რა გავლენა აქვს სმარტფონებს მოზარდებზე
ჩვენ არ ვიცით, რამდენად საზიანოა სმარტფონები ახალი თაობისთვის. ამის გაგება შესაძლებელია, თუ მეცნიერები სწორ კითხვებს დასვამენ და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები პასუხების პოვნაში დაეხმარებიან.
დღეს თინეიჯერები ისეთ ეპოქაში ცხოვრობენ, რომელშიც ციფრული ტექნოლოგიები მართლაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და სმარტფონები ყველა ჩვენგანის მუდმივ თანამგზავრებად იქცნენ.
აშშ-ს ეროვნული კვლევების მიხედვით, ახალი თაობა მზარდად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება. აი, რამდენიმე ყველაზე შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2009-2017 წლებში საშუალო სკოლის იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც სუიციდის შესაძლებლობას განიხილავდნენ, 25 პროცენტით გაიზარდა; 2005-2014 წლებში იმ თინეიჯერთა რიცხვმა, რომელთაც კლინიკური დეპრესია დაუდგინდათ, 37 პროცენტით მოიმატა. ეს შედეგები იმის მაჩვენებელი შეიძლება იყოს, რომ უფრო და უფრო მეტი მოზარდია მზად, აღიაროს, რომ თავს ცუდად გრძნობს და დახმარება სჭირდება. მაგრამ, ამასთან, მოზარდებში სუიციდით გარდაცვლილთა რიცხვიც აწეულია.
"დაღუპეს სმარტფონებმა თაობა?" - ეს კითხვა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესრომა, ჯინ თვენგიმ The Atlantic-ის 2017 წლის პროვოკაციულ სტატიაში დასვა. ტექსტში გაანალიზებული იყო თინეიჯერთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ტექნოლოგიას შორის კავშირის გამომვლენელი მონაცემები. პროფესორი თვენგის დასკვნით, ეს კავშირი მართლაც არსებობდა. ადამიანთა უმრავლესობა დღეს სწორედ ამ პოზიციას იზიარებს.
საზოგადოების თვალში, სმარტფონები მხოლოდ ისეთ აფექტურ დარღვევებს არ იწვევენ, როგორიც დეპრესია ან სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობაა. ამასთან, არსებობს იმის შიშიც, რომ ჩვენ თამაშებზე ან ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები ვხდებით და, შედეგად, ფოკუსირებისა და დამახსოვრების უნარს ვკარგავთ. ყველა ეს წუხილი ერთიანდება ყოვლისმომცველ შიშში, რომ ჩვენ ყველას ტექნოლოგიები ტვინს გვირევს.
მაგრამ თუ უფრო ყურადღებით შევისწავლით სამეცნიერო ლიტერატურას და ამ საკითხზე მომუშავე მკვლევარებსაც მოვუსმენთ, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი არც ასე სწორხაზოვნადაა. კვლევები, რომლებიც დღეისათვის არსებობს, ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებს ციფრული ტექნოლოგიების და ფსიქიკური ჯანმრთელობის შორის კავშირის არსებობას - როგორც მოზარდებში, ასევე - ზრდასრულებში.
"კვლევებმა მარცხი განიცადა", - ამბობს ენტონი ვაგნერი, სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, - "ვიპოვეთ რამე, რაც გვეუბნება, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი? ჩვენ მიერ მედიის გამოყენება ნამდვილად ცვლის ჩვენს შემეცნებით და ძირითად ნევროლოგიურ ფუნქციებს ან ნეირობიოლოგიურ პროცესებს? პასუხი ისაა, რომ არ ვიცით. საჭირო მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობს".
თუ ტექნოლოგიები თუნდაც მცირე როლს თამაშობს მოზარდების შფოთვის, დეპრესიისა და თვითმკვლელობათა შემთხვევების ზრდაში, ჩვენ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. და თუ ციფრული მოწყობილობების ყველგანმყოფობა როგორღაც იწვევს ცვლილებებს ადამიანის ფსიქოლოგიაში - ჩვენი ტვინის განვითარებაში, სტრესთან გამკლავებაში, დახსომების უნარში, ყურადღების გამახვილებაში და გადაწყვეტილებების მიღებაში - ჩვენი მოვალეობაა, რომ ესეც ვიცოდეთ.
