მომავალ წელს NASA მარსზე ვერტმფრენს გაუშვებს
2020 წელს როზალინდ ფრანკლინის სახელობის როვერი მარსზე გაემართება, მასთან ერთად იმგზავრებს მარსის პატარა ვერტმფრენიც, რომელზეც მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ.
ვერტმფრენის მთავარი მიზანი მარსზე საფრენად საჭირო ტექნოლოგიის გამოცდაა, მისიის განმავლობაში ვერტმფრენი მარსის ატმოსფეროში ხუთ ფრენას განახორციელებს. ვერტმფრენის წარმატება დიდი მიღწევა იქნება, რადგან მისი საშუალებით კაცობრიობა სხვა პლანეტების შესწავლის ახალ მეთოდს შეიძენს.
"ასეთი ვერტმფრენები მეცნიერებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მომავალში შესაძლოა მარსის ზედაპირი რამდენიმე მფრინავმა აპარატმა ერთდროულად შეისწავლოს. ვერტმფრენები შესაძლოა მარსზე გაგზავნილმა ადამიანებმა მათ გარშემო არსებული გარემოს შესასწავლადაც გამოიყენონ. მათ ბიოლოგიურად სენსიტიური რეგიონების უსაფრთხოდ გამოკვლევაც შეეძლებათ", - აცხადებს მარსის ვერტმფრენის სისტემების ხელმძღვანელი ჰოვად გრიპი.
მარსის ვერტმფრენის წონა სულ რაღაც 1,8 კილოგრამია. მასზე მიმაგრებულია მზის ელემენტები, ფრენისათვის საჭირო სენსორები და საკომუნიკაციო სისტემა. ასევე გამათბობლები, რომლის საშუალებითაც ვერტმფრენი ღამის განმავლობაში უსაფრთხო ტემპერატურას შეინარჩუნებს.
ვერტმფრენი ფრენას როვერის მარსზე დაშვებიდან დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ დაიწყებს, ჯამში ხუთი ფრენაა დაგეგმილი და თითოეული მათგანი დაახლოებით 90 წამი გაგრძელდება. ვერტმფრენი როვერის გარშემო 1000 მეტრის რადიუსში იფრენს.
მარსის ატმოსფერო დედამიწისაზე დაახლოებით 100-ჯერ უფრო ნაკლებად მკვრივია, რაც ფრენას ართულებს. მარსის ვერტმფრენის ფრთის სიგრძე 1,2 მეტრია. მისი ძრავის ბრუნვის სიჩარე კი წუთში 2 400 ბრუნს მიაღწევს, რაც სტანდარტული ვერტმფრენების ბრუნვის სიჩქარეზე 10-ჯერ უფრო სწრაფია.
გრიპი აცხადებს, რომ ვერტმფრენი უკვე აგებული და მეტნაკლებად გამოცდილია. საბოლოო გამოცდა კი მას, რა თქმა უნდა, მარსზე ელოდება.
კომენტარები