MIT Technology Review -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა ახალი კვანტური ექსპერიმენტით წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომ ობიექტური რეალობა შესაძლოა არ არსებობდეს, ანუ შესაძლებელია, ორი ადამიანი ერთ რამეს დააკვირდეს, მაგრამ თითოეულისთვის დაკვირვების არეალში სხვადასხვა მოვლენა მოხდეს, თანაც ისე, რომ ორივე მათგანი მართალი იყოს.

სამშაბათს გავრცელდა ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის ფიზიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლებმაც კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი კლასიკური თეორიული ექსპერიმენტის განხორციელება პრაქტიკაში შეძლეს და მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ორი სხვადასხვა ადამიანისათვის შესაძლოა ორი სხვადასხვა რეალობა არსებობდეს.

თეორიულ ექსპერიმენტში ორი ადამიანი ერთ ფოტონს აკვირდება, ფოტონი სინათლის ყველაზე პატარა ერთეულია, რომელიც ხან ტალღის თვისებებს ავლენს, ხან ნაწილაკის. შესაბამისად, ფოტონი შესაძლოა ორ სხვადასხვა მდგომარეობაში არსებობს, თუმცა, მანამ სანამ ვინმე გაზომავს, თუ რომელ მდგომარეობაში იმყოფება ფოტონი, მას სუპერპოზიცია ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ გაზომვამდე ფოტონი ერთდროულად ორივე მდგომარეობაში იმყოფება.

თეორიულ ექსპერიმენტში ორი მეცნიერი მონაწილეობს, ერთ-ერთი მათგანი ფოტონს აანალიზებს და მის მდგომარეობას ზომავს. მეორე მეცნიერმა კი პირველი მეცნიერის მიერ ჩატარებული გაზომვის შესახებ არ იცის და ის ადასტურებს, რომ ფოტონი სუპერპოზიციის მდგომარეობაშია. ამის შედეგად, თითოეული მეცნიერის რეალობა განსხვავდება, საინტერესო ისაა, რომ ორივე მათგანის დაკვირვება სიმართლეს შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალობები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

აღნიშნული თეორიული ექსპერიმენტის პრაქტიკაში განხორციელებას კი ლაზერები, სხივების გამყოფები, ფოტონები და სპეციალური სენსორები დასჭირდა, რომლებიც ექსპერიმენტში მეცნიერებს ანაცვლებდნენ. MIT Tech-ის მიხედვით, ექსპერიმენტის ჩატარების მცდელობა ამ დრომდეც ყოფილა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ნამდვილად ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აღმოჩენა სამეცნიერო ჟურნალში ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში კვანტური ფიზიკის ბუნდოვან და გასაოცარ სამყაროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური იდეის მტკიცებულებების წარმოდგენა შეძლეს.