კითხვაზე, რას უშვრება ტექნოლოგია ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პასუხის პოვნა მნიშვნელოვანია. თუმცა, ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც პანიკის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს.
მკვლევართა აზრით, ამ საკითხის შესწავლის პროცესი იმიტომ ფერხდება, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მონაცემები ფსიქიკური აშლილობის ყველა სახის გამოვლინებაზე. ამაში კი მათი დახმარება მხოლოდ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეუძლიათ, როგორებიც გუგლი და ეფლია.
საიდან იღებს სათავეს თინეიჯერების მიერ მასმედიის გამოყენებასა და დეპრესიას შორის კავშირი?
ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიების და სოციალური მედიის ხშირი გამოყენება ცუდია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, გარკვეული საფუძველი ნამდვილად აქვს.
"სმარტფონების შემოსვლამ რადიკალურად შეცვალა თინეიჯერთა ცხოვრების ყველა ასპექტი", - წერს თვენგი ნახსენებ სტატიაში. შეიძლება, სიტყვა რადიკალური არ მოგწონდეთ, მაგრამ ის, რომ თინეიჯერების ურთიერთობა მოზარდებთან და თანატოლებთან რაღაც დონეზე შეცვლილია, ამის უარყოფა ძნელია. ეს ცვლილებები კი შეიძლება იყოს კავშირში შფოთვის მომატებსთან.
ეს ფაქტებით გამყარებული ინტუიციაა და, შესაბამისად, კარგ ჰიპოთეზადაც გამოდგება.
პირველ რიგში, როცა ვაგნერი მონაცემების არარსებობაზე საუბრობს, ის არ გულისხმობს კვლევების არარსებობას. პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს მიზეზშედეგობრიობის გამომვლენი მონაცემები, ანუ ისეთი შედეგები, რომელზე დაყრდნობითაც ეს კავშირი დამტკიცდებოდა.
დღეისათვის საკვლევი სფეროს მდგომარეობა ასეთია: ახალგაზრდების შესახებ ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოკითხვებით დგინდება სტატისტიკურად მნიშვნელოვნი უარყოფითი კავშირები ეკრანის მოხმარებასა და კეთილდღეობასთან მიბმულ ისეთ კონკრეტულ მაჩვენებლებს შორის, როგორიც დეპრესიის სიმპტომებია.
ეს კვლევები - როგორიცაა, მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და ახალგაზრდებში სარისკო ქცევის პრევენციის ზედამხედველობის სისტემური ცენტრების გამოკითხვები - არ იყო შემუშავებული სპეციფიკურად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის კავშირის დადგენის მიზნით. ამის ნაცვლად, ისინი ზოგადად აფასებენ მოზარდთა ქცევას და მათ ფსიქოლოგიას (მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარებას, სექსუალურ აქტივობას და სწორ კვებას).
2017 წელს ჩატარებულ კვლევაში თვენგიმ და მისმა კოლეგებმა რამდენიმე მსგავსი გამოკითხვის შედეგების შეჯამებისას შემაშფოთებელი კავშირები აღმოაჩინეს: მოზარდები, რომლებიც სოციალურ მედიასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან უფრო მეტ დროს ატარებდნენ, დეპრესიული სიმპტომების და თვითმკვლელობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. მსგავსი კორელაცია კი განსაკუთრებით მოზარდ გოგოებში აღინიშნა.
თუმცა, სანამ გავაგრძელებდეთ, აქვე უნდა აღინიშნოს სამი გასათვალისწინებელი ფაქტორი. ერთი ის, რომ მონაცემებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი.
მეორე ის, რომ დეპრესიის სიმპტომები არ ნიშნავს კლინიკური დეპრესიის დიაგნოზის არსებობას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გამოკითხვისას მოზარდები ეთანხმებოდნენ ისეთ დებულებებს, როგორიცაა ცხოვრება ხშირად ჩანს აზრსმოკლებული. (თუმცა, სხვა, მსგავს ნაშრომში, რომელიც გამოკითხვების სხვა სერიას ეყრდნობოდა, თვენგიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოზარდებს, რომლებიც ყველაზე მეტ დროს - დღეში შვიდ ან მეტ საათს -
ატარებდნენ ელექტრონულ მოწყობილობებთან, ორჯერ უფრო დიდი ალბათობით დაენიშნებოდათ დეპრესიის დიაგნოზი).
მესამე: "სუიციდთან დაკავშირებული შედეგები" არ ნიშნავს სუიციდის მცდელობებს. ეს ნიშნავს სუიციდის რისკ-ფაქტორების გაზომვას. სუიციდისადმი მიდრეკილების გასაზომი ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "გასული 12 თვის განმავლობაში, გიგრძვნია თუ არა ისეთი სევდა ან უიმედობა, რომელიც მეორდებოდა თითქმის ყოველ დღე ორი კვირის მანძილზე და რომლის გამოც ჩვეული აქტივობებით აღარ კავდებოდი?"
მსგავსი კვლევები ზემოთჩამოთვლილი საფრთხილო დეტალებითაა სავსე. ზოგადად, ასეთი ნაშრომები არ ავლენს მიზეზობრიობას და არ იყენებს ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკურ შეფასებებს - ისინი მხოლოდ კითხვარებზე პასუხებს ეფუძნებიან. ეს კვლევები, გარკვეულწილად, თვითნებურად განსაზღვრავენ კეთილდღეობის საზომებს. ისინი გამოკითხულთა თვითშეფასებებს ენდობიან და ხშირად ეკრანის დროში ან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაში გულისხმობენ მედია-მოხმარების ყველა ფორმას (სმარტფონებს, პლანშეტებს, კომპიუტერებს და სხვა). ამიტომ მათგან მიღებული შედეგები სტატისტიკურად კი მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებითად ბევრს არაფერს გვეუბნება.
ამასთან, გაურკვევლობას ამწვავებს ისიც, რომ განსხვავებული კვლევები განსხვავებულ შედეგებს აკვირდება. თვენგი და მისი კოლეგები სწავლობდნენ ხასიათს, სხვა მკვლევარები უფრო ყურადღებით, მეხსიერებით ან ძილით არიან დაინტერესებულები.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, თუ რატომ არის კვლევა მარტივ კითხვაზე - არის თუ არა ტექნოლოგიები კარგი ბავშვებისთვის? - ასე დანაწევრებული.
უკეთესად რომ დავხატოთ სურათი, მეცნიერებს რამდენიმე ისეთი დიდი პრობლემის მოგვარება სჭირდებათ, რომელთა ნაწილსაც ქვემოთ განვიხილავთ.
ეკრანთან გატარებული დროის გაზომვა რთულია
რთულია გასცე პასუხი კითხვას, თუ დღეში რამდენ ხანს ატარებ კომპიუტერთან ან სმარტფონთან; ან დღეში რამდენი საათი იყენებ სოციალურ მედიას; ან, თუნდაც, რამდენი ხანი თამაშობ ვიდეო თამაშებს. ჩვენ ხშირად დროის გასაყვანად გვიჭირავს სმარტფონი. ხანდახან სასურსათო მაღაზიის რიგში ვდგავართ, ჩავჩერებივართ ტელეფონს და, უბრალოდ, ვსქროლავთ. ბევრი ამას საპირფარეშოშიც კი აკეთებს. როცა მედიას გაუაზრებლად იყენებ, რთულია დამოუკიდებლად გამოითვალო, ეკრანთან რამდენი საათი გაატარე.
2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ მესამედმა გამოითვალა სწორად ინტერნეტში თავისი ყოფნის დრო. ამასთან, ის ტენდენციაც აღინიშნა, რომ ადამიანები იმაზე ნაკლებ დროს ატარებენ ინტერენეტში, ვიდრე თავად ჰგონიათ.
ეკრანთან გატარებული დრო მრავალ ასპექტს მოიცავს - არადა, მას ერთიანად იკვლევენ.
მეორე პრობლემა თავად კითხვის ფორმულირებაშია - ის ზედმეტად ზოგადია.
ფლორენს ბრესლინი, ტვინის კვლევათა ინსტიტუტის მეცნიერი, ამბობს, რომ ეკრანთან გატარებული დრო ბევრ სხვასახვა აქტივობას მოიცავს: "ესაა სოციალური მედია, ვიდეო თამაშები, კვლევა, კითხვა". თითოეული ამ ასპექტის მეტად დანაწევრებაც კია შესაძლებელი. მაგალითად, ქსელში მეგობრებთან ერთად თამაში და მარტო თამაში ორი განსხვავებული ტიპის გამოცდილებაა.
კვლევამ უნდა დაახარისხოს აღნიშნული განსხვავებები და აჩვენოს ის მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც ეკრანთან ურთიერთობისას შეიძლება გქონდეს.
ამასთან, ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და თუ დღეს მოზარდი, ვთქვათ, TikTok-ით არის გატაცებული (რა ჯანდაბაც უნდა იყოს ეს), ხვალ სოციალური მედიის სულ სხვა პლატფორმაზე გაატარებს დროს.
ამასობაში კი ეკრანები სულ ახალ-ახალ სივრცეებში იპარებიან. ბოლოსდაბოლოს, უკვე მაცივრებიც კი ინტერნეტთან შეერთებული ეკრანებით იყიდება. ესეც ეკრანთან გატარებულ დროდ უნდა ჩავთვალოთ?
"ბევრი დეტალი დაიკარგება, თუ ჩვენ ტექნოლოგიებზე ზოგადად ვისაუბრებთ", - ამბობს ემი ორბენი ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტიდან, - "ინსტაგრამზე გამხდარი მოდელების თვალიერებასა და და სკაიპით ბებიასთან ან თანაკლასელებთან საუბარს სხვადასხვა ეფექტი აქვს მოზარდზე".
მეცნიერებს მათთვის ხელმიუწვდომელი მონაცემების მიღება სურთ და ამაში ტექნოლოგიური კომპანიების დახმარება სჭირდებათ
ბრესლინი ახლა მოზარდთა ტვინის განვითარების კვლევაზე მუშაობს. მას მოზარდი ტვინის კოგნიტური განვითარების კვლევა - ABCD Study ჰქვია და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების მიერ ფინანსდება.
ამჟამად კვლევის ფარგლებში აკვირდებიან 11 800 ბავშვზე მეტს. ბავშვების ასაკი ცხრა წლიდან იწყება და მათი ქცევათა შესწავლა ათი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მათ ყოველწლიურად განვითარებისა და ქცევის მთელ რიგ მექანიზმებზე დაყრდნობით აფასებენ; მაგალითად, ზომავენ ფიზიკურ აქტივობას. ხოლო ყოველ მეორე წელს ცდისპირებს უტარდებათ ტვინის სკანირება, რათა თვალყური მიადევნონ მათ ნეირობიოლოგიურ განვითარებას.
ეს გრძელვადიანი კვლევაა, რომელიც მიზეზობრიობის დადგენას ისახავ მიზნად. თუ ზოგიერთი ბავშვის ხასიათში გამოვლინდება შემაშფოთებელი ცვლილებები, დეპრესია ან განვითარდება დამოკიდებულება მედია საშუალებებზე, მკვლევარები შეძლებენ გააანალიზონ, ამ ყველაფერს რა ცვლილებები და ქცევები უსწრებდა წინ. კვლევის დასასრულისთვის მათ შეეძლებათ გამოკვეთონ ტექნოლოგიების როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში.
თუმცა, ბრესლინი აღიარებს, რომ ამ ეტაპზე არასაკმარისი მონაცემების ქონის გამო მათ არ შეუძლიათ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების პოვნა.
