როგორი ჯანდაცვის სისტემას სთავაზობენ მოსახლეობას პოლიტიკური სუბიექტები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

გაიგეთ, როგორია ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილი ჯანდაცვის პროგრამები

რა ხდება?

უფასო მედიკამენტები, უფასო მუნიციპალური საავადმყოფოები, საყოველთაო დაზღვევა საყოველთაო ჯანდაცვის ნაცვლად - გაეცანით კიდევ რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს პოლიტიკური პარტიები წინაასაარჩევნოდ.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, On.ge სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პროგრამის მიმოხილვათა ციკლს გთავაზობთ. ამჯერად, ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე შევაჩერეთ.

თავისუფალი დემოკრატები

ფოტო: On.ge

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნიკოლოზ ფრუიძემ On.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ მისი პარტიის პროგრამის თანახმად, დღეს არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა გაუქმდება და საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება.

შემოღებული საბაზისო პაკეტის მიხედვით, ბენეფიციარის მიერ თანაგადახდის ოდენობის დიფერენცირება მისი შემოსავლების მიხედვით მოხდება: სახელმწიფო 100%-იან დაფინანსებას უმწეოებს, პენსიონრებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და 5 წლამდე ბავშვებს მისცემს, დანარჩენი მოსახლეობისთვის თანაგადახდის წილი კი მათი შემოსავლების გათვალისწინებით იქნება დაანგარიშებული:

“თანაგადახდის პრინციპი შემოგვაქვს არა მკურნალობაში, არამედ დაზღვევაში, რაც პრინციპულად განსხვავებულია".

ფრუიძის განმარტებით, სახელმწიფო თითოეული ბენეფიციარის დასაზღვევად თვიურად დაახლოებით 25-30 ლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა მოქალაქეს ნაწილობრივ, ან სრულად იმის მიხედვით დაუფინანსდება, თუ როგორი შემოსავალი ექნება მას. ეს შეიძლება იყოს 2 ლარი, ან 30.

ფრუიძის თქმით, თითოეული მოქალაქის მატერიალური შესაძლებლობის განსაზღვრა საგადასახადო სისტემის მეშვეობით მოხდება.

შუამავლის როლს კერძო სადაზღვეო კომპანიები შეასრულებენ, რომელთა არჩევისა და შეცვლის უფლება თავად პაციენტებს ექნებათ

ამასთან, მას ასევე აგვიხსნა, რომ თითოეულ ბენეფიციარს, მიუხედავად მისი მატერიალური კეთილდღეობისა, სახელმწიფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანხას სრულად დაუფარავს.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელი პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც სახელმწიფოსა და საავადმყოფოს შორის შუამავალი სოციალური მომსახურების სააგენტოა, აღნიშნულ როლს კერძო სადაზღვეო კომპანიები შეასრულებენ, რომელთა არჩევისა და შეცვლის უფლება თავად პაციენტებს ექნებათ. თუმცა, ეს არ ეხება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებს, რადგან ასეთ დროს ბენეფიციარებს ნებისმიერი უახლოესი კლინიკა მოემსახურება:

“სახელმწიფო თავის თავზე იღებს კერძო სადაზღვეო კომპანიების მონიტორინგსაც, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გააკეთებს. შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდოს ვიღაცას კონტრაქტი, განახორციელოს აუდიტორიული შესყიდვა და ის მივა და შეამოწმებს სადაზღვეო კომპანიას”.

იმ სადაზღვეო პაკეტში, რომელსაც სახელმწიფო გამოაცხადებს, უნდა იყოს პირობა, რომ სადაზღვეო კომპანიამ პაციენტს გამოყენებული მედიკამენტების რაღაც თანხა უკან დაუბრუნოს

რაც შეეხება მედიკამენტებსა და მათ ფასებს, ფრუიძემ განმარტა, რომ თავისუფალი დემოკრატები წამლების ფასწარმოქმნაში ან ზღვრული ფასის დაწესებაში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგნი არიან. თუმცა, განმარტა, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებს ე.წ. ესენციური მედიკამენტებით (აუცილებელი პრეპარატების ნუსხა: ტკვილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკები, სხვ.) მოამარაგებს იმისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმმა ისინი პაციენტს უფასოდ მისცეს:

“გარდა ამისა, იმ სადაზღვეო პაკეტში, რომელსაც სახელმწიფო გამოაცხადებს, უნდა იყოს პირობა, რომ სადაზღვეო კომპანიამ პაციენტს გამოყენებული მედიკამენტების რაღაც თანხა უკან დაუბრუნოს”.

რაც შეეხება მედიკამენტების რეცეპტებით გაყიდვის სისტემას, პარტია აღნიშნული პრაქტიკის მომხრეა, თუმცა, პაციენტს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს არა რომელიმე კონკრეტული დასახლების წამლის კონკრეტული რეცეპტით შეძენა, არამედ არჩევანი უნდა ჰქონდეს უფრო იაფი ან ძვირი, ამავე შემადგენლობის მქონე ანალოგის შეძენისა.

ფრუიძის თქმით, სახელმწიფო ასევე განაგრძობს ისეთი საზოგადოებრივ ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას, როგორებიცაა: ვაქცინაცია, ტუბერკულოზის, შიდსის, დიაბეტის მკურნალობა და სხვა. აღნიშნული პროგრამები, მიუხედავად მოქალაქის შემოსავლისა, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

ჩვენს შეკითხვას, რას აპირებენ თავისუფალი დემოკრატები ჯანდაცვის სფეროზე მონიტორინგის თვალსაზრისით, ფრუიძემ უპასუხა, რომ აუცილებელია სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი ქვეყანამ თავის თავზე დაიტოვოს:

“ეს აუცილებლად სახელმწიფომ უნდა აკეთოს, თუმცა როგორ და ვისი მეშვეობით ეს სხვა საქმეა. ზოგ ქვეყენაში ამისთვის ექიმების სპეციალური ბორდებია შექმნილი, რომლებიც რომელიმე ორგანიზაციას შეისყიდიან და მომსახურების ხარისხს ამოწმებენ. დღეს ჩვენთან ხარისხის კონტროლი მხოლოდ დასჯის სახით ვლინდება, ისიც ჩივილის შემთხვევაში”.

პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდობა მოძველებული, საბჭოური ფორმაა, უნდა არსებობდეს უბრალოდ ინვალიდობა

ჩვენს შეკითხვას, ხომ არ აპირებს პარტია შშმ პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის რეფორმის განხორციელებას, ფრუიძემ უპასუხა, რომ დღეს არსებული ინვალიდობის განმსაზღვრელი სისტემა არასწორია:

“პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდობა მოძველებული, საბჭოური ფორმაა. უნდა არსებობდეს უბრალოდ ინვალიდობა. თუ ასეთ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, მან მათ პირობა უნდა შეუქმნას იმისთვის, რომ ადეკვატურად იარსებონ”.

რაც შეეხება მედპერსონალის გადამზადებას, მისი დაპირების მიხედვით, თავისუფალი დემოკრატები აქტიურად გადაამზადებენ ექიმებსა და ექთნებს, როგორც თბილისში, ასევე რაიონებში. ამასთან, სოფლის ექიმისა და ექთნის ხელფასები გაიზრდება ( 600-დან 1500 ლარამდე; 300- დან 600 ლარამდე).

პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

ფოტო: On.ge

ბურჭულაძის ბლოკის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ყიფიანის განმარტებით, მათი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში, მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა ამოქმედდება, რომელიც ღარიბი მოსახლეობის მომსახურებაზე იქნება ფოკუსირებული.

მისი განმარტებით, მდიდარ ადამიანებს თავად შეეძლებათ კერძო სადაზღვეო პაკეტის შეძენა, რითაც ჯანდაცვაზე გამოყოფილ ბიუჯეტში დაახლოებით 70-80 მილიონი ლარი დაიზოგება.

ყიფიანის განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობა სამ ჯგუფად იქნება დაყოფილი:

  1. 1 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი დღეს არსებულ სადაზღვეო პაკეტსა და უფასო ესენციურ მედიკამენტებს მიიღებს (აღნიშნულის უზრუნველყოფასაც ბლოკი ზემოაღნიშნული 70-80 მილიონი ლარით აპირებს). ყიფიანი ამბობს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი მისანიჭებლად პოლიტიკური სუბიექტი ქულების გაზრდას აპირებს და შესაბამისად, აღნიშნულ პირთა რაოდენობა სწორედ ერთ მილიონამდე გაიზრდება.
  2. საშუალო ფენის მოსახლეობა, დაახლოებით 1 800 000 ადამიანი, რომელსაც დღეს მოქმედი საყოველთაო სადაზღვეო პაკეტი ექნება.
  3. დანარჩენი მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც მიუხედავად მატერიალური კეთილდღეობისა, არა კერძო, არამედ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, აღნიშნული დაზღვევა მოეხსნება და შესაძლებლობა ექნება, თავად აირჩიოს კერძო მზღვეველი კომპანია: “მაგრამ ამას მოხსნა არ ერქმევა, რადგან ჩვენ საშემოსავლო გადასახადის 10%-ით შემცირებას ვაპირებთ და სწორედ ამიტომ იმ თანხით, რომელიც საშემოსავლოს დაკლებით დარჩებათ, ეს ადამიანები თვითონ შეძლებენ უკეთესი სადაზღვეო პაკეტის შეძენას”.
  4. შეძლებული ფენა, დაახლოებით 500 ათასი კაცი, რომელსაც კერძო დაზღვევა უკვე აქვს, კვლავაც ამ ტიპის დაზღვევას გამოიყენებს.

დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოებთან პირდაპირი გზით თანამშრომლობს, ჩვენს მოდელში მესამე მოთამაშე - კერძო სადაზღვეო კომპანიები იქნებიან

ჩვენს შეკითხვას, საყოველთაო ჯანდაცვაზე ბიუჯეტიდან რა თანხა გამოიყოფა, ყიფიანმა განგვიმარტა, რომ დღეს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის გაზრდას ბურჭულაძის ბლოკი არ გეგმავს, თუმცა არსებულ თანხით მიზნობრიობის ამოცანის ამოხსნას მაინც შეძლებს:

“დღეს წელიწადში დაახლოებით 580 მილიონი ლარი იხარჯება, რომელსაც სახელმწიფო მდიდარსა და ღარიბს თანაბრად უნაწილებს. ჩვენ მდიდარი სეგმენტს რომ გადავიყვანთ კერძო სადაზღვეო კომპანიებში, 70-80 მილიონი ხომ გამოგვითავისუფლდება და ამ თანხას დავუმატებთ ყველაზე ღარიბი 1 მილიონი ადამიანის სადაზღვევო პოლისებში უფასო მედიკამენტების შესაყვანად. ჩვენ ვახდენთ არსებული ბიუჯეტის სამართლიან დაგეგმვას, ფოკუსირებულს ღარიბ მოსახლეობაზე”.

ყიფიანის თქმით, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოებთან პირდაპირი გზით თანამშრომლობს, ბლოკის მიერ წარდგენილ მოდელში მესამე მოთამაშე - კერძო სადაზღვეო კომპანიები იქნებიან და ისინი დაზღვეულ სეგმენტს პოლისების მეშვეობით მოემსახურებიან.

ჩვენს შეკითხვას, სხვადასხვა სეგმენტში შემავალ ბენეფიციარზე ბლოკი საშუალოდ რა თანხის გამოყოფას გეგმავს, მან გვიპასუხა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ნუსხაში შემავალ ერთ ბენეფიციარზე თვეში 21 ლარიანი სადაზღვეო პაკეტი გამოიყოფა, ზემოაღნიშნულ 1,8 მილიონ ადამიანზე კი, რომელიც უფასო მედიკამენტებით არ ისარგებლებს - 15 ლარიანი პაკეტი.

იმას, თუ როგორ აპირებს ბურჭულაძის ბლოკი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის შეფასებას, ყიფიანმა უპასუხა, რომ ამისთვის ბლოკი ისეთი კვლევის შედეგებს დაეყრდნობა, როგორებიცაა მსოფლიო ბანკის მიერ მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია, Oxfam-ის კვლევის მონაცემები, სოციალური სააგენტოს მიერ გაცხადებული ინფორმაცია, თუ რამდენ ადამიანი ცდილობს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი მიღებას წელიწადში და სხვ.

ფარმაცევტულ ბიზნესზე არსებულ მონოპოლიებსა და მედიკამენტების ფასებზე მითქმა-მოთქმა თითიდან გამოწოვილ თემებია

ჩვენს შეკითხვას, აპირებს თუ არა ბლოკი ფარმაცევტული სფეროს შესაცვლელად რაიმე სახის რეფორმის განხორციელებას, მაგ გვიპასუხა, რომ ბლოკი ნებისმიერი დამატებითი რეგულაციის შემოღებას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, ყიფიანმა განგვიმარტა, რომ ფარმაცევტულ ბიზნესზე არსებულ მონოპოლიებსა და მედიკამენტების ფასებზე მითქმა-მოთქმა თითიდან გამოწოვილ თემებად მიაჩნია და სახელმწიფოს პოლიტიკა ამ კუთხით საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენლის თქმით, როდესაც სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიას ფულს უხდის, მისი საქმიანობის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს, ირკვეოდეს რამდენად ხარისხიანი მომსახურება მიიღეს პაციენტებმა.

რაც შეეხება მედპერსონალის გადამზადებას, ყიფიანს მიაჩნია, რომ კონკრეტულმა ბიზნესსექტორმა, რომელსაც სურვილი ექნება, რომ მისი თანამშრომლები გადაამზადოს, შესაბამისი მოთხოვნით სახელმწიფოს თავად უნდა მიმართოს, რომელიც თავის მხრივ, ჰოსპიტალების ინიციატივების შესაბამისად, მათ გადამზადებით უზრუნველყოფს.

პატრიოტთა ალიანსი

ფოტო: On.ge

პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კორძაიას განმარტებით, პატრიოტთა ალიანსის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში, დღეს არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შენარჩუნდება, რადგან მიაჩნია, რომ ის დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარია. თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტის ჯანდაცვის მიმართულებით დასახული გეგმების განსახორციელებლად ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა აუცილებელია.

არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარია

როგორც მან აგვიხსნა, ვისაც შესაძლებლობა ექნება, კერძო დაზღვევით ისარგებლებს, თუმცა მათი მთავარი დაპირება ისაა, რომ სახელმწიფო 75 მუნიციპალურ, სახელმწიფო ბიუჯეტით მოქმედ საავადმყოფოს აამუშავებს, რომელშიც მომუშავე პერსონალს ხელფასებს სახელმწიფო გადაუხდის და მკურნალობა მოსახლეობის ყველა ფენისთვის უფასო იქნება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას რაიმე ტიპის დაზღვევა ან მაღალი შემოსავალი:

ამუშავდება მუნიციპალური საავადმყოფოები, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

“ეს ეხება ყველანაირ მკურნალობას. არ გეკითხებიან დაზღვევა გაქვს, არ გაქვს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტში არსებობს რაღაც საავადმყოფოების ბაზა, რომელიც უნდა განვითარდეს და ზოგ ადგილას უნდა აშენდეს. კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი, ახლა მიჭირს თქმა, თუმცა, აღნიშნულის განხორციელებას 10 წელი დასჭირდება, რადგან ეს ეტაპობრივად მოხდება”.

ჩვენს შეკითხვას, აღნიშული პრაქტიკა ხომ არ მოგვცემს შედეგად იმას, რომ არც კერძო და არც საყოველთაო დაზღვევას გამოიყენებს ვინმე და ყველა ეცდება აღნიშნულ კლინიკებს უფასო მკურნალობისთვის მიმართოს, მან უპასუხა, რომ ასე არ მოხდება, რადგან ეს საავადმყოფოები გადაიტვირთება და დიდი რაოდენობით მოქალაქეებს ფიზიკურად ვერ მოემსახურება:

“ეს მომსახურება იქნება უფასო, მაგრამ მე თუ მაქვს მაღალი ხელფასი, მე ძვირიან საავადმყოფოში გადავიხდი და ბევრად უფრო კომფორტულ პირობებში ვიქნები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ მუნიციპალურ საავადმყოფოებში მკურნალობა მაღალი ხარისხის არ იქნება”.

კორძაიას განმარტებით, კერძო დაზღვევა სახელმწიფო დაზღვევაზე დაშენებული უნდა იყოს იმისთვის, რომ თუ მოქალაქე სახელმწიფო დაზღვევით რაიმე მომსახურებას უფასოდ ან ფასდაკლებით ღებულობს, მაგრამ უნდა დამატებით მომსახურების მიღება, იმოქმედოს კერძო პოლისმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ერთ ბენეფიციარზე წელიწადში რაიმე კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ იქნება და ვისაც რა დასჭირდება (გეგმიური, გადაუდებელი, პროფილაქტიკური, სამშობიარო, ონკოლოგიური თუ სხვა მომსახურება), მუნიციპალური საავადმყოფო უფასოდ მოემსახურება.

ფარმაცევტული კუთხით პარტიას რაიმე სახის კონკრეტული გეგმა არ აქვს ჩამოყალიბებული

კორძაიას თქმით, ფარმაცევტული კუთხით პარტიას კონკრეტული გეგმა არ აქვს ჩამოყალიბებული, თუმცა ამბობს, რომ მედიკამენტების რეცეპტებით გაყიდვის სისტემა შენარჩუნდება. რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას მისცემთ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის სახელმწიფო მედიკამენტებს სრულად თუ არა, გარკვეული პროცენტით მაინც დააფინანსებს.

რესპუბლიკური პარტია

ფოტო: On.ge

რესპუბლიკური პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით ზურაბიშვილის განმარტებით, რესპუბლიკელების საარჩევნო პროგრამის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვა აუცილებლად შენარჩუნდება, თუმცა, ის მოქალაქეები, რომლებსაც თავად შეუძლიათ კერძო სადაზღვეო კომპანიებში დაეზღვიონ, ამ პროგრამას გამოეთიშებიან.

მოქალაქეები, რომლებსაც თავად შეუძლიათ კერძო სადაზღვეო კომპანიებში დაეზღვიონ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან

მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სუბსიდიის სახე აღარ ექნება და მოქალაქეები ჯანდაცვისთვის თანხას საშემოსავლო გადასახადებიდან გადაიხდიან:

“ეს უნდა იყოს დაზღვევა და არა პირდაპირი სუბსიდია ბიუჯეტიდან. ანუ საყოველთაო დაზღვევა უნდა არსებობდეს, რომელიც მოქალაქეების შენატანების ხარჯზე უნდა მოქმედებდეს. ეს შენატანები გადასახადებში უნდა იყოს აღრიცხული, რომ საშემოსავლო გადასახადის რაღაც პროცენტი დაზღვევაზე მიდიოდეს. ისინი, ვისაც აქვს საკმარისი შემოსავალი და ამის აღრიცხვა არ არის რთული. მაგალითად, ქონების გადასახადს ვინც იხდის, ნიშნავს, რომ ოჯახს აქვს 40 ათასი შემოსავალი. მათ საყოველთაო ჯანდაცვა არ უნდა ეხებოდეს”.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სუბსიდიის სახე აღარ ექნება და მოქალაქეები ჯანდაცვისთვის თანხას საშემოსავლო გადასახადებიდან გადაიხდიან

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის საყოველთაო ჯანდაცვა უფასო იქნება. ზურაბიშვილის განმარტებით, ზემოაღნიშნული გეგმის განსახორციელებლად მთავრობას ბიუჯეტის გაზრდა არ დასჭირდება:

“აქ რამდენიმე მომენტია: ერთი არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აი ამ გადასახადთან მიაბამს ამ ჯანდაცვის გადასახადს, პირველ ეტაპზე მაინც. მეორე არის ფონდის შექმნა, რომელიც ამ თანხებს განკარგავს. მნიშვნელოვანია მუნიციპალური საავადმყოფოები, პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი, რომელიც ჩვენ რთულად გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეს არის სისტემა, სადაც პროგრესი აშკარაა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, გასაკეთებელი და საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე”.

მან ასევე განგვიმარტა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თითოეული მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამასთან, გამკაცრდება მედიკამენტების ხარისხზე კონტროლიც:

“ერთ-ერთი რისი დაძლევაც ვერ მოხერხდა, მონოპოლიზებული წამლების ბაზარია. არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც პრაქტიკულად დანაწილებული აქვს ბაზარი, ფასებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს და რასაც უნდა იმას აკეთებს”.

უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ფონდები, რომლებიც განკარგავს საოველთაო ჯანდაცვის თანხებს

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში დახარჯული ფინანსებისა და გაწეული სამედიცინო მომსახურებების მიზნობრიობის კონტროლს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ფონდები, რომლებიც განკარგავს საყოველთაო ჯანდაცვის თანხებს და ჯანდაცვის სამინისტროზე მიბმული არ იქნება:

“მასში შედიან ექიმთა ასოცოციაციების წარმომადგენლები, პაციენტთა უფლებების დამცველები, თვითმმართველობის წარმომადგენლბები, NGO-ები და სხვ. სწორედ ეს ფონდი განკარგავს მიზნობრიობას, ფინანსურ ნაწილს და სხვა. არაა ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ კარგი იქნებოდა”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: On.ge

ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, დღეს ჯანდაცვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ შემცირდება და ჯანმრთელობის პაკეტი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად იქნება დიფერენცირებული. მისი თქმით, ამ მიზნით მოსახლეობა სამ კატეგორიად დაიყოფა:

  • გაჭირვებულები - სრული თანადგომის პაკეტი (პოლისის ღირებულება - 225 ლარი წელიწადში)
  • ნაკლებად გაჭირვებულები - დახმარების პაკეტი (პოლისის ღირებულება - 205 ლარი წელიწადში
  • საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები - მხარდაჭერის პაკეტი (პოლისის ღირებულება - 190 ლარი წელიწადში).

ყველა ჩამოთვლილი პაკეტი მედიკამენტის დაფინანსებასაც გაითვალისწინებს

მისი თქმით, ყველა ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებასაც.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ე.წ. კატასტროფული ხარჯისგან თითოეული მოქალაქე იქნება დაცული:

“ანუ ხარჯისგან, როდესაც პირს აღარ შესწევს ძალა გარკვეული თანხის დაფარვისა. თუმცა, ის რომ მიმდინარე ხარჯი, ვთქვათ სისხლის ანალიზი, ყველას თანაბრად დავუფაროთ, ეს ასე არ უნდა იყოს. რადგან იქნება კატეგორია, რომელსაც ექნება შედარებით მცირე პაკეტი და იქნება კატეგორია, რომელსაც ექნება სრულყოფილი პაკეტი.

ჩვენ განვსაზღვრავთ კატეგორიებს, რომელ ქულამდე რა პაკეტი იქნება. ბაზა არსებობს, მოვახდენთ მის სრულყოფას და განვსაზღვრავთ, რომელი ტიპის ოჯახზე რა პაკეტი იქნება გათვალისწინებული”.

ჭიაბერაშვილი განმარტებით, ენმ გეგმავს, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებში კერძო სადაზღვეო კომპანიები ჩაერთონ. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, მისი ფუნქცია იქნება აღრიცხოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, მუდმივად განაახლოს ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ განისაზღვროს, ჯანდაცვის რომელ პაკეტს რომელი ჯგუფი მიიღებს:

სოციალური მომსახურების სააგენტოს როლი დარჩება, ანგარიშსწორება სადაზღვეო კომპანიებთან მისი მეშვეობით მოხდება, როგორც ადრე იყო. მაგრამ სადაზღვეო კომპანიები შეასრულებენ ე.წ. ფილტრის როლს

“სოციალური მომსახურების სააგენტოს როლი დარჩება, ანგარიშსწორება სადაზღვეო კომპანიებთან მისი მეშვეობით მოხდება, როგორც ადრე იყო. მაგრამ სადაზღვეო კომპანიები შეასრულებენ ე.წ. ფილტრის როლს”.

მისი განმარტებით, მოქალაქეებს სასურველი კლინიკისა და სადაზღვეო კომპანიის არჩევის შესაძლებლობა თავად ექნებათ:

“არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს ვაუჩერული სისტემა. პაციენტი მიიტანს ვაუჩერს რომელ კომპანიასთანაც უნდა იმასთან და დაეზღვევა, რის შემდეგაც იმ კომპანიის მომსახურებით ისარგებლებს. თუ არ მოეწონება, სხვა კომპანიაში წავა”.

ჩვენს შეკითხვას, როგორ აპირებს ენმ მოსახლეობისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხარჯთეფექტურობის კონტროლს, ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ ენმ-ს აქვს გამოცდილება მედიაციის სამსახურის ფუნქციონირებისა და გამარჯვების შემთხვევაში, ამავე მოდელს გამოიყენებს:

“აღნიშნული სამსახური მიმართული იყო იმისკენ, რომ დაცული ყოფილიყო პაციენტების, ექიმების უფლებები, მათ შორის საავადმყოფოებისაც, თუკი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან თანხების დროული ჩარიცხვა არ ხდებოდა. ეს სამსახური გაუქმდა. ეს უწყება იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ ექნება არბიტრის ფუნქცია პაციენტს, საავადმყოფოსა და სადაზღვეოს შორის”.

რაც შეეხება ფარმაცევტულ რეფორმას, ჭიაბერაშვილი აქაც წარსულ გამოცდილებას იხსენებს და განმარტავს, რომ 2009 წელს ენმ-მ დანერგა პარალელური იმპორტის კანონმდებლობა. მისი თქმით, აღნიშნულის მეშვეობით უამრავი წვრილი კომპანია გაჩნდა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პარალელური იმპორტის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა:

“2012 წლამდე ფასები მუდმივად დაბლა მიდიოდა. ამის მონაცემები არსებობს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. შესაბამისად, აქ არის ის, რომ ჩვენ გავზარდოთ კონკურენცია ბაზარზე. ქართული ოცნების პირობებში, კონკურენცია შეზღუდეს და ისევ მსხვილმა კომპანიებმა ისარგებლეს და ფასები წავიდა მაღლა. გამოცდილება გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ”.

შშმ პირებისთვის შესაბამიის სტატუსის მინიჭება მათი სამედიცინო მდგომარეობის მეშვეობით საბჭოური გადმონაშთია და ის სოციალური მოდელით უნდა შეიცვალოს

ჭიაბერაშვილმა ასევე გვითხრა, რომ დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც შშმ პირებს შესაბამის სტატუსს მათი სამედიცინო მდგომარეობის მეშვეობით ანიჭებენ საბჭოური გადმონაშთია და ის უნდა შეიცვალოს:

“ჩვენ უნდა გადავიდეთ სოციალურ მოდელზე. ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობა არა სამედიცინო დიაგნოზით მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, არამედ იმის მიხედვით, მოქალაქეს შეუძლია თუ არა გარკვეული სოციალური ფუნქციების შესრულება, მათ შორის მუშაობაც”.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ფოტო: On.ge

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მარიამ ჯაშის განმარტებით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შენარჩუნდება და საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება დაცული ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით მაღალი - კატასტროფული დანახარჯებისაგან.

ამასთან, პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე განიხილავს მექანიზმებს, რომელიც მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეების უფრო მეტ თანამონაწილეობას გულისხმობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. კონკრეტულად როგორ შეძლებენ ეს მოქალაქეები თანადაფინანსების სისტემაში ჩართვას, ჯაშმა უპასუხა, რომ ამისათვის ხელისუფლება სადაზღვევო კანონმდებლობის გადახედვას გეგმავს და განახლებული რეგულაციების დეტალები უშუალოდ მუშაობის პროცესში გამოიკვეთება:

“კონკრეტული კრიტერიუმები არის საკანონმდებლო პროცესი და დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნულზე მუშაობა ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში დაიწყება. არის რამდენიმე მიმართულებით მოწოდებული ვერსიები, რომლის საბოლოო შეთანხმება მუშაობის პროცესში მოხდება. შემდგომი დახვეწა იქნება როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანაგადახდის მოდელებში, ისე სადაზღვეო სისტემებში მონაწილეობის თვალსაზრისითაც".

ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება

ჯაშის თქმით, ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტულად რამდენი პროცენტით მოიმატებს ამ სფეროზე გამოყოფილი თანხა, არ ამბობს და განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხზე მუშაობის პროცესში გაჟღერდება:

“საარჩევნო პროგრამა კონკრეტულ საბიუჯეტო ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთებას არ ითვალისწინებს. პროგრამაში გაჟღერებულია ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დღეს სისტემაში უკვე მიღწეული უპრეცედენტო შედეგების კიდევ უფრო გაძლიერებისკენ იქნება მიმართული”.

ჩვენს შეკითხვას, გაიზრდება თუ არა ჯანდაცვის სისტემაში კერძო სადაზღვეო კომპანიების როლი და ჩაანაცვლებს თუ არა ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს, ჯაშმა უპასუხა, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიების როლის გაზრდა მოსალოდნელია, თუმცა ამისთვის რეგულაციების გამკაცრებაა აუცილებელი:

“ჯანდაცვა არ გახლავთ ბაზრის სტანდარტული პროდუქტი. ის არის რეგულირებადი მიმართულება და მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნება - ეფექტური რეგულაციების გარეშე - მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს პაციენტის უსაფრთხოებასა და უფლებებს. ჩვენ როგორც კი გავაძლიერებთ ჯანდაცვის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმებს, შემდეგ ვინ იქნება პროგრამის განმახორციელებელი და ადმინისტრატორი - საჯარო თუ კერძო უწყება - აღარ ექნება პრინციპული მნიშვნელობა”.

მარიამ ჯაშის თქმით, 2012 წლიდან არაერთ ძვირადღირებულ მედიკამენტზე გაუმჯობესებულია მოსახლეობის ხელმისაწვდომობა. მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტი უკვე მოიცავს გადაუდებელი და ქირურგიულ ჩარევებისათვის საჭირო ყველა მედიკამენტს. გარდა ამისა, C ჰეპატიტის, ონკოლოგიური და სხვა მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ძვირადღირებული მედიკამენტები უკვე მიეწოდება მოსახლეობას უფასოდ, ან მნიშვნელოვანი შეღავათით.

მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც პაციენტები უფასოდ მიიღებენ, უშუალოდ წლიური პროექტების დაგეგმარების დროს გახდება ცნობილი

ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო შეუმცირდეს მედიკამენტებზე დანახარჯი. მისი თქმით, აღნიშნული იქნება კომპლექსური ღონისძიებების შედეგი, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც მედიკამენტების ჭარბად - არარაციონალურად მოხმარების შემცირების, ასევე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში წამლების გაერთიანებული შესყიდვებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნის კუთხით.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ქართული ოცნების პირობებში ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი უკვე გახდა და მათ შორის, ეს მიმართულება ფარმაცევტულ კომპანიებსაც შეეხო.

მან ასევე განმარტა, რომ ეტაპობრივად დაინერგება საბაზისო, ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომელიც მიზნობრივი ჯგუფებისათვის წამლების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების დღეს არსებული სამედიცინო მოდელი, რომელიც შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის 3 ჯგუფს ეფუძნება, შეიცვლება და ICF კლასიფიკაციით - ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციით ჩანაცვლდება.

