მინისგან დამზადებული წყლის ცხოველები, რომლებიც ნამდვილი გეგონებათ
1860-1890-იან წლებში მინაზე მომუშავე მამა-შვილმა, ლეოპოლდ და რუდოფლ ბლაშკებმა ზღვის ცხოველების ათასობით ანატომიურად გამართული მოდელი შექმნეს. შემდეგ კი ეს მოდელები მსოფლიოს მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებსა და მუზეუმებში გაგზავნეს, რათა აღნიშნულ დაწესებულებებს ისინი სასწავლო მიზნებისთვის გამოეყენებინათ.
ნახატებსა და ცოცხალ ნიმუშებზე დაყრდნობითა და მინის გამობერვის სპეციფიკური ტექნიკების გამოყენებით ისინი თითოეული ცხოველის სხვადასხვა ნაწილს ქმნიდნენ, შემდეგ კი სადენების, რეზინისა და სხვა საშუალებებით მათ ერთ მთლიანობად გარდაქმნიდნენ.
"მინაზე მომუშავე არაერთ ადამიანს უცდია ბლაშკების მიერ შექმნილი სკულპტურების ასლების გაკეთება, თუმცა უშედეგოდ. მამა-შვილი ბლაშკები სტუდიაში მარტო მუშაობდნენ, ყოველგვარი დახმარების გარეშე, მათ საკუთარი ტექნიკა სხვისთვის არასდროს გაუზიარებიათ, ხოლო როდესაც რუდოლფ ბლაშკა დაიღუპა, მან მინის გამობერვის ეს უნიკალური ტექნიკაც თან წაიღო", - აცხადებს ფრანგი ფოტოგრაფი გუიდო მოკაფიკო.
მოკაფიკომ ბლაშკების შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ის აკვარიუმებში მედუზების გადაღებას ცდილობდა. ინტერნეტში ფოტოების ძებნისას ის მუდმივად აწყდებოდა ბლაშკების მიერ შექმნილ მინის მოდელებს, რომლებიც მას ნამდვილები ეგონა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს მოდელები პროფესიონალურად გადაეღო.
რადგანაც სკულპტურები მსხვრევადია, მას მუზეუმებისგან სპეციალური ნებართვების აღება დასჭირდა, ფოტოების გადაღება კი მეცნიერების თანხლებით ხდებოდა.
წრიულად განლაგებული განათებების წყალობით სკულპტურები თითქო შიგნიდან ანათებს, შავი ფონი კი ღრმა ოკეანის შთაბეჭდილებას ქმნის.
მისი ჩანაფიქრის მიხედვით, ფოტოებმა ბევრ ადამიანს აფიქრებინა, რომ მოკაფიკო ნამდვილ ცხოველებს იღებდა.
"ეს სწორედ ისაა, რაც მინდოდა", - აცხადებს მოკაფიკო სიცილით.
კომენტარები