რას ნიშნავს იყო მასწავლებელი და რატომ აირჩია ეს გზა ლადო აფხაზავამ
შიში და ცვლილებების საჭიროება — ეს ორი ძირითადი მიზეზია, რომლის გამოც ლადო აფხაზავამ მასწავლებლობა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან გლობალური ჯილდოს ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრა.
"მასწავლებელი იმიტომ გავხდი, რომ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში იყო ძალიან ბევრი შიში. ანუ შიშში ვიზრდებოდით. მე მეშინოდა კლასის ხელმძღვანელის, მეშინოდა დირექტორის, მეშინოდა მშობლის.
მე თმები პირდაპირ საკლასო ოთახში შემჭრეს. იმიტომ, რომ ცეკვის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ გაიზარდე, ხოლო სკოლის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ შეიჭარი. აქედან გამომდინარე არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება", — იხსენებს აფხაზავა.
ის განმარტავს, რომ მასწავლებლობა ბევრი კარის წინაშე დგომა და უამრავი გასაღებიდან იმ ერთის შერჩევაა, რომელიც სწორად მოერგება.
"ბევრი უნდა ვიწვალოთ, ბევრი უნდა გავაღოთ, მაგრამ როცა კარი გაიღება ისინი ლადო მასწავლებელსაც სჯობიან".
აფხაზავას მიაჩნია, რომ ბავშვებს სკოლაში ბედნიერება სჭირდებათ. ბედნიერებისთვის კი ცვლილებებია საჭირო, რომელსაც ის განსხვავებული საკლასო გარემოთი და გაკვეთილებით სთავაზობს.
"ჩვენი მოსწავლეები მუდმივად ოჯახურ პრობლემებს განიცდიან, აქვთ ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევები. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია სკოლაში ის იყოს ბედნიერი და ხალისიანი".
აფხაზავა განმარტავს, რომ თუ მოსწავლეები ბედნიერები არ იქნებიან, ოჯახურ პრობლემებზე დამოკიდებული გახდებიან და ვეღარ განვითარდებიან.
"უკვე დრო დადგა, რომ ჩვენი მოსწავლეები ვაღიაროთ, ვიმეგობროთ და ვაღიაროთ მათი გამოწვევები. თუ რა ელოდებათ მათ მომავალში", — ამბობს ის.
ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე დღეს, 24 მარტს 18 საათზე გამოვლინდება.
აფხაზავას საქართველოში მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. კონკურსზე კი ის გლობალური ჯილდოსა და ვარკის ფონდის ელჩი გახდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები