რა უთხრა სტოლტენბერგმა საქართველოს — მთავარი გზავნილები
დღეს, 25 მარტს საქართველოს უკვე მეორედ ეწვია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. იგი ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ს დაესწრო.
"თქვენ ხართ არაწევრი ქვეყანა, თუმცაღა ყველაზე დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენს საქმიანობაში", — განაცხადა მან მთავრობის ადმინისტრაციაში და თავისი შესავალი სიტყვის დიდი ნაწილი სწორედ ვიზიტის მიზანს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე საუბარს დაუთმო.
გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ნატოს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია. გასულ წელს ჩვენ ამას კვლავ გავუსვით ხაზი. კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს [ბუქარესტის სამიტზე] მიიღეს, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, — თქვა სტოლტენბერგმა.
მან მოუწოდა საქართველოს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა "ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი ჰქონდეს და საბოლოო ჯამში, გახდეს ნატოს წევრი".
ნატოში გაწევრება და რუსეთის ფაქტორი
ნატოს გენმდივანმა მოუწოდა რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.
იენს სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავად შეუძლია აირჩიოს, რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდება:
"საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში. ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი, იმდენად, რამდენადაც, ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას".
სტოლტენბერგმა საქართველოს რუსეთთან მეზობლობა ნორვეგიას და მის საზღვრებს შეადარა და გაიხსენა, თუ როგორ გახდა ის 1949 წელს ნატოს წევრი, სტალინის ნების მიუხედავად:
"რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს... ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ [1949 წელს], რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, ეს შეეხებოდა ნორვეგიას, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, 29 ალიანსის წევრი ქვეყნისა და თქვენი გადასაწყვეტია".
"აუცილებელია თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია, სასამართლო სისტემის, ნატოს სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს", — თქვა მან და აღნიშნა წინსვლის შესახებაც, თუმცა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო ნატოსთან თავსებადობისთვის.
გენერალური მდივნის თქმით, ნატოსთან თანამშრომლობა ავღანეთში და ნატოს სწავლებებშიმონაწილეობა, საქართველოს სასიკეთოდ კეთდება:
"დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად გაწევრებისთვის".
შავი ზღვის უსაფრთხოება
სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გააქტიურებაზე და ამ კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტული აქტივობები, საქართველოსთან მიმართებით. მანვე აღნიშნა, რომ ნატოს გენერალურ მდივნად ყოფნის პერიოდში გააქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.
"ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება — სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში", — თქვა მან და დააკონკრეტა, რომ ჯერ მსჯელობის საგანია, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში.
გენერალურმა მდივანმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, საქართველოს საზღვაო ნაწილთან თანამშრომლობა კვლავ გრძელდება:
"ნატო აცხადებს ინტერესს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამაზე საუბარი. ჩვენ ნატოს უფრო მეტი საზღვაო ხომალდები გვაქვს, მათ შორის რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში. ორი ხომალდია შავი ზღვის აკვატორიაში: ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე — ფრანგული. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე. რამდენიმე დღის წინ ნატოს რამდენიმე ხომალდი მონაწილეობას იღებდა "პოსეიდონის" სახელით ცნობილ სწავლებაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება შავი ზღვის აკვატორიაში განაღმვა. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი აქცენტები გაზრდილია შავი ზღვის რეგიონში".
ოკუპირებული ტერიტორიები
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.
"ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ. იოლი არ არის, წინსვლა დიდი არ არის რუსეთთან ამ კუთხით", — თქვა მან ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ. მან იქვე აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც არის საქართველოს რეგიონები.
კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, საქართველო ამ ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებამდე შეუერთდეს ნატოს, გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხზე ახლა დეტალურად ვერ ისაუბრებდა.
კომენტარები