30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან — ფოტორეპორტაჟი
2019 წლის 9 აპრილს 30 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც რუსულმა ჯარმა 21 დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვეულებრივ, თბილისის პარლამენტის შენობის წინ, ტრაგედიის ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ დაღუპულების ოჯახის წევრები და მაშინდელი პროტესტის მონაწილეები. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილების ბუკეტებით მორიგეობით მოდიოდნენ მინისტრები, პარლამენტარები.
ისევე როგორც 30 წლის წინ, დღევანდელ 9 აპრილსაც ისმოდა ამ დღის სიმბოლოდ ქცეული ლელა ვეფხვაძის სიმღერა "სალაღობო".
ნაშუადღევს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა მემორიალთან კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ადგილზე პრეზიდენტსა და იქ შეკრებილებს ნაკურთხი წყალი აპკურა. პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ, ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნისა და მათი სიმრავლის გამო თითქმის სამანქანო გზის გადაკეტვის მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტმა ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.
ფატი ფულაღიანი, რომელიც 9 აპრილის მოვლენების თანამონაწილეა, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილი ახალგაზრდების პროტესტი იყო:
"თურმე, ეს ბავშვები ისე იყვნენ დატენილი ამ პატრიოტული გრძნობებით, რომ 9 აპრილმა მათ გახსნის საშულება მისცა. იფეთქვა ყველაფერმა და საამაყო მსხვერპლი მოიტანა. ეს მოწამოებრივი სიკვდილია... ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ერის ტკივილი, ჩვენი ერის ფარული ცრემლები.... სანთელი რომ დაგვენთო, იმაზე გვაპატიმრებდნენ, მაგრამ ეს მაინც ხდებოდა".
იგი იმაზე წუხს, რომ წელს უკვე მისი თაობის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აღარ დახვდა:
"ახლა ვდგავარ აქ და ველოდები ჩემს თაობას, რომლებთანაც ერთად აქ ვიდექით იმ დღეს, და აღარ არიან... მეტირება, რა ვიცი, იქნებადა გარდაიცვალნენ სუყველანი".
9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. მათ მიერ 21 ადამიანის მოკვლას საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოჰყვა, რაც, საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები