დემოკრატია არ არის სუვენირი, რომელიც სამუდამოდ გექნება — ინტერვიუ პოლონეთის ელჩთან
მარიუშ მაშკიევიჩი 2016 წლიდან საქართველოში პოლონეთის ელჩის პოსტს იკავებს. დიპლომატიური კარიერა მან 1990 წელს დაიწყო. 2008-2009 წლებში იკავებდა ვიცე-დირექტორის პოსტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტში. 2010-დან 2016 წლამდე პოლონეთის საგარეო უწყებაში პოლონური პროფკავშირული ორგანიზაციის "სოლიდარობა" კომისიის თავმჯდომარე იყო.
2019-2020 წლებისთვის პოლონეთის საელჩო თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საელჩოს — საკონტაქტო პუნქტის ფუნქციებს შეასრულებს. საქართველოს თავდაცვითუნარიანობა, ნატოსთან თავსებადობა, დემოკრატიის ხარისხი — ამ და სხვა საკითხებზე, გთავაზობთ ინტერვიუს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, მარიუშ მაშკიევიჩთან.
საკონტაქტო ელჩის ფარგლებში რა არის თქვენი მოვალეობები და სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში?
ნატოს საკონტაქტო საელჩოს მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარება. ეს უფრო საჯარო დიპლომატიაა, ვიდრე სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენ ვგეგმავთ, ვიყოთ ძალიან აქტიურები საზოგადოების სხვადასხვა წრეში, როგორიცაა უმცირესობები, რელიგიური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ.
შეიძლება ეს განვიხილოთ, როგორც ნატოს საქმიანობის პოპულარიზაცია?
ვერ დავარქმევ ამას პოპულარიზაციას, რადგან როგორც ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ნატო არ არის სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა ან სტატია, რომელიც ჟურნალმა უნდა გაყიდოს. ალიანსი ღირებულებების ერთობლიობაა და სწორედ ამის წარმოჩენაა ჩვენი მოვალეობა, სამხედრო კონტექსტის გარეშე.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და მოდერნიზაციაში ნატო აქტიურ როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა, რა არის ის ხარვეზები, რაც საქართველოს თავდაცვით სფეროში ჯერ კიდევ არსებობს და ამავე დროს აღელვებს ეს ნატოს?
მე არ ვარ სამხედრო პირი, შესაბამისად, არ ვერევი სამხედრო საკითხებში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საერთო წვრთნები და სწავლებები, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველო ამ კუთხით ძალიან აქტიურად თანამშრომლებს ნატოსთან და ჩვენ ამისათვის მადლიერები ვართ.
2008 წელს [ბუქარესტის სამიტზე] ნატოს ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა საქართველოსთვის MAP-ის მიცემას და ამის გამო ვწუხვართ. მაშინ პოლონეთის მთვარობამ და სხვა წევრმა სახელმწიფოებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან დააფიქსირეს, რომ ნატოს უსაფრთხოების არეალი უნდა გაფართოვდეს, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები ერთობლივად. საქართველოსა და უკრაინის ნატოს მიღმა დატოვება, მხოლოდ ჩვენს მტრებს მოუტანს სარგებელს.
პოლონეთს სურს, ამგვარი პრობლემები მოაგვაროს თანამშრომლობის გაზრდით, ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. ნატოს არსებითი პაკეტი სწორედ ამის მაგალითია. საქართველო აღქმულია, როგორც სანდო პარტნიორი. ვფიქრობ, სწორედ ესაა არგუმენტი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფი სვლით იაროთ წევრობისკენ.
თქვენ ახსენეთ არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package/SNGP), რაც 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე მიიღო საქართველომ. პაკეტი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რითი განსხვავდება ეს დოკუმენტი MAP-სგან და შეიძლება თუ არა განიხილებოდეს ის წევრობის წინაპირობად, ისევე როგორც MAP?
დიახ, ის შეიძლება განიხილო როგორც წინაპირობა, გაწევრების გეგმის გარკვეული ფორმა. არსებითი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ამას. ჩვენ ოფიცრები გვყავს სპეცრაზმსა და სამხედრო პოლიციაში. ისინი აქტიურად მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. არსებითი პაკეტით ვერ ჩანაცვლდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. MAP აქტუალური იყო 10 წლის წინ. ახლა ვცდილობთ, საკითხს განსხვავებული ინსტრუმენტებით მივუდგეთ. ახლა ჩვენი საერთო მიზანია საქართველოს სრული გაწევრება ნატოში.
ჰერიტიჯის ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლებელია ალიანსის წევრებმა გაიზიარონ მოსაზრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი და საქართველო ასე გაწევრიანდეს ნატოში. რამდენად რეალურია ეს გეგმა?
