კვლევა: დაბსტეპის ფონზე კოღოები ნაკლებად იკბინებიან
მეცნიერები კოღოებთან ბრძოლას ხმოვანი ბგერების საშუალებით უკვე ათწლეულებია ცდილობენ, თუმცა, ახლა მეცნიერები იმ საიდუმლო ინგრედიენტს წააწყდნენ, რომელიც მათ ამ წლების განმავლობაში აკლდათ, ეს Skrillex-ია.
ჟურნალ Acta Tropica-ში 25 მარტს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეამოწმეს რა გავლენას ახდენდა Skrillex-ის Scary Monsters and Nice Sprites კოღოებზე (Aedes aegypti), რომლებსაც მრავალი სხვადასხვა დაავადება გადააქვთ.
როგორც გაირკვა, კოღოები ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულები არ არიან. მეცნიერები კოღოების ორ კონტეინერს აკვირდებოდნენ, კოღოების ერთ ჯგუფს ისინი Skrillex-ის მუსიკას ასმენინებდნენ, მეორე კონტეინერი კი სიჩუმეში იდგა. ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერები კოღოების ქცევას დეტალურად აღწერდნენ. უცნაურია, მაგრამ კვლევაში მეცნიერებმა მხოლოდ ეს ერთადერთი მუსიკა გამოიყენეს. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ კოღოებს, რომლებიც დაბსტეპს უსმენდნენ, კვებითი და გამრავლებითი ქცევა შემცირებული ჰქონდათ.
"ელექტრონული მუსიკის გავლენის ქვეშ მყოფი კოღოები ნაკლებად იკბინებოდნენ და ნაკლებად მრავლდებოდნენ", - ნათქვამია კვლევაში.
მეცნიერები ამ ფენომენის უკან მდგარ მექანიზმებზე არ საუბრობენ, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ხმა მწერების გამრავლებასა და გადარჩენაზე ზოგადად დიდ გავლენას ახდენს
"ჩვენ ეს სიმღერა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ის ხმამაღალია, სპეციფიკურია მისი ტონიც. სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს, თუ რამდენად ხმაურიანი იქნება სიმღერა. ჩვენ სიმღერა დეტალურად არ გაგვიანალიზებია, თუმცა კოღოების კონტეინერთან განთავსებული დინამიკიდან გამომავალი ძლიერი ვიბრაციები, წნევა და ზრდადი ტონები მიანიშნებს, რომ სიმღერა საკმაოდ ხმაურიანია. მუსიკის მოსმენა უამრავ ადამიანს უყვარს, ეს კოღოებთან საბრძოლველად, ქიმიური ნივთიერებებისგან განსხვავებით, შეიძლება კარგი და უსაფრთხო მეთოდი იყოს", - აცხადებენ ავტორები.
ისმის კითხვა, უნდა დავიწყოთ თუ არა კოღოებსა და ტროპიკულ დაავადებებთან საბრძოლველად ტყეებში დაბსტეპის დაკვრა?
ალბათ არა. ამ სპეციფიკური კვლევის გარდა მოსაზრებები, რომ ხმოვანი ბგერები კოღოებს აფრთხობს მეცნიერულად გამყარებული ჯერ არ არის. კომერციულად ხელმისაწვდომია აპარატები, რომლებიც ხმოვანი ბგერებით კოღოების დაფრთხობას გვპირდებიან, თუმცა მეცნიერებს მათ ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ.
უფრო მეტიც, გარკვეული კვლევები მიუთითებს რომ ხმოვანი ტალღები კოღოებს კი არ აფრთხობს, არამედ იზიდავს, რაც შეიძლება საკმაოდ ხელსაყრელი იყოს. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ხმოვანი ხაფანგებიც ააგეს, რომლებიც კოღოებს იზიდავდა და იჭერდა.
კომენტარები