მარკ ცუკერბერგი ახალ, კონფიდენციალურ და დაშიფრულ Facebook-ს გვპირდება
მარკ ცუკერბერგმა მარტს ფეისბუქის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია მის მფლობელობაში არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს უფრო კონფიდენციალურსა და დაშიფრულს გახდის.
3 200-სიტყვიან წერილში ცუკერბერგი აცხადებს, რომ დაშიფრული კომუნიკაცია ფეისბუქის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახდება, მისი თქმით კომპანია მზადაა, რომ ქვეყნებში, რომლებიც ფეისბუქს მსგავსი სახით ოპერირების საშალებას არ მისცემს, ფუნქციონირება შეწყვიტოს.
"ვფიქრობ, რომ მომავლის ინტერნეტში კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული პლატფორმები იმაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ისინი დღეს არიან. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად ის პლატფორმები იზრდება, რომლებიც მომხმარებლებს უსაფრთხო კომუნიკაციის საშუალებას აძლევენ", - აცხადებს ცუკერბერგი.
საჯარო სოციალურ ქსელებს საკუთარი ადგილი აქვთ, თუმცა ცუკერბერგი ფიქრობს, რომ "მარტივ პლატფორმებს, რომელთათვისაც პირველი პრიორიტეტი კონფიდენციალურობაა" დიდი მომავალი აქვთ. ეს გზა ფეისბუქის ამჟამინდელი პოლიტიკისგან ძირეულად განსხვავდება, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციის შეგროვებითა და გაყიდვით მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად იქცა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ფეისბუქი მომხმარებელთა ინფორმაციის წინდაუხედავი გამოყენების გამო უამრავ სკანდალში გაეხვა, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული კი კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი იყო, რომლის შედეგადაც კომპანიიდან მომხმარებლების პერსონალური მონაცემების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გაჟონა.
"ვფიქრობ, რომ მომავალში კომუნიკაციები დაშიფრული გახდება, ადამიანები გამოიყენებენ სერვისებს, რომლებიც მათ ინფორმაციასა და საუბარს უსაფრთხოდ, მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში შეინახავენ. ჩვენ გვსურს, რომ ასეთი მომავლის შექმნაში მონაწილეობა მივიღოთ", - აცხადებს ცუკერბერგი.
ცუკერბერგის თქმით, ამის მისაღწევად მესენჯერი WhatsApp-ს უფრო და უფრო დაემსგავსება. End-to-end შიფრაცია კი ფეისბუქის მფლობელობაში არსებული საკომუნიკაციო აპლიკაციების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახდება, ამას კი ხელს ისიც შეუწყობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა WhatsApp-ის, მესენჯერისა და ინსტაგრამის პროგრამული გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
აპლიკაციების გაერთიანების ამბავმა საზოგადოებაში კრიტიკაც გამოიწვია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა ფეისბუქს მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის შეგროვების ახალი გზები გასჩენოდა. თავის დროზე ფეისბუქი ევროპელ მარეგულირებლებს დაპირდა, რომ ის WhatsApp-ის მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას კომპანიის სხვა სერვისებისათვის არ გამოიყენებდა.
ცუკერბერგი ახალ განცხადებაში ცდილობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კონფიდენციალური, დაშიფრული მომავლის დაპირებით დაატკბოს და კომპანიის რეპუტაცია აღადგინოს.
ფეისბუქის დაშიფრული მომავალი შესაძლოა ერთგვარი ბიზნეს შესაძლებლობაც იყოს. საკუთარ პოსტში ცუკერბერგი ამბობს, რომ კონფიდენციალური და დაშიფრული საკომუნიკაციო საშუალებები კომპანიას კომერციისა და გადახდების სფეროში ბიზნესის კეთების ახალ გზებსაც გაუჩენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცუკერბერგი კომპანიის საკომუნიკაციო საშუალებების გაერთიანებასაც გეგმავს. თავდაპირველად, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ კომპანიის ერთი სერვისიდან მეორეზე შეტყობინებები გაგზავნოთ, თუმცა საბოლოო ჯამში ფეისბუქს სურს, რომ ინსტაგრამი, WhatsApp და მესენჯერი თავსებადი მობილურ ტექსტურ შეტყობინებებთანაც გახადოს.
ცუკერბერგი ამბობს, რომ ამ მიზნების მისაღწევად ფეისბუქი მნიშვნელოვან და სენსიტიურ ინფორმაციას ისეთ ქვეყნებში არ შეინახავს, რომლებსაც პერსონალური ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით ცუდი რეპუტაცია აქვთ.
ქვეყნების ნაწილი, მაგალითად, რუსეთი და ვიეტნამი ციფრული პლატფორმებისგან ხშირად ითხოვს, რომ მომხმარებელთა ინფორმაციის შენახვა ადგილობრივად მოხდეს, რაც საბოლოოდ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს ამ ინფორმაციაზე წვდომას უადვილებს. აღნიშნული გადაწყვეტილებების გამო ასევე სავარაუდოა, რომ ფეისბუქი ჩინეთში ოპერირებას ვეღარ შეძლებს.
"ამ პრინციპების დაცვა ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისები ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა მიუწვდომელი გახდეს. ჩვენ ამ კომპრომისზე წასასვლელად მზად ვართ. ჩვენ აზრით არსებობს ქვეყნები, რომლებშიც მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაციის შენახვა კარგი იდეა არ არის", - აცხადებს ის.
პოსტში არ არის დასახელებული ვადა, რომელშიც კომპანია ამ მიზნების შესრულებას გეგმავს, ცუკერბერგის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. მან აღნიშნა, რომ ამ ცვლილებების განსახორციელებლად კომპანიას მრავალ კომპრომისზე მოუწევს წასვლა, მისი აზრით, ეს ცვლილებები სამართალდამცავ ორგანოებში უკმაყოფილებას გამოიწვევს.
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლოთ და საჭიროების შემთხვევაში მათ დავეხმაროთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა უკეთ შევძლოთ საფრთხის შემცველი პირებისა და ინფორმაციის ამოცნობა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ უშუალოდ შეტყობინებების შინაარსზე წვდომა არ გვაქვს. ასეთი ცვლილებები დიდ კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს, მიდგომების შეცვლის შემდეგ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ამოვიცნოთ და შევაჩეროთ პოტენციური საფრთხეები, რომელთა ამოცნობაც დღეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს მომხმარებელთა შეტყობინებებზე წვდომა აქვთ", - წერს ცუკერბერგი.
ფეისბუქი ასევე ეცდება, რომ შეტყობინებების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლე გახადოს. კომპანია შეიმუშავებს გეგმას, რომლის შედეგადაც სტანდარტულ შემთხვევაში შეტყობინებები ერთი თვის, ან, მაგალითად, ერთი წლის შემდეგ ავტომატურად წაიშლება, ხოლო თუ მომხმარებლებს ეს არ სურთ, მათ ამ ფუნქციის გამოყენებაზე უარის თქმა შეეძლებათ.
რა თქმა უნდა, მსგავსი დაპირებების გაკეთება ერთია, მათი შესრულება კი მეორე. ჩვენ ვიცით მრავალი შემთხვევა, როდესაც ფეისბუქი მომხმარებლებს საკუთარ პერსონალურ ინფორმაციაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობას პირდებოდა, მაგალითად, ღილაკი, რომლითაც მომხმარებლის ინფორმაციის ნაწილი იშლებოდა, რაც რეკლამის განმცხადებელთათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობას ამცირებდა, ან ფეისბუქზე ანონიმური შესვლის ფუნქცია, რომლის დროსაც კომპანია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას არ აგროვებდა.
ტექ-კომპანიებს შორის ფეისბუქს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაცია აქვს, ბლოგზე დაწერილი 3 200-სიტყვიანი პოსტი კი კომპანიის სახელის აღსადგენად საკმარისი არ არის.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული განცხადება, რომელშიც კომპანიამ პირობა დადო და განაცხადა, რომ ის საკუთარი პრინციპების დაცვისათვის მზად არის ზოგიერთ ქვეყანაში ფუნქციონირებაზეც კი უარი თქვას, მისასალმებელია.
კომენტარები