გამორიყული დელფინების ტვინებში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს
ფლორიდისა და მასაჩუსეტსის სანაპიროებზე გამორიყული ათზე მეტი დელფინის ტვინში მეცნიერებმა ამილოიდის გროვები აღმოაჩინეს. ტვინში ამილოიდის გროვების წარმოქმნა ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამახასიათებელი ნიშანია.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა ჩვენთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს, მათ დელფინების ტვინში ამილოიდის გარდა ტოქსინი BMAA-ც დააფიქსირეს, რომლის ძირითადი წყაროც ციანობაქტერიებია.
ნეიროტოქსინი BMAA ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების ყვავილობისას წარმოიქმნება, შემდეგ კი ის საკვებ ჯაჭვში ერთვება. მისი ზემოქმედების ქვეშ ხანგრძლივი დროით ყოფნა ისეთ ნეიროლოგიურ დაავადებებთანაა დაკავშირებული, როგორიც არის, მაგალითად, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადება, ისევე როგორც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი.
ნაპოვნ დელფინებში ამილოიდის გროვებისა და BMAA-ს ერთდროული აღმოჩენა კი ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს.
"დელფინები ოკეანის ერთგვარი დარაჯები არიან. ოკეანეში მომხდარი ცვლილებები მათზე მყისიერად აისახება. ციანობაქტერიული აყვავებები, რომლის დროსაც წყალში ტოქსინები გამოიყოფა, უფრო და უფრო ხშირდება, დელფინების საშუალებით შესაძლოა ამ მოვლენების შესახებ უფრო სწრაფად შევიტყოთ, რითაც ადამიანისათვის მიყენებულ პოტენციურ ზიანს შევამცირებთ", - აცხადებს მაიამის უნივრსიტეტის ნეიროლოგი დებორა მეში.
დელფინების საშუალებით ასევე შეგვიძლია შევისწავლოთ, თუ რა მექანიზმებით იწვევს BMAA ალცჰაიმერის დაავადებას. მეცნიერებმა 2017 წელს აღმოაჩინეს, რომ დელფინი ერთადერთი ველური ცხოველია, რომელშიც ალცჰაიმერის ნიშნები გვხვდება.
"ყველაზე რთული კითხვა კი ის არის, განიცდიდნენ თუ არა დელფინები ალცჰაიმერისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს და არის თუ არა ეს კავშირში მათ ნაპირზე გამორიყვასთან. სანამ ამ საკითხს ნათელი მოეფინება, სასურველია, რომ ციანობაქტერიებთან კონტაქტისგან თავი შევიკავოთ", - აცხადებს კვლევის თანაავტორი პოლ ალან კოქსი.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები