ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციის სრულად ახალი, უსადენო მეთოდი დაფიქსირდა - კვლევა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ ტვინში კომუნიკაციის ამ დრომდე უცნობი მეთოდი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი სიგნალები ტვინის ქსოვილში უსადენოდ გადაადგილდება, მას გავრცელება ტვინის ქსოვილის ერთი ნაწილიდან მეორეში ამ ნაწილების ქირურგიულად გაჭრის შემდეგაც კი შეუძლია.
აღნიშნული აღმოჩენით ნეირონების კომუნიკაციის ახალი გზის შესახებ ვიტყობთ, რომელიც ამ დრომდე ცნობილი კომუნიკაციის სტანდარტული მეთოდებიდან სრულად განსხვავებულია.
"ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს აღმოჩენა. თუმცა ვიცით, რომ ეს ნეირონებს შორის კომუნიკაციის სრულად ახალი ფორმაა", - აცხადებს კეის ვესტერნ-რეზერვის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი და ბიოსამედიცინო ინჟინერი დომინიკ დურანდი.
თუმცა, მეცნიერებმა ამ დრომდეც იცოდნენ, რომ ნეირონებს შორის სტანდარტული კომუნიკაციის გარდა სხვა, გაურკვეველი წარმოშობის ურთიერთქმედებებიც ხდებოდა. ცნობილია, რომ ძილის დროს ტვინის ქერქსა და ჰიპოკამპუსში მაღალი ამპლიტუდის ნელი ტალღები წარმოიქმნება, რომელთა ფუნქციაც უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს რხევები როლს მეხსიერების განმტკიცებაში თამაშობს, თუმცა ეს დიდწილად ვარაუდია.
"ეს ნელი რიტმული ტალღები ტვინში დამოუკიდებლად წარმოიქმნება, მათი ფუნქცია კი ამ დრომდე უცნობია. ამ გაურკვევლობის ამოხსნას ალბათ მას შემდეგ შევძლებთ, როდესაც ტვინში მიმდინარე უჯრედული და შიდაუჯრედული მექანიზმების ახსნას შევძლებთ ", - აცხადებს ალბერტას უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კლეიტონ დიკინსონი.
დურანდმა და მისმა გუნდმა აღნიშნული ნელი, განმეორებადი რხევები თაგვების ტვინის ანათლებში შეისწავლა. მათ აღმოაჩინეს, რომ ნელი რხევები ელექტრულ ველებს წარმოქმნის, რომლებიც თავისმხრივ მეზობელ უჯრედებს ააქტიურებენ, რის შედეგადაც ნერვული კომუნიკაციის ახალ, უსადენო მეთოდს ვიღებთ.
"ჩვენ ამ რხევების შესახებ დიდი ხანია ვიცით, თუმცა მათი ფუნქცია უცნობია. ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ მათ სპონტანურად გავრცელება შეეძლოთ. მე ჰიპოკამპუსს უკვე 40 წელია ვიკვლევ, თუმცა ის ჩემს გაკვირვებას კვლავ ახერხებს", - აცხადებს დურანდი.
შესაძლებელია აღნიშნული ნერვული აქტივობის მოდულაციაც, მაგალითად, ელექტრული ველების გამოყენებით მათი დაბლოკვა ან გაძლიერება.
გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ისაა, რომ ტვინის ერთ ქსოვილში წარმოქმნილ ელექტრულ ველებს, ტვინის მეორე, განცალკევებულ, დაშორებულ ქსოვილში არსებული ნეირონების აგზნება შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ამ ტალღებს ქსოვილებს შორის არსებულ სიცარიელეში გაღწევა შეუძლია.
"რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ქსოვილის გაკვეთა ნამდვილად მოხდა, მიკროსკოპის მეშვეობით ორ ქსოვილს შორის არსებულ ღარს დიდი ყურადღებით დავაკვირდით. ერთ, განცალკევებულ ქსოვილში წარმოქმნილი რხევები მასთან სიახლოვეში მყოფ, მაგრამ ფიზიკურად განცალკევებულ ანათლებში აქტივობას ნამდვილად იწვევდა", - ნათქვამია კვლევაში.
The Journal of Physiology-ს სადამკვირვებლო კომიტეტმა კვლევის დაბეჭდვამდე მეცნიერებს ექსპერიმენტების კიდევ ერთხელ გამეორება მოითხოვა.
დურანდი და მისი კოლეგები აღნიშნულ მოთხოვნას გაგებით მოეკიდნენ, რადგან ამ აღმოჩენით ისინი თავადაც გაკვირვებულები არიან. მათ ექსპერიმენტები წარმატებით გაიმეორეს.
"ეს შედეგები ძალიან უცნაურია, თუმცა ყოველი ექსპერიმენტი, რომელიც გავიმეორეთ, შედეგს ადასტურებს", - აცხადებს დურანდი.
კიდევ მრავალი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო, რათა დაზუსტებით გაირკვეს, მართლაც აქვს თუ არა ადგილი თავის ტვინში კომუნიკაციის ამ მეთოდს, ხოლო მისი ფუნქციის დადგენაზე კი საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
დიკსონის თქმით, ჩვენს წინაშე ახალი, უპრეცენდენტო მეცნიერებაა, რომელმაც შესაძლოა აღნიშნულ სფეროზე დიდი გავლენა იქონიოს.
კვლევაThe Journal of Physiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები