დამიწერა, მაგრამ არ იცოდა რაზე მიწერდა ოქმს, სიტუაციას არ შესწრებია".
ბექას დაკავების რამდენიმე ვიდეო არსებობს. რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ისმის, რომ ის სამართალდამცავებს ეუბნება: "რატომ მირტყამთ", პასუხად კი იღებს: "არ გირტყამენ, გეფერებიან, შვილო, კარგი დამშვიდდი".
გასვლისას სამართალდამცავებმა ხელი დაუზიანეს. პატრულმა დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც ადგილი არ იყო. რამდენიმე საათი მანქანაში მოუწია ჯდომა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავებისას სამართალდამცავებმა აგრესია გამოიჩინეს, ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კარგად ექცეოდნენ. დაკავებისას დაკარგა საფულე და ტელეფონი. სახლში წასასვლელი ფული პატრულის თანამშრომელმა მისცა.
ბექას ოქმში სამართალდამცავის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა ჩაუწერეს. ამბობს, რომ "ღირსები იყვნენ", მაგრამ არავისთვის შეუგინებია. მიაჩნია, რომ ერთი წლის წინ პოლიციის მხრიდან გამოჩენილი აგრესია უადგილო იყო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცდომა დაუშვა.
კომენტარები