ჩემი პასუხი ვერ იქნება პოლიტიკური განაცხადი, რადგან ვარ ელჩი და არა გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმომადგენელი. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლზე არაერთი ექსპერტული მოსაზრება გაისმა. თეორიულად, წამოიჭრა საკითხი არა იმაზე, თუ როგორ გაწევრიანდეს ქვეყანა, როგორც ერთი მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიებით, არამედ, როგორ გახდეს ის ნატოს წევრი, თავისი ტერიტორიული პრობლემებით და მეზობლით, რომელიც იტაცებს ამ ტერიტორიებს.
ჩვენ გვაქვს პრობლემები საბერძნეთთან და თურქეთთან. ორივე ნატოს წევრი ქვეყანაა. კვიპროსის პრობლემა სწორედ იმის მტკიცებულებააა, თუ როგორ უმკლავდება ნატო ასეთ პოლიტიკურ კონფლიქტს ალიანსის შიგნით. ამიტომ ეს არ უნდა იყოს პრობლემა, ოკუპირებული ტერიტორიები...
დიახ, პოლიტიკური დეკლარაცია უნდა გავრცელდეს ერთობლივად და საჭიროა სამხედრო მზადყოფნაც, რათა ტერიტორიები იქნეს დაცული. კითხვა სწორედ ესაა, რა უნდა გააკეთო, რომ რუსულ პროვოკაციებს არ წამოეგო? რატომ აკეთებს ამას რუსეთი? — არა იმიტომ, რომ ეს მიწები ძალიან მდიდარია, იქ ოქრო მოიპოვება ან რაიმე მსგავსი. ამის მიზეზი ნატოა. ამის მიზეზი საქართველოს სწრაფვაა დასავლური ინსტიტუციებისადმი. ეს ეხება უკრაინასაც. სურთ, დაარწმუნონ პარტნიორები ნატოში, არ აღიქვან საქართველო და უკრაინა სერიოზულად. ეს არის რუსეთის ტაქტიკა. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას. ჩვენ უნდა ვცადოთ ამ პროვოკაციების არიდება ან მისთვის გვერდის ავლა.
როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
როგორ — ეს ტაქტიკის საკითხია. ამის რეცეპტის მოცემა არ შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვიპოვით გამოსავალს.
თავდაცვის გაძლიერების გარდა ნატოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ასპირანტ ქვეყნებში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიახლოებულია ეს სფეროები დასავლურ სტანდარტთან?
საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირი საქართველოს აფასებენ, როგორც რეგიონში ყველაზე განვითარებულ ქვეყანას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით იმ პრობლემებს, რაც აქვს ამ ქვეყანას. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ დემოკრატია არ არის სუვენირი, რომელსაც გაჩუქებენ და სამუდამოდ გექნება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა შევინარჩუნოთ ის "ცოცხლად". ასე რომ, ამას სჭირდება მტკიცე თანამშრომლობა დემოკრატიულ საზოგადოებასთან, სხვადასხვა წარმომადგენლობით და სამოქალაქო ორგანიზაციებთან.
ყველა ქვეყანაშია სხვადასხვა ტიპის პრობლემა, მთავარია ის, თუ როგორ დაიცავ ადამიანის უფლებას და არა ის, თუ როგორ აუნაზღაურებ [დარღვეულ უფლებას]. ეს არის სასამართლო სისტემის პრობლემა, ეს არის პარლამენტში ცალკეული ძალის, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს პრობლემა, რომელიც ახლა ჩამოყალიბების ეტაპზეა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მოსამართლეების არჩევის მიმდინარე პროცესს. ვაკვირდებით შიდა პოლიტიკურ კონფლიქტს, რაც თქვენს ირგვლივაა. ქვეყნის მოწიფულობა დამოკიდებულია სწორედ იმაზე, აქვს თუ არა პრობლემების გადაჭრის უნარი.
ვარშავის სამიტის შემდეგ ნატომ შავი ზღვის რეგიონის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. როგორ ფიქრობთ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში ჩართვისთვის?
აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში განხორციელებული რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენეს გავაანალიზეთ ნატოში და შტაბმა გადაწყვიტა, წევრების ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე გადაეტანა. თურქეთი აქ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ნატოს ინტერესია, შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა შავ ზღვაში. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნატო ახლა მუშაობს გეგმაზე, როგორ ჩამოაყალიბოს, როგორ გაზარდოს რეგიონის უსაფრთხოება პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად.
ჩაიკეტება თუ არა ალიანსის კარი, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ მაკედონია გახდება 30-ე წევრი?
არ ვეთანხმები, რომ კარი ჩაიკეტება. მე ვხედავ იმედს, რომ თუკი ბალკანეთი ნატოს ინტერესშია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი რეგიონები, ასეთი პატარა ქვეყნები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნატოს უსაფრთხოებისთვის. უკრაინა და საქართველო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ნატოსთვის. ღია კარის პოლიტიკა კი ჯერ კიდევ რეალური და აქტუალურია.
კომენტარები