18 ბავშვს ფეკალური ტრანსპლანტაციის შედეგად აუტიზმის ნიშნები 45%-ით შეუმცირდა
ორი წლის წინ 18-მა ბავშვმა ექსპერიმენტალური მკურნალობის კურსი გაიარა, რომლის ფარგლებშიც მათ ფეკალური ტრანსპლანტაცია ჩაუტარდათ, შედეგად კი მათ აუტისტური სპექტრისათვის დამახასიათებელი ნიშნები 45 პროცენტით შეუმცირდათ. მათი მდგომარეობა კი დღემდე უმჯობესდება.
Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე ნახსენებია, რომ მკურნალობის შემდეგ მათ კუჭ-ნაწლავის სიმპტომებიც შეუმცირდათ, დაახლოებით 58 პროცენტით.
"ჩვენს ნაწლავებში მცხოვრებ მიკრობებსა და ტვინისაკენ გაგზავნილ სიგნალებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს. მკურნალობიდან ორი წელი გავიდა, ბავშვების მდგომარეობა კი კვლავ უმჯობესდება", - აცხადებს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) პროფესორი როზა კრაჯმალნიკ-ბრაუნი.
შეიძლება ერთი შეხედვით ალოგიკური მოგვეჩვენოს, რომ ნეიროგანვითარების დარღვევა შესაძლოა კუჭ-ნაწლავში არსებულ ბაქტერიებთან იყოს კავშირში, თუმცა ახალი კვლევები მიუთითებს, რომ კუჭ-ნაწლავში არსებულ მიკრობიომს ჩვენს ჯანმრთელობასთან და ქცევასთან იმაზე დიდი კავშირი აქვს, ვიდრე გვგონია.
ამის საფუძველზე, ფეკალური ტრანსპლანტების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება, რადგან ფეკალური ტრანსპლანტაცია კუჭ-ნაწლავის ფლორის გამრავალფეროვნების ეფექტიანი ხერხია.
ფეკალური ტრანსპლანტები სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მათ შორის, მაგალითად, კოგნიტური ფუნქციების შესუსტებისა და ჭარბწონიანობის წინააღმდეგ. იმის დამადასტურებელი ფაქტებიც კი არსებობს, რომ ფეკალური ტრანსპლანტის შედეგად შესაძლოა უკეთესი ველოსიპედისტი გახდეთ.
ამ შემთხვევაში მეცნიერებმა MMT თერაპია გამოიყენეს, აღნიშნული კურსის დროს კუჭ-ნაწლავი ორი კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკების მიღებით იწმინდება, ასევე ტარდება ნაწლავების გამორეცხვა, შემდეგ კი ფეკალური მასალის ტრანსპლანტაცია იწყება.
ტრანსპლანტამდე ბავშვების მიკრობიომი ღარიბი იყო და მას ნაწლავების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო "კარგი" ბაქტერიები აკლდა. მკურნალობის შედეგად კი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"ძალიან უჩვეულოა, რომ მკურნალობის დასრულობის შემდეგ მდგომარეობა კვლავ უმჯობესდება. ჩვენ აღნიშნული ბავშვების მიმართ დამატებითი კვლევის ჩატარება მაშინ გადავწყვიტეთ, როდესაც მშობლებმა მათი ბავშვების მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ შეგვატყობინეს", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ჯეიმს ადამსი.
აღნიშნული კვლევა ძალიან დამაიმედებელია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მწვავე ფორმა აწუხებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სრული "განკურნების" გზა არ არის. ეს თერაპიის ერთ-ერთი ფაზაა, რომელიც კუჭ-ნაწლავთან დაკავშრებული და სხვა სიმპტომების აღმოსაფხვრელად შეიძლება გამოვიყენოთ.
მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კვლევები მცირემასშტაბიანია, ჯერჯერობით ასევე დაუდგენელია ტრანსპლანტაციის "ოპტიმალური დოზა".
"ჩვენ აღნიშნული შედეგები ძალიან გვახარებს, თუმცა გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ მეთოდის სამკურნალოდ გამოყენებისათვის დამატებითი, ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო", - განაცხადა ადამსმა.
კომენტარები