მან ასევე განმარტა, რომ ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ელექტრონულად მოხდება, რისი განხორციელებაც ელექტრონული რეცეპტის სახით უკვე დაწყებულია, ხოლო პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის სხვა კომპონენტების ელექტრონულად მართვის სისტემებს ქართული ოცნება ეტაპობრივად განახორციელებს.

ლეიბორისტული პარტია

ფოტო: On.ge

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განგვიმარტა, რომ მისი პარტიის პროგრამის თანახმად, მოსახლეობა ორ სეგმენტად დაიყოფა: ერთი, რომელსაც წლიური შემოსავალი 40 ათასზე ნაკლები აქვს, ხოლო მეორე, რომელიც აღნიშნულ თანხაზე მეტს გამოიმუშავებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც ზემოაღნიშნული პირველი ჯგუფი ჩაერთვება.

ახლა საყოველთაო ჯანდაცვაში შედის პარლამენტის წევრი, მინისტრიც და ოლიგარქიც, რაც სახელმწიფო თანხების გაფლანგვაა

როგორც გუგავამ გვითხრა, ქვეყნების მასშტაბით მუნიციპალური საავადმყოფოები იფუნქციონირებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ პირველ სეგმენტს უფასოდ მოემსახურება:

“ახლა საყოველთაო ჯანდაცვაში შედის პარლამენტის წევრი, მინისტრიც და ოლიგარქიც, რაც სახელმწიფო თანხების გაფლანგვაა. სახელმწიფო ხარჯები იმ ადამიანებზე არ უნდა დაიხარჯოს, ვისაც 40 ათასზე მეტი აქვს წლიურად შემოსავალი. ადამიანებს, ვისაც საშუალება არ აქვთ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ხარჯზე გადაუდებელ ოპერაციებსა და გამოკვლევებსაც ჩაიტარებს და მედიკამენტებსაც უფასოდ მიიღებს”.

გუგავას თქმით, პარტიის გეგმის განხორციელება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გაზრდის საჭიროებას არ გამოიწვევს და პირიქით, გარკვეული თანხები შეიძლება დაიზოგოს კიდეც.

ჩვენ შეკითხვას, აპირებს თუ არა ლეიბორისტული პარტია კერძო სადაზღვეო კომპანიების როლის გაზრდას ჯანდაცვის სისტემაში, გუგავამ უარყოფითად უპასუხა:

როდესაც კერძო სადაზღვეო კომპანიები სახელმწიფო პროგრამებში ერთვებიან, ეს არის კორუფციის წყარო

“როდესაც კერძო სადაზღვეო კომპანიები სახელმწიფო პროგრამებში ერთვებიან, ეს არის კორუფციის წყარო და მილიონები კეთდება ასე. სადაზღვეო კომპანიებს ეყოლებათ საკუთარი სეგმენტი და მათ ამ სეგმენტზე უნდა იმუშაონ. მათ სახელმწიფო სახსრებთან მიმართებაში არაფერი ესაქმებათ”.

ჩვენს შეკითხვას, აპირებს თუ არა ლეიბორისტული პარტია მედიკამენტების ფასებთან მიმართებით რაიმე ცვლილებების განხორციელებას და ზოგადად, ფარმაცევტული კუთხით აქვს თუ არა პარტიას გეგმა, გუგავამ უპასუხა, რომ ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და შესაბამისად, მედიკამენტების ფასებიც დაიკლებს:

“არ შეიძლება ერთი და იმავე პირს ერთი და იგივე კომპანია ჰქონდეს, რომელიც ეწევა წარმოებას, დისტრიბუციას, მისი უცხოეთიდან შემოტანას და კლიენტისთვის მიწოდებას უზრუნველყოფდეს. ჩვენ დავძლევთ მონოპოლიას და სეგმენტაცია თავად გააიაფებს წამლებს”.

მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტებს პროვაიდერი კლინიკის არჩევა თავად შეეძლება. ამასთან, კლინიკების მონიტორინგის კუთხით, პარტია არა მხოლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და ხარჯთეფექტურობის კონტროლს, არამედ მედიკამენტების ფასების კონტროლსაც გეგმავს:

“ეს შეიძლება თავის თავზე აუდიტის სამსახურმა აიღოს და შიდა კონტროლის სამსახურმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება”.

რაც შეეხება შშმ პირებს, გუგავას თქმით, დღეს არსებული შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სისტემა მოძველებულია და მიაჩნია, რომ პირს სტატუსი არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებითაც უნდა მიენიჭოს.


დისკუსია: თქვენ როგორი ტიპის ჯანდაცვის სისტემას უჭერთ მხარს?

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს

გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, მოვუწოდებთ საქართველოს…