რა მოხდა კლუბ ბასიანთან და კაფე გალერისთან - 12 მაისის მოვლენების დეტალები
12 მაისი გრძელი, დამღლელი და ემოციური აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი, კლუბ ბასიანთან და კაფე გალერისთან მომხდარი ფაქტი გახდა. შუაღამისას სპეცრაზმი კლუბ ბასიანში და კაფე გალერიში შევიდა და სპეცოპერაცია დაიწყო. სპეცრაზმმა კლუბში შეკრებილი ადამიანები გარეთ გამოიყვანა, შემდეგ კი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება დაიწყო. ამის შემდეგ, მოვლენები დაძაბულად განვითარდა, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო, აქციის მონაწილეებზე კი ღიად ძალადობდა. დაძაბული ვითარება ამ წუთამდე გრძელდება. აქციის მონაწილეები პროტესტს პარლამენტის წინ აგრძელებენ.
როგორ დაიწყო სპეცოპერაცია
12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.
თავდაპირველად, შსს-ში არ განმარტავდნენ, თუ რატომ გახდა სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო.
ინფორმაცია სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით კლუბ ბასიანის დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა ფეისბუქში გაავრცელა.
კლუბ ბასიანის პარალელურად, სპეცრაზმი მობილიზებული იყო კაფე გალერეასთანაც.
შსს-ს პირველი განცხადება და დაკავებები
სპეცოპერაციის დაწყების ფონზე, On.ge ცდილობდა შსს-სგან ინფორმაციის მოპოვებას. უწყებაში დილის ორის ნახევარხე On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ კაფე გალერისა და კლუბ ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. იმ დროისთვის უწყებაში სხვა განმარტებას არ იძლეოდნენ.
სპეცოპერაციის პარალელურად, On.ge-ს ჟურნალისტები ადგილიდან იტყობინებოდნენ, რომ იყვნენ დაკავებულები, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებდნენ.
დაკავებულებს შორის იყვნენ კლუბ ბასიანის დამფუძნებელი და რამდენიმე მოქალაქე.
დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის
მიუხედავად იმისა, რომ შსს დაკავებების ფაქტს არ ადასტურებდა, პირდაპირი ეთერებიდან ცხადი იყო, რომ სამართალდამცავები კლუბთან შეკრებილ ახალგაზრდებს იჭერდნენ და მანქანაში სვამდნენ.
დაკავებების პროცესის ფონზე, გამწვავდა დაპირისპირება შენობიდან გამოყვანილ ადამიანებსა და პოლიციელებს შორის. სწორედ ამ დროს, თვითმხილველებმა პირველად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციელები ძალას ამეტებდნენ და მოქალაქეებზე ძალადობდნენ.
დილის ორი საათისთვის შსს-ში შემდეგ კომენტარს აკეთებდნენ:
"როგორც უკვე გითხარით, გარდა იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით", - განუცხადეს On.ge-ს შსს-ში.
თეთრი ხმაურის საგანგებო განცხადება
დაძაბული სიტუაციის ფონზე, საგანგებო განცხადება გაავრცელა თეთრი ხმაურის მოძრაობამ. მოძრაობის წევრები მოუწოდებდნენ საზოგადოებას სოლიდარობა გამოეხატათ და ბასიანთან შეკრებილიყვნენ.
"კლუბ BASSIANI-ის ტერიტორიაზე შესულია სპეცრაზმი!!! კლუბიდან გამოყარეს ყველა სტუმარი და დაკავებულია საკმაოდ ბევრი აქტივისტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე!!! პოლიცია შესულია კლუბში და მეორდება ის, რაც ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს!!! ვისაც გაქვთ პროტესტის გრძობა ამ უსამართლო მოვლენების მიმართ და გრძნობთ, რომ ღიად გამოგვიცხადეს ომი, მოდით ბასიანთან!", - ნათქვამი იყო განცხადებაში.
შსს-ს ოფიციალური განცხადება
დილის სამის ნახევარზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს და შედეგად, 12 მაისის სპეცოპერაციით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, პოლიცია და სპეცრაზმი არ დაშლილა. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე გახდა.
კლუბ ბასიანთან პოლიციის დამატებითი რაზმები გამოჩნდნენ
დილის სამი საათისთვის კლუბ ბასიანთან შეკრებილი ადამიანები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადგილზე პოლიციის დამატებითი რაზმები გამოჩნდნენ.
ამ დროისთვის უკვე დაკავებული იყო ათობით ადამიანი და მოქალაქეების დაკავების პროცესი კვლავ გრძელდებოდა. აქტივისტები წერდნენ, რომ პოლიციის ქმედებები შეიცავდა ძალადობის ელემენტებს, მათ შორის ცემასა და თავისუფლებისა და გადაადგილების იძულებით აღკვეთას.
დაკავებულებს შორის იყო კლუბ ბასიანის კიდევ ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.
მსვლელობა პარლამენტისკენ და მორიგი დაპირისპირება
დილის ოთხი საათისთვის აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გაეპროტესტებინათ პოლიციის ქმედებები და პარლამენტისკენ დაიწყეს მსვლელობა. კაფე გალერისთან და კლუბ ბასიანთან შეკრებილი ადამიანები პარლამენტთან შეიკრიბნენ და აქციის დაწყება სცადეს, თუმცა იქ უკვე იყო პოლიცია მობილიზებული.
პარლამენტი გახდა მორიგი დაპირისპირების კიდევ ერთი ეპიცენტრი. იქ შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა სამართალდამცავები მათთვის გადაადგილების შეზღუდვასა და ცოცხალი კედლის აღმართვას ცდილობდნენ.
თვითმხილველების განცხადებით პოლიცია მოქალაქეებს უმიზეზოდ აკავებდა და მანქანაში ტენიდა მათ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ობოლაძე ამბობდა, "პოლიცია ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე იტაცებდა და სადღაც მიყავდა."
დაპირისპირება მოხდა პარლამენტისკენ მიმავალ გზაზეც. კლუბ ბასიანიდან დაძრულ ადამიანებს, On.ge-ს ჟურნალისტის ცნობით, პოლიცია თავს ესხმოდა და მათზე ძალადობდა. ჟურნალისტმა ამ ფაქტების ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
"სირცხვილი! სირცხვილი!" - აქცია დაპატიმრებების პარალელურად
პარლამენტთან შეკრებილმა აქტივისტებმა აქცია დაიწყეს და მობილიზებული პოლიციის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვებს "სირცხვილი! სირცხვილი!". აქცია დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, თვითმხილველების ცნობით, დაკავებულების რაოდენობა რამდენიმე ათეულს უკვე აჭარბებდა.
დაკავებულებსა და აქტივისტებს შორის იყვნენ დაზარალებულებიც.
სერგი გვარჯალაძის, ღამის ეკონომიკის მინისტრის გამოჩენა აქციაზე
აქციაზე, რომელიც დაკავებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, სერგი გვარჯალაძე გამოჩნდა. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ ექცევიან პოლიციელები ადამიანებს ასე და რამ გამოიწვია ასეთი მოქმედებები მათი მხრიდან.
"ვერ ვხვდები რა ხდება, ვისთვის არის და რატომ ხდება. ეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულები რატომ ჩავაყენეთ ასეთ მდგომარეობაში და რატომ ჩავაყენეთ პოლიცია ასეთ მდგომარეობაშიც", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
ზურაბ ჯაფარიძის დაკავება
სამართალდამცველებმა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. ინფორმაცია პირველად გირჩის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. დაკავებამდე ზურა ჯაფარიძე სერგი გვარჯალაძეს პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა, ხოლო, როგორც კი ინტერვიუს მიცემა დაასრულა, რამდენიმე სამართალდამცველმა ზურა ჯაფარიძეს ხელები დაუკავა და მანქანაში ჩასვა. ამის ამსახველ კადრებს ტვ პირველი ავრცელებს.
დაკავებამდე, ზურა ჯაფარიძე აქტიურად იყო ჩართული აქციის მიმდინარეობაში. ის ითხოვდა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის დამგეგმავი გამოსულიყო და საზოგადოებას დალაპარაკებოდა.
წვიმის მიუხედავად, პარლამენტის წინ აქცია გაგრძელდა
ამინდის მცირედი გაუარესებისა და დაძაბულობის მიუხედავად, პარლამენტის წინ აქცია მაინც გაგრძელდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვთ აქტივისტებს, თუმცა ისინი ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
EMC-ის წარმომადგენლები დაკავებულების ნაწილს შეხვდნენ
გამთენიისას ინფორმაცია გაავრცელაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ EMC-ის წარმომადგენლები დაკავებულთა ნაწილს შეხვდნენ.
"ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, EMC-ის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ დაკავებულების ნაწილს, რომლებიც შსს სამინისტროს ცენტრალურ შენობაში არიან გადაყვანილები. დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციის მიმართ და არ დაურღვევიათ შეკრების და მანიფესტაციის წესები. ასევე, დაკავებულების ნაწილი სავარაუდოდ გადაყვანილები არიან რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები