კაცებში ნაყოფიერება სწრაფად იკლებს — მეცნიერებმა შესაძლო მიზეზები აღმოაჩინეს
საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ და სახლები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შესაძლოა შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც სპერმის ხარისხის გაუარესებას იწვევს. საინტერესო ისაა, რომ ეს ეფექტი არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ძაღლებზეც ვრცელდება.
ბოლო რამდენიმე წელია მეცნიერები და ექსპერტები აცხადებენ, რომ კაცების ნაყოფიერება სწრაფ კლებას განიცდის.
ახლახან ჩატარებული კვლევის უკან მდგომი გუნდის თქმით, ზოგიერთი კვლევები მიუთითებს, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით სპერმის ხარისხი 50 პროცენტით გაუარესდა, ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ არავინ იცის, თუ რატომ ხდება ეს.
შემდეგ კი კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ძაღლებს დაკვირვებოდნენ. 2016 წელს ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სპერმის ხარისხი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ძაღებშიცმ ნიშვნელოვნად შემცირდა.
ადამიანებზე ჩატარებული კვლევებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მეცნიერებმა სპერმის ხარისხის გაუარესება ძაღლების საცხოვრებელ გარემოსა და მათ საკვებში არსებულ მავნე ნივთიერებებს დაუკავშირეს.
ამ შედეგებმა მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სპერმის გაუარესებას ის გარემო იწვევს, რომელშიც ადამიანები და ძაღლები ერთად ცხოვრობენ?
მათ მიერ ახლახან ჩატარებული კვლევა კი მიუთითებს, რომ შესაძლოა ეს მართლაც ასე იყოს. უფრო კონკრეტულად კი გუნდმა აღმოაჩინა ადამიანის მიერ შექმნილი ორი ქიმიური ნაერთი, რომელიც სახლებსა და საკვებში ხშრად გვხვდება და რომელიც ძაღლებისა და ადამიანების სპერმაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
"ახალი კვლევა მხარს უჭერს ჩვენს მოსაზრებას, რომ ძაღლების ნაყოფიერება ერთგვარი სარკეა, რომლის შესწავლითაც კაცების ნაყოფიერებაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება", - აცხადებს ნოტინგემის უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგი რიჩარდ ლი.
მეცნიერებმა ერთი კონკრეტული რეგიონიდან 11 კაცისა და 9 ძაღლის სპერმის ნიმუში შეაგროვეს, შემდეგ კი ნიმუშებზე ორი ქიმიური ნაერთის გავლენა შეისწავლეს.
ერთ-ერთი ნივთიერება ფართოდ გავრცელებული დამარბილებელი, DEHP-ია, რომელიც ხშირად გვხვდება ხალიჩებში, ტანსაცმელსა და სათამაშოებში, ისევე როგორც საკვებში.
მეორე კი ორგანული ნივთიერება PB153-ია, რომელიც 1960 და 1970-იან წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანული დამაბინძურებელი იყო.
სპერმის ნიმუშებისა და ამ ორი ნივთიერების იმ კონცენტრაციით გამოყენებისას, რა კონცენტრაციითაც ის ჩვენს საცხოვრებელ გარემოში გვხვდება, მეცნიერებმა ძაღლებისა და ადამიანებისთვის ორი იდენტური ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტების შედეგად კი ყველა ნიმუშში ორივე ქიმიურმა ნაერთმა სპერმატოზოიდების მოძრაობა შეზღუდა და დნმ უფრო დანაწევრებული გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მცირერიცხოვანი იყო, მის ფარგლებში მიღებული შედეგები თანხვედრაშია 2016 წელს ძაღლებზე ჩატარებულ კვლევასთან, ისევე როგორც უფრო ძველ კვლევებთან, რომელშიც ადამიანის ნაყოფიერებაზე აღნიშნული ქიმიური ნაერთების უარყოფითი გავლენაა დაფიქსირებული.
"ცნობილია, რომ სპერმის მოძრაობის შემცირება და მასში დნმ-ის ფრაგმენტაცია ნაყოფიერების შემცირებასთან არის კავშირში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ძაღლებში დაფიქსირებული მსგავსი ტრენდი იმით არის გამოწვეული, რომ ისინი იმავე გარემოში ცხოვრობენ, რომელშიც ჩვენ, შესაბამისად მათ იგივე დამაბინძურებელ ნივთიერებებთან უწევთ შეხება, რომლებთანაც ჩვენ", - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი რებეკა სამნერი.
კვლევა მიუთითებს, რომ ძაღლების შესწავლა შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, თუ როგორ იწვევს დაბინძურება კაცებში ნაყოფიერების კლებას.
კომენტარები