ამ კომპანიებს აქვთ იმის რესურსი, რომ მკვლევარებს გააგებინონ, რეალურად რას აკეთებენ ბავშვები თავიანთ ტელეფონებზე. და ისინი ამ მონაცემებს უკვე ფლობენ კიდეც. გავიხსენოთ თუნდაც ახალი აპლიკაცია, Screen Time, რომელიც აიფონებს ცოტა ხნის წინ დაემატა. ეს აპლიკაცია ყოველკვირეულად გაწვდის ანგარიშს იმაზე, თუ როგორ გაატარე შენი დრო ტელეფონის მოხმარებისას. ამჟამად, ამ აპლიკაციით შეგროვებული მონაცემებზე მკვლევარებს ხელი არ მიუწვდებათ, თუმცა კომპანიების დაინტერესებისა და მომხმარებელთაგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
მაგრამ მაშინაც კი, თუ მკვლევარებს პასიური გზით შეგროვებული მონაცემებით მოამარაგებენ, ეს მაინც პაზლის მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნება. და კვლავ არ გვექნება ამომწურავი პასუხი მთავარ კითხვაზე, - არის თუ არა ტექნოლოგიები საზიანო მოზარდებისთვის?
მეცნიერებმა უნდა განსაზღვრონ, რა ტიპის კორელაციებია მნიშვნელოვანი
ვთქვათ, ციფრული ტექნოლოგიები მართლაც საზიანოდ მოქმედებს მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. როგორ გავიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გავლენა? ეს კიდევ ერთი გადამწყვეტი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
ბოლოსდაბოლოს, ბავშვებზე და მათ ფსიქიკაზე უამრავი რამ მოქმედებს: მშობლები, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ეკოლოგიური ფაქტორები და ასე შემდეგ.
თვენგის 2017 წლის კვლევის მიხედვით, კავშირი სოციალურ მედიასა და დეპრესიის სიმპტომებს შორის .05 იყო. გოგოებში ეს მაჩვენებელი ოდნავ მაღალი, .06 აღინიშნა. შესაბამისად, მხოლოდ ბიჭების მონაცემებისთვის რომ შეგეხედა, შედეგი .01-მდე დადიოდა და უკვე უმნიშვნელო იყო.
კვლევების შედეგად გამოვლენილი ზოგიერთი კორელაცია, შესაძლოა, აშკარა იყოს და მრავალი გამოკითხვით დასტურდებოდეს. მაგრამ არის კი ეს შედეგები მნიშვნელოვანი?
"სტატისტიკურ მნიშვნელობაზე ფიქრის ნაცვლად, ჩვენ, მკვლევარები დაფიქსირებული შედეგების მნიშვნელობის გარკვევაზე უნდა ვკონცენტრირდეთ", - ამბობს ორბენი. ახლახანს მან და ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტში მომუშავე ექსპერიმენტალური ფსიქოლოგიის სპეციალიტმა ენდრიუ პრზიბილსკიმ გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც კორელაციური კვლევის საკითხები გაანალიზეს.
355 258 ცდისპირისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მათ მართლაც აღმოაჩიენს მცირე ზომის, ნეგატიური კორელაცია ციფრული ტექნოლოგიის მოხმარებასა და კეთილდღეობას შორის.
მაგრამ ამის მერე მათ ეს შედეგი ბავშვების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სხვა მოვლენას - სათვალეების გაკეთებას შეუდარეს. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი უფრო ძლიერ ნეგატიურ კორელაციაზე იყო პასუხისმგებელი. მართლაც, ნამდვილად არაა სასიამოვნო, როცა სკოლის ასაკში თანატოლები სათვალის ტარების გამო დაგცინიან. მიუხედავად ამისა, მოზარდებში საკორექციო ლინზების მოხმარების შეზღუდვაზე არავინ საუბრობს.
პრზიბილსკიმ და ორბენმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მკვლევარების სუბიექტურ ხედვას - მაგალითად, იმას, თუ რას განსაზღვრავენ დეპრესიის სიმპტომებად - უდიდესი ზეგავლენა აქვს საბოლოო შედეგებზე.
