ყალბი ტექსტების ახალი გენერატორი იმდენად ეფექტურია, რომ კომპანია მას არ გაასაჯაროებს
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიის, OpenAI-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ტექსტის მაგენერირებელი ახალი ალგორითმი, რომელსაც ამ დავალების შესრულება წარმოუდგენლად კარგად შეუძლია. კომპანია აცხადებს, რომ ალგორითმის ბოროტად გამოყენების საფრთხის გამო, ის მის საჯაროდ გამოშვებას არ აპირებს.
ალგორითმის მიზანია, რომ ადამიანის მიერ დაწერილი რამდენიმე წინადადებიდან დასრულებული სტატია შექმნას. ალგორითმის მიერ მიღებული ტექსტები რეალური ადამიანის მიერ დაწერილ სრულად გამართულ სტატიას ჰგავს.
ქვემოთ ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტია მოცემული:
"მეცნიერებმა შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს, მათ ანდების ერთ-ერთ შეუსწავლელ ხევში უნიქორნების ჯოგი იპოვეს. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ უნიქორნები ინგლისურად იდეალურად საუბრობენ."
ახლა კი ნახეთ, თუ როგორ გააგრძელა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ალგორითმმა აღნიშნული ტექსტი:
"მეცნიერებმა აღმოჩენილ სახეობას, მათი უნიკალური რქის გამო, ოვიდიუსის უნიქორნი დაარქვეს. მსგავსი ოთხრქიანი, ვერცხლისფერი უნიქორნების არსებობა ამ დრომდე მეცნიერთათვის უცნობი იყო.
ახლა კი, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ამ უცნაური ფენომენის საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნილია.
დოქტორი ხორხე პერეზი ლა-პასის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც რამდენიმე კოლეგასთან ერთად ანდებში არსებულ ერთ-ერთ დაუსახლებელ ხევს იკვლევდა. პერეზმა შეამჩნია, რომ ხევის ერთ მხარეს ბუნებრივი ჩანჩქერი გადმოდიოდა, მის გარშემო კი ქვებითა და ვერცხლისფერი თოვლით დაფარული ორი მწვერვალი მოჩანდა"
ტექსტის სრული ვერსიის ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.
ალგორითმის გასაწრთვნელად მეცნიერებმა Reddit-ის რვა მილიონი გვერდი გამოიყენეს. AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა მისი შინაარსი ხშირად სრული სისულელეა ხოლმე, ალგორითმი პერსონაჟების სახელებსა და ცრუ ციტატებსაც იგონებს.
ალგორითმი შეცდომებსაც უშვებს, მაგალითად, ტექსტში შეიძლება წყლისქვეშ გაჩენილი ხანძრები, ან მსგავსი შეუძლებელი სიტუაციები შეგვხვდეს. ავტორების თქმით, ალგორითმი ზოგიერთი თემის შესახებ, მაგალითად, პოპ კულტურისა და პოლიტიკის შესახებ, უკეთ წერს.
ასეთი ალგორითმის ინტერნეტში გამოჩენას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ალგორითმმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ სრულად რეალური სტატია დააგენერირა, ხელოვნურ ინტელექტს არც ოპოზიციის ლიდერის, ჯერემი კორბინის მოგონილი ციტატები და არც ბრიტანეთ-ირლანდიის საზღვრის საკითხი გამორჩენია, რომელიც ბრექსიტის გარშემო ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დისკუსიის საგანია.
ალგორითმის გამოყენება მრავალმხრივ არის შესაძლებელი, მისი ერთ-ერთი გამოყენება შესაძლოა სხვადასხვა პროდუქტებისთვის დადებითი, ან უარყოფითი ცრუ მიმოხილვების გენერირება იყოს.
"მომავალში საზოგადოებას ინტერნეტში გავრცელებული ტექსტების მიმართ მეტი სკეპტიკურობის გამოჩენა მოუწევს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პოსტში.
კომენტარები