SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდმა ISS დატოვა — მისიის კრიტიკული ფაზა დაიწყო
თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდება, რამდენიმე საათში Crew Dragon ატლანტიკის თავზე ცეცლისფრად აინთება, შემდეგ კი პარაშუტებით ოკეანეში დაეშვება.
SpaceX-ის ახალ ხომალდს კოსმოსური ფრენებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე დღის წინ ის გახდა კერძო კომპანიის მიერ გაშვებული პირველი ხომალდი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ავტომატურ რეჟიმში შეუერთდა, რამდენიმე თვეში კი, იმედს ვიტოვებთ, რომ ის სადგურზე ასტრონავტების აყვანასაც შეძლებს.
წინასწარი გათვლებით, ხომალდი ატლანტიკის ოკეანეში თბილისის დროით 17 საათსა და 45 წუთზე დაეშვება.
აღნიშნული მისიის ფარგლებში Crew Dragon-ის ეკიპაჟის ერთადერთი წევრი სენსორული მანეკენი და სათამაშო დედამიწაა. თუ აღნიშნული დაშვება წარმატებული იქნება, ნასა Crew Dragon-ით პილოტირებულ ფრენებს მალე დაიწყებს.
პირველი ასეთი ფრენა შესაძლოა ივლისში განხორციელდეს, თუმცა ამ თარიღმა შეიძლება გადაიწიოს.
ილონ მასკის თქმით, სრულ წარმატებაზე საუბარი ჯერ ადრეა. მისი თქმით, ხომალდის ატმოსფეროში შემოსვლა ადვილი პროცედურა არ არის.
საქმე ისაა, რომ ხომალდის სითბურ ფარს სპეციფიკური, გარკვეულწილად ასიმეტრიული ფორმა აქვს, რამაც შესაძლოა მაღალი სიჩქარით ფრენისას ხომალდის სტაბილურობის რღვევა გამოიწვიოს.
"ამის მოხდენის შანსი მცირეა, ჩვენ ამ საკითხზე მრავალი სიმულაცია ჩავატარეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, თეორიული შანსი მაინც არსებობს. ხომალდს ახლებური პარაშუტები აქვს, გაიშლება თუ არა ისინი სათანადოდ? ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე მაინც ატმოსფეროში ზებგერითი სიჩქარით შემოსვლაა", - განაცხადა მასკმა.
მას შემდეგ, რაც 2001 წელს ნასას კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა, აშშ-მ პილოტირებული მისიების განხორციელების უნარი დაკარგა, რის გამოც ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტების ასაყვანად რუსულ ხომალდ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული. NASA იმედოვნებს, რომ კერძო კომპანიების მიერ შექმნილი ხომალდებით აშშ-დან ორბიტაზე ადამიანების გაგზავნა განახლდება.
SpaceX-ის გარდა, ნასამ კომპანია Boeing-იც დააფინანსა, რომელიც ხომალდ Starliner-ზე მუშაობს. Starliner პირველი საცდელ უეკიპაჟო ფრენას სავარაუდოდ აპრილში განახორციელებს. საბოლოო ჯამში კი ნასა Boeing-სა და SpaceX-ს თითოეული ასტრონავტის ორბიტაზე გაყვანისათის თანხას გადაუხდის.
ამ ორ კომპანიას ასევე ექნება საშუალება, რომ ბორტზე არსებული ადგილები სხვა მომხმარებლებსაც მიჰყიდოს, მაგალითად, სხვა ქვეყნის ასტრონავტებს, ან კერძო კომპანიებს.
ნასას უკვე შერჩეული ჰყავს ორი ასტრონავტი, რომლებიც Crew Dragon-ით პირველად იფრენენ. ბობ ბენკენსა და დაგ ჰარლის SpaceX-ს გუნდი უკვე დიდი ხანია წრთვნის, რის ფარგლებშიც ასტრონავტები Crew Dragon-ის ყველა კომპონენტს დეტალურად სწავლობენ.
წრთვნებისას ისინი ასევე სწავლობენ, როგორ უნდა მოიქცნენ საავარიო სიტუაციის შექმნისას. ერთ-ერთი პრობლემა, რაც Dragon-ს ფრენისას შეიძლება შეექმნას, მისი ამაჩქარებელი რაკეტის გაუმართობაა. ერთი კვირის წინ ხომალდი იდეალურად გაეშვა, თუმცა რაკეტის გაუმართაობის თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს.
ამ შემთხვევისათვის თავად Crew Dragon-ის კაფსულას სპეციალური სარაკეტო ძრავები უყენია, რომლის გააქტიურების შედეგადაც კაფსულა ავარიულ ამაჩქარებელს სწრაფად მოშორდება და პარაშუტებით დედამიწაზე დაეშვება.
SpaceX-ისთვის შემდეგი ეტაპი ავარიული ფრენის შეწყვეტის სისტემასის გამოცდაა. Crew Dragon-ის დაშვების შემდეგ კომპანია მას მალევე ახალ რაკეტაზე განათავსებს, რომლის გაშვებიდან ერთი წუთის შემდეგ საავარიო სისტემა ამოქმედდება. ერთი წუთი შემთხვევით შერჩეული დრო არ არის, ამ დროს რაკეტა და კაფსულა მაქსიმალური აეროდინამიკული წნეხის ქვეშ იმყოფება, თუ ასეთ მომენტში ავარიული განცალკევება წარმატებით განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ ამ პროცედურის გამეორებას კაფსულა ფრენის ნებისმიერ სხვა მომენტშიც შეძლებს. აღნიშნული ფრენისას, რა თქმა უნდა, ხომალდის ბორტზე არავინ იქნება.
დაშვების პირდაპირ ეთერში ყურება NASA-ს ოფიციალურ არხზე პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ, Crew Dragon ატმოსფეროში შემოსვლას თბილისის დროით ოთხ საათსა და 53 წუთზე დაიწყებს, ოკეანეში დაშვება კი თბილისის დროით ხუთ საათსა და 45 წუთზეა დაგეგმილი.
კომენტარები