"მე [მონაცემებზე დაყრდნობით] ყველა შესაძლო გზა გავაანალიზე", - ამბობს ორბენი, - "და აღმოვაჩინე, რომ ათასობით ისეთი ნაშრომის დაწერა შემიძლია, რომელშიც ციფრულ ტექნოლოგიებსა და კარგად ყოფნას შორის ნეგატიურ კორელაციას გამოვკვეთ. ასევე, რამდენიმე ათას ისეთ სტატიასაც დავწერდი, სადაც მიზეზობრიობის უმნიშვნელობა გამოჩნდებოდა - თუმცა ალბათ ასეთ ნაშრომს არც არავინ გამომიქვეყნებდა. მარტო ამ მაგალითიდანაც ჩანს, როგორ ქაოსშია მოცული ეს სფერო".
მეცნიერებმა კვლევის დაწყებამდე უკეთ უნდა განსაზღვრონ, როგორ გაზომავენ მათთვის მნიშვნელოვან შედეგებს. ამაზე უკეთესი იქნება, თუ ისინი წინასწარ დაარეგისტრირებენ თავიანთ საანალიზო გეგმებს, რათა მოგვიანებით პოზიტიური შედეგებისთვის მეტი ყურადღების მიქცევის ცდუნებამ არ წასძლიოთ.
კითხვები უნდა დავიწროვდეს და მეტად სასარგებლო გახდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრისთვის ნაკლებად დამაკმაყოფილებელ პასუხებს მივიღებთ.
კითხვა, თუ კონკრეტულად რამდენი საათი უნდა ჩაითვალოს ეკრანთან გატარებულ ზედმეტად ბევრ დროდ, კომპლექსურ მოვლენას გამარტივებული ფორმით წარმოგვიდგენს.
"ყველას ზუსტი ციფრი აინტერესებს", - ამბობს ბრესლინი. თუმცა ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხის მოძებნა შეუძლებელია.
უკეთესი მონაცემების არსებობის პირობებში მეტად დავიწროებული - და პოტენციურად მეტად სასარგებლო - კითხვების დასმა გახდება შესაძლებელი.
აი, მაგალითად ავიღოთ ეს კითხვა: ეხმარებათ თუ არა სხვებთან ონლაინ თამაშების თამაში ბავშვებს, რომლებსაც სკოლებში სოციალიზაცია უჭირთ? ამ კითხვაზე პასუხი "ყველას ვერ გეტყვით, რამდენი საათით უნდა დართოთ ნება შვილს, ითამაშოს ვიდეო თამაშები", - აღნიშნავს ბრესლინი, - "სამაგიეროდ, სოციალიზიაციის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლები გაიგებენ ერთ სავარაუდო გზას, რომლითაც შვილების დახმარება შეეძლებათ".
მსგავსი კითხვა უამრავია: მზრუნველობა მოკლებული ბავშვები მეტ ზიანს იღებენ მედიის მოხმარებისგან თუ - ნაკლებს? რა გარემოებებში არის აპლიკაციების დახმარებით დამყარებული სოციალური კავშირები სასარგებლო? მედიის მოხმარებაა პრობლემა თუ დროის არაეფექტიანად გადანაწილება? მსგავს კითხვებს ბოლო არ უჩანს და თითოეული მათგანი კომპლექსურ კვლევას საჭიროებს.
"რაღა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი წმინდად ექსპერიმენტალური კვლევის ჩატარება, სადაც ზოგი ბავშვი სოციალური მედიის თანხლებით გაიზრდება, ზოგი კი - მის გარეშე", - ამბობს ორბენი. მაგრამ, ამავდროულად, "მომავალი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების წესი ნამდვილად არ დაუბრუნდება ტექნოლოგიური ბუმის წინარე პერიოდს." ამიტომ, თუ ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს ვნებენ, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დროა, დასმულ კითხვებზე პასუხები ვიპოვოთ, "რადგან, ასე თუ არ ვიზამთ, კვლავ დაუსაბუთებელ მოსაზრებებზე დაყრდნობით მოგვიწევს კამათის გაგრძელება", - გვაფრთხილებს ორბენი.
კომენტარები