ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირად ჩატში გაგზავნისთვის დაკავებულების მიმართ სასამართლო არ უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ უნდა იყოს სამართლიანი. ის არ პასუხობს კითხვას, სამართლიანია თუ არა დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალი ან შესაძლო სასჯელი და აცხადებს, რომ კანონის შემსუბუქება სახიფათო იქნება.

"მეც შემძრა ანას ისტორიამ როგორც დედა და როგორც ქალი, ამიტომ ძალიან ვწუხვარ. არ მინდა არავის ტრაგედია და ტკივილი დამატებით ვატარო. რაც ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე არ ვარ მსაჯული, მე ვარ ამ საქმეში დაზარალებული და თუ ჩემს პოზიციას რაიმე გავლენა ექნება, ის პოზიცია მექნება ბოლომდე, რომ არ იყოს მკაცრი და იყოს სამართლიანი, როგორიც უნდა ჰქონდეს მართმსაჯულებას", — განაცხადა ბესელიამ გადაცემა არჩევანში.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა არ არის ის, რომ გაუცნობიერებელი ქცევის გამო ადამიანებს ცხოვრება დაენგრეთ. თუმცა, მისივე თქმით, იმისთვის, რომ მომავალში სხვა ადამიანები დაიცვან მსგავსი ფაქტებისგან საჭიროა რეაგირება.

"იფიქრეთ მსხვერპლზე. ნუ გამოზამვთ ამას მარტო ჩემი გამძლეობით. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი მორალური ტერორის მსხვერპლი. უნდა იყოს პრევენცია და გაფრთხილება", — განაცხადა მან.

ბესელია განმარტავს, რომ კანონით პირადი ცხოვრების კადრების ნახვა, სხვისთვის გაგზავნა ან შენახვა დანაშაულია. მაგრამ, დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს მოტივსაც და არ არის სავალდებულო მისი კადრების პირად ჩატში გაგაზავნისთვის დაკავებულები ციხეში აღმოჩნდნენ.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ არჩევანის სტუდიაში ბესელიას კადრების გავრცელებაში ბრალდებული ორი პირი შემოვიდა. "მე გისურვებთ თქვენ თავისუფლებას" — მიმართა მათ დეპუტატმა.

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რომელიც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამდენიმე დაკავებული აცხადებს, რომ მათ ვიდეო პირად ჩატში მეგობრებს გაუგზავნეს და საჯაროდ არ გაუვრცელებიათ. მათი თქმით, არ ჰქონდათ მიზნად ვინმეს დისკრედიტაცია და ამ შეცდომის გამო სასჯელად პატიმრობა უსამართლობაა.

ერთ-ერთმა დაკავებულმა 19 წლის ანა აროშიძემ განაცხადა, რომ მუხლს, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.