ნეირომეცნიერებს შეუძლიათ 11 წამით ადრე იწინასწარმეტყველონ, თუ რას გადავწყვეტთ
ერთი კვირის წინ ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ნეირომეცნიერებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მათ ადამიანების გადაწყვეტილებების წინასწარმეტყველება შეუძლიათ.
ექსპერიმენტის ფარგლებში ცდისპირებს ორი განსხვავებული სურათი ანახეს, რომელთაგანაც მათ ერთი უნდა აერჩიათ, საინტერესო კი ისაა, რომ ამ პროცესში ექსპერიმენტში ჩართული ადამიანების ტვინებზე დაკვირვებით მეცნიერები წარმატებით იცნობდნენ, თუ რომელ სურათს აირჩევდნენ ისინი.
კვლევაში 14 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ექსპერიმენტის მსვლელობისას ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული (fMRI) ტომოგრაფიის ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ორ სხვადასხვა სურათს ანახებდნენ, რომლიდანაც ერთზე წითელი ჰორიზონტალური ზოლები იყო გავლებული, მეორეზე კი მწვანე და ვერტიკალური. მათ ამ ორი ფოტოდან რომელიმეს ასარჩევად 20 წამი ჰქონდათ, რის შემდეგაც საკუთარი გადაწყვეტილება ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა დაეფიქსირებინათ.
ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ჩატარებული სკანირებისას მეცნიერები ტვინის ოთხი სხვადასხვა უბნის აქტივობას აკვირდებოდნენ, რომელზე დაყრდნობითაც მეცნიერები 11 წამით ადრე ადგენდნენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ადამიანი.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანამ ადამიანი არჩევანის გასაკეთებლად გააზრებულ ფიქრს დაიწყებს, მის ტვინში გარკვეული არაცნობიერი პროცესები უკვე მიმდინარეობს. ხოლო არჩევანის გაკეთებისას გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, თუ რომელი ქვეცნობიერი სიგნალია უფრო ძლიერი", - აცხადებს სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირომეცნიერებათა პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი ჯოლ პეარსონი.
Quartz-ზე დაყრდნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეცნიერებმა სხვა ადამიანების გადაწყვეტილებების წინასწარმეტყველება შეძლეს. წინამორბედ კვლევებში დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც ნეირომეცნიერებმა ცდისპირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინასწარმეტყველება მათ მიერ არჩევანის დაფიქსირებამდე ოთხი, ზოგჯერ კი ათი წამით ადრეც შეძლეს.
მომავალში მსგავსმა კვლევებმა შესაძლოა ახალი, მაგალითად, ტელეპათიასთან მიმსგავსებული საკომუნიკაციო საშუალებების, ან მაყურებელზე მორგებული ფილმების შექმნის შესაძლებლობა მოგვცეს, რომლის სიუჟეტიც მაყურებლის ტვინის აქტივობის მიხედვით იცვლება.
კომენტარები