ზედმეტად ცხელი ჩაის სმა საყლაპავის კიბოს რისკს ზრდის — აი, უსაფრთხო ტემპერატურა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს, რომ საყლაპავის კიბოს რისკის შესამცირებლად ცხელ ჩაის ოდნავ გაგრილების საშუალება მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავლიოთ ის. თუმცა, რამდენ გრადუსს ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ ცხელს?
ახალი ამბავი არ არის, რომ ტემპერატურას ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს, ერთი ადამიანისთვის ცხელი, მეორესთვის შესაძლოა გრილი იყოს. ახლა კი მეცნიერებმა დაადგინეს კონკრეტული ტემპერატურები, რომლით ხელმძღვანელობაც ყველას შეუძლია.
კვლევაში ჩართული მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა დაადგინა, რომ როდესაც სითხის ტემპერატურა 60 ცელსიუსს სცდება, ზიანის რისკი იმატებს.
ბუნებრივია, რამდენჯერაც ცხელი სასმელების დალევას დააპირებთ, თერმომეტრი მუდამ თან არ გექნებათ, ამიტომ ვეცდებით, გრადუსები სიტყვებითაც ავხსნათ. უმეტესობა ჩვენგანი ისეთ საგნებზე შეხებისას, რომელთა ტემპერატურაც 50 ცელსიუსს უახლოვდება, დისკომფორტს გრძნობს.
"ადამიანების უმეტესობა ჩაის, ყავასა და სხვა ცხელ სასმელებს ხშირად სიამოვნებით მიირთმევს. თუმცა, ჩვენი კვლევის მიხედვით, ძალიან ცხელი სასმელების მიღებას საყლაპავის კიბოს გაჩენის რისკის მომატება შეუძლია, შესაბამისად უმჯობესია, რომ ცხელ სასმელებს გაგრილების საშუალება მივცეთ", - აცხადებს ამერიკის კიბოს საზოგადოების წარმომადგენელი ფარჰად იზლამი.
არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენს მიერ მიღებული სასმელების ტემპერატურა კიბოს განვითარების შანსებზე გავლენას ახდენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რა მექანიზმებით ხდება ეს, თუმცა დიდი ალბათობით, ამის გამომწვევი მიზეზი საყლაპავში არსებული უჯრედების ცხელი სითხით დაზიანებაა.
კვლევების უმეტესობა უბრალო გამოკითხვებზეა დაფუძნებული, რომლის დროსაც მონაწილეები სიტყვიერად აცხადებენ, თუ როგორ მიირთმევენ ისინი ჩაის. ეს შესაძლოა ინფორმაციის შეგროვების სწრაფი გზა იყოს, თუმცა ის საკმარისად ზუსტი არ არის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 65 ცელსიუსი ის ნიშნულია, რომელზე უფრო ცხელი სითხეებიც არ უნდა მივიღოთ.
ამჟამინდელ კვლევაში მეცნიერებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, გოლესტანის პროვინციაში ჩატარებული გამოძიებაც ჩართეს. გოლესტანი განთქმულია ჩაის კულტურით, ისევე როგორც საყლაპავის კიბოს მომატებული სიხშირით. ამას ისიც ემატება, რომ რეგიონშია ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება დაბალია.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც 60 ცელსიუსზე უფრო ცხელ, 700 მილილიტრამდე რაოდენობის ჩაის სვამდნენ საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი გაორმაგებული ჰქონდათ.
კიბოს ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეთა შორის მერვე ადგილზეა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ირანსა და ჩინეთში ის განსაკუთრებით გავრცელებულია.
სანამ ჩაის სმაზე უარს იტყოდეთ, გახსოვდეთ, რომ ჩაი, განსაკუთრებით კი მწვანე ჩაი, შესაძლოა კიბოს განვითარების რიკსებს ამცირებდეს, თუ, რა თქმა უნდა, მას უსაფრთხო ტემპერატურაზე დალევთ.
კვლევა International Journal of Cancer-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები