მსხვერპლი პატიმრები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, ზოგჯერ, თავად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. სოციალურ-კულტურული თუ ეკონომიური გარემოდან გამომდინარე, მათ წლები უწევთ ტანჯვის მოთმენა. ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლ ქალებს სისტემა ვერ იცავს… თავდაცვის მცდელობამ კი, შესაძლოა, მკვლელობამდეც მიიყვანოს ისინი.
რუსთავის გზაზე ქალაქისგან მოშორებით მდებარე სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულება საქართველოში ერთადერთი ქალთა ციხეა. დღეს იქ 330 პატიმარი ქალი იხდის სასჯელს. იმ მიზეზით, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი ბოლო წლებში ამოქმედდა, პატიმრები კი ათეულობით წლებია იხდიან სასჯელს, უცნობია მსხვერპლთა ზუსტი ოდენობა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, მათი ნაწილი წარსულში ნამდვილად იყო სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი. ბადრაგმა ციხის ბიბლიოთეკაში სამი მათგანი მოიყვანა. სტატიის გმირები პირობითი სახელებით არიან მოხსენიებული.
62 წლის ლუბა
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში ვცხოვრობდი. ადრე ვმუშაობდი, ხან პავილიონში, ხან ჩაის ფაბრიკაში, გეოლოგებთან. ადრეც ვიყავი გათხოვილი, პირველ ქმართან ბიჭი მყავს, მეორესთან გოგო. რაც მეორედ გავთხოვდი, მას მერე დიასახლისი ვიყავი. მოვეწონე და წამიყვანა ცოლად. მან დაიწყო ძალადობა: მავიწროვებდა, დამწვა, აი, ტანი სულ დამწვარი მაქვს, ბაღნებს სცემდა, რომ თვრებოდა მაშინ მცემდა, ეჭვიანი იყო. 30 წელი ასე გავატარე.
მისგან რომ მივდიოდი ხო, მეუბნებოდა, სადაც მნახავდა მომიყვანდა, მერე მიჩიოდა, თუ კიდე წახვალო მე შენ მოგკლავო, ოღონდ, მე კი არ მოგკლავ ბიჭებს ვეტყვი და ისინი მოგკლავენო. მე 24 წლის ვიყავი მაშინ, ახალგაზრდა და მაგი იყო 45 წლის.
მე მოვკალი ის. მე თვითონ არ ვიცი. უკვე შოკში ვიყავი. არ მინდოდა, მაგრამ მოხდა მასე. შოკში ვიყავი, რაცხა იმფერი სიტყვა მითხრა და უკვე ისეც გაბრაზებული ვიყავი, 30 წელი ვითმინე ყველაფერს. ვითომ უკან რაცხამ, სატანამ მითხრა: წადი ეიღე ნაჯახი და დაარტყიო. წავედი და ევიღე და დავარტყი. ეგება რომ ძალადობდა, სულ მცემდა, მცემდა, ნავთი შემასხა და დამწვა, ცოცხლად, კიდევ კარგი მეზობელმა მიშველა... მერე მომარჩინეს ისე, რომ არც პოლიციამ, არც მილიციამ, არავინ არ იცოდა, დამმალეს და ისე. საწყლებია ყველა ქალი, ვისაც მამფერი ქმარი ჰყავს, მე რომ მყავდა.
17 წელი მომისაჯეს. ამინისტიამ დამიკლო და 12 წელი და 9 თვე დამიტოვეს. მე-11 წელია უკვე, რაც ციხეში ვარ. გარეთ ვინ მყავს? — არავინ. მარტო გოგო და ბიჭი, მეტი არავინ. გოგო გათხოვდა. მქონდა [მასთან ურთიერთობა], მაგრამ რომ გათხოვდა, მას მერე აღარ.
22 წლის ნათია
ადვილი არ არის ის, რასაც მე ვყვები, ისევ იგივე პერიოდს გავდივარ. ინტერვიუს დავთანხმდი, რადგან გავიგე, რომ ძალიან ბევრ ქალს დავეხმარებით ამით და ბევრი ქალი იტყვის ძალადობაზე "არას".
პატარაობიდანვე ცოტა ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, რომ ცუდი ბავშვობა მაქვს გადატანილი. სოფელ ქვეშში ვცხოვრობდით, გორის რაიონში. იქ გავიზარდეთ მე და ჩემი ძმა, დედის გარეშე. მამაც ჩვენ გვერდით იყო, მაგრამ მისი წვლილი იმხელა არ იყო, როგორიც ბებოსი და ბაბუსი. მერე გადავწყვიტე დედასთან წავსულიყავი ქალაქ გორში და იქ დამეწყო სწავლა.
კაცი გამოჩნდა, რომელიც შემიყვარდა ძალიან და ცოლად გავყევი. ყველაფერი, რაც ძალიან მინდოდა უკანა ფლანგზე გავწიე. ყოველთვის მინდოდა, მომწონდა ჟურნალისტიკა ან იურისტობა, ადვოკატობა. შემდეგ გავიდა პერიოდი და ეს კაცი ხელებიდან წამერთვა, დაიჭირეს. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და მუცელი მომეშალა. ამაზე ვინერვიულე და მივეძალე ფსიქოტროპულ აბებს.
მკვლელობაზე ვზივარ. მეც ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ერთ დღეს მეგობერებმა წამიყვანეს ერთ-ერთ სახლში, სადაც უნდა გვექეიფა, 8 მარტი თენდებოდა. კარი გაგვიღო დაახლოებით, 45 წლის ასაკის კაცმა. ცოტა ხანში მეგობრები წავიდნენ, სასმელი გამოგველიაო. ე.წ. ამ კაცმა კარი ჩაკეტა შიგნიდან. მარტო დავრჩით. არ ემჩნეოდა, რომ ის რაღაცის გამკეთებელი იყო, მაგრამ ძალიან შევცდი, არ უნდა ენდო არავის. დამარტყა, დამაგდო საწოლზე და უნდოდა ჩემ მიმართ სექსუალური აქტი განეხორციელებინა. მე გავუძალიანდი, როგორც შემეძლო. ჯარისკაცი იყო და ჩემზე ძლიერი, ამიტომ გავაჩერე და ვუთხარი, ჯერ კიდევ ცოტა დაგველია და მე თვითონ დავნებდებოდი. ის დაწყნარდა, მაგრამ ხელებს მაინც არ აჩერებდა, მიფათურებდა. მე გული მერეოდა ამაზე. ამის მერე გავგიჟდი, მე გადავირიე, ჩუმად, ჩემი ფსიქოტროპული აბები ჩავუყარე სასმელში და დავაძინე. ძალიან ცუდად მოვიქეცი მერე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, მე თვითონაც არ ვიცი, რამ გამაკეთებინა ეს. მეც იგივე გავაკეთე, როგორც ის მომექცა. ჩავკეტე, წავედი ბენზინგასამართ სადგურზე და ვიყიდე ბენზინი. როდესაც დავბრუნდი გადავასხი და დავწვი. მეგობრები არ დაბრუნებულან იქ, არ მოვიდნენ, დამტოვეს, გამიმეტეს. როდესაც სახლიდან გარეთ გამოვედი, მერე გავაანალიზე რა გავაკეთე და სასწრაფო გამოვიძახე მის დასახმარებლად.
რაც მან გააკეთა ეს ისეთი შეურაცხყოფაა და ისეთი ამაზრზენია, მე ყველა მოძალადე კაცს, ბოდიში, ასეთ რამეს კიდევ გავუკეთებდი. ქალები არ უნდა იყვნენ ასეთი მსხვერპლები, ქალები უნდა იყვნენ ძლიერები და ქალებს ჩვენ უნდა ვამაგრებდეთ, უნდა იყვნენ მოტივირებულები. მთლად ასე არ უნდა მოიქცნენ, მაგრამ უნდა მიმართონ ისეთ ორგანიზაციას, რომლებიც აღკვეთენ ამას.
მაშინ 18 წლის ვიყავი, მომისაჯეს 10 წელი და ზაფხულში მეოთხე წელი დამეწყება. ამასობაში, ქმარი ისევ ციხეშია, მასთან კონტაქტი აღარ მქონია. დედა მყავს, მაგრამ არ მოდიან აქ. არ აქვთ საშუალება, როცა ექნებათ, ალბათ, მოვლენ. ისე, ველაპარაკები ხოლმე.
30 წლის ნანა
ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ჩვეულებრივ, ძალიან ნორმალურ ოჯახში. 18 წლის ასაკში გავთხოვდი. მომიტაცეს. საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც კი არ მყავდა ის ადამიანი. ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან და ფენიდან გამომდინარე, სამი დღე ვერ მიპოვა ოჯახმა. მამას რომ ვუთხარი, მე ამ ადამიანთან ვერ დავრჩებოდი და არ ვიცხოვრებ-მეთქი, მითხრა, საზოგადოება რას იტყვის, მეზობლები რას იტყვიან, ხალხი რას იფიქრებს, ამიტომ, იძულებული გავხდი დავრჩენილიყავი. ასე დაიწყო ჩვენი ოჯახური ცხოვრება.
ის მუშაობდა სასჯელაღსრულებაში და როგორც პატიმრებს ექცეოდა, ისე მექცეოდა მეც. მისთვის ცოლი არ ვიყავი, არამედ ვიყავი პატიმარი. მეუბნებოდა: არსად არ უნდა წახვიდე, სახლში უნდა იყო, არავინ არ უნდა დაგირეკოს, არაფერი არ უნდა გააკეთო, მარტო უნდა იყო სახლში და უნდა მელოდო მე. ეს მაშინ, როცა საბაბიც არ ჰქონდა, რომ რაიმეზე ეეჭვიანა. სამედიცინოზე ჩავაბარე, მაგრამ რა თქმა უნდა, სწავლა ვერ გავაგრძელე, არ სურდა სახლიდან გავსულიყავი. ისევ ჩემი ოჯახის დახმარებით გავაგრძელე დაუსწრებელზე სწავლა. დედა მიხდიდა სწავლის თანხას. მარტო გამოცდებზე მივდიოდი და ვაბარებდი. დანარჩენ დროს ვიჯექი სახლში, ველოდებოდი მას, როდის მოვიდოდა და რას მეტყოდა.
შემდეგ სამსახურიდან გამოაგდეს და დაიწყო ბიზნესი. ამის გამო სესხი აიღო კერძო პირისგან. მაშინ ცოლი ვიყავი და ხელწერილი ორივეს დაგვაწერინეს. ამ თანხის პროცენტებს ვიხდიდი. მაშინ საბავშვო ბაღში ვმუშაობდი.
საერთო ჯამში 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორი საერთო შვილი გვყავს, მერე თვითონ გაიჩინა საყვარლები და ოფიციალურად გავშორდი. დაშორების შემდეგ ვუთხარი, მე აღარ უნდა გადავიხადო ვალი-მეთქი, მაგრამ ეს მევალე მაინც მე მაკითხავდა. იძულებული გავხდი იპოთეკით ამეღო სესხი, ჩავდე ბინა, ეს კი თაღლითობა გამოვიდა, რადგან ქონება ჩემი საკუთრება არ იყო, ძმის სახელზე იყო. საბუთების გაყალბების მოტივით აღიძრა საქმე. ძმა მიჩიოდა პირველ ეტაპზე, პირველმა ინსტანციამ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანა, 6 წელი მომისაჯეს.
თავიდანვე ვაღიარე ყველაფერი, მითვისებას არ ვაპირებდი, გადავიხდიდი იმ თანხას. თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმასთან მიმართებით, რომ ოჯახის კუთვნილი ქონება გამოვიყენე და გადავიხადე. არ უნდა გადამეხადა. ის უნდა მეიძულებინა, მე უნდა მიმემართა სამართალდამცავებისთვის და მეთქვა, რომ მაშინებენ, მაშანტაჯებენ გადავიხადო ვალი, რომელიც ჩემი არაა. მე, მარტოხელა დედა ვზრდიდი ორ შვილს, ის კი ალიმენტსაც არ იხდიდა, რომელიც სასამართლომ დააკისრა. მე კიდე მის ვალებს ვიხდიდი. ძალიან რთული და ძნელია.
ჩემი შვილები ახლა ქუთაისში ცხოვრობენ. მათთან დღეში რამდენჯერმე მაქვს სატელეფონო კავშირი, პაემნები, როგორც ახერხებენ. აქ ჩამოსვლა მათთვის რთულია, მაგრამ სკოლის არდადეგების დროს მოდიან.
ფსიქოლოგიის როლი
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული პირდაპირ კავშირში ვერ იქნება გადატანილ ძალადობასთან, თუმცა ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე:
"შეიძლება გახადოს აგრესიული, ან თვითშეფასება და საერთოდ რაიმის კეთების უნარი დააკარგინოს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალსახად იმის თქმა, რომ ძალადობამ გაზარდა კრიმინალი ქალებში, ამას ვერ ვიტყვი".
მისივე თქმით, მსჯავრდებულ მსხვერპლ ქალებს ძალიან უჭირთ შემდგომში საზოგადოებაში ინტეგრირება, რადგან ისინი რჩებიან მკვლელებად.
"როდესაც სხვა ადამიანი ზიანდება, საერთოდ შეიძლება გარდაიცვალოს კიდევაც, რატომღაც მაშინ თუ აღვიქვამთ ოჯახში ძალადობას სოციალურ პრობლემად", — ამბობს ქალთა საკონსულტაციო ცენტრის სახლის დირექტორი და ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე.
ფსიქოლოგის აზრით, ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტები არ დასრულდება გარე ჩარევის გარეშე. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ადამიანზე ინტენსიურად ძალადობენ, ფსიქიკა ყოველთვის კრიტიკული ვერ ექნება და იგი ნელ-ნელა ეჩვევა ძალადობის ფორმებს:
"შინაგანად მასში უკვე ნელ-ნელა მოძალადე იწყებს არსებობას. ეს არ არის მისტიკა, ეს არის პრაქტიკული რეალობა. გაღიზიანებები, წყენები, შეურაცხყოფების შედეგად დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები გროვდება და როდესაც კრიტიკული აღქმის უნარიანობა დაქვეითებულია, თავისუფლად შეიძლება ეს ნიაღვარი სხვას დაატყდეს თავს. ეს რა ფორმით და როგორ იქნება, სიტუაციას გააჩნია. მაგალითად, თუ იქვე დანა დევს... ან თუ არ დევს, შეიძლება ფანჯარა ჩაილეწოს".
მასალა მომზადებულია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელსაც GIPA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: femicide.ge
კომენტარები