გზაზე დაკრული სამი სტიკერით ტესლას ავტოპილოტის სავალალო შეცდომაში შეყვანა შეიძლება
კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია აცხადებს, რომ მათ ტესლას ავტოპილოტის შეცდომაში შეყვანა და მისი საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაყვანა გზაზე სულ რაღაც სამი სტიკერის დაკვრით შეძლეს.
თავდაპირველად ექსპერტებმა ტესლას ავტოპილოტი გზაზე დახაზულ მარცხენა ზოლზე ბუნდოვანი სტიკერების დაკვრით მოატყუეს, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება ზედმეტად რთულია.
"გზის ზედაპირზე ისეთი სტიკერების დაკვრა, რომელიც თვალისთვის ადვილი შესამჩნევი არ არის, რთულია", - აცხადებს კომპანია.
მკვლევარების თქმით, ტესლა ასეთ სიტუაციებს კარგად უმკლავდება. კომპანიის შექმნილი ავტოპილოტის სისტემაში გზის მრავალი "ანომალური ნახაზია" ინტეგრირებული და ალგორითმი მათ ეფექტურად უმკლავდება.
კომპანიამ გადაწყვიტა ავტოპილოტის მოტყუება სხვა მეთოდითაც ეცადა. მათ გზაზე სამი პატარა თეთრი ოთხკუთხედი დახატეს, რომელიც მარცხნივ გარდამავალი ზოლის მონიშვნას წააგავდა. ამ მეთოდმა გაამართლა, ტესლამ კუბიკები გარდამავალ ზოლად აღიქვა და შეცდომით საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა.
"ავტოპილოტის მოტყუება და ამის საშუალებით მანქანის არასწორ ზოლში გადაყვანა უფრო საშიშია, ვიდრე მანქანის მიერ გზის ზოლების ვერ ამოცნობა, როგორც ეს პირველ მეთოდში მოხდა. თუ ავტოპილოტი მიხვდება, რომ ცრუ მონიშვნებს ის საპირისპირო ზოლში გადაჰყავს, მან ეს მონიშვნები უნდა დააიგნოროს", - აცხადებს კინი.
კვლევის საპასუხოდ, Tesla-მ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხები რეალურ ცხოვრებაში პრობლემას არ წარმოადგენს. მათი თქმით, ტესლას ისტორიის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"კვლევაში მეცნიერებმა ფიზიკური გარემო ხელოვნურად შეცვალეს, რათა მანქანა შეცდომაში შეეყვანათ. ეს რეალურ ცხოვრებაში პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მძღოლს ნებისმიერ წამს შეუძლია და ის მუდამ მზად უნდა იყოს, რომ საჭისა და მუხრუჭების გამოყენებით მანქანის მართვაში ჩაერიოს", - აცხადებს ტესლა.
"ჩვენ ვიცით, რომ ამ ექსპერიმენტის ჩატარებას უამრავი დრო, ძალისხმევა და მონდომება დასჭირდა. ჩვენ ასეთ დაინტერესებას მივესალმებით და მზად ვართ მათ მიერ მომავალში ჩატარებული სხვა კველვებიც სრული სერიოზულობით განვიხილოთ", - განაცხადა ტესლას წარმომადგენელმა.
კომენტარები