მსოფლიოს ყველაზე მოხუცებულმა ჩიტმა 69 წლის ასაკში ბარტყი გამოჩეკა
70 წელს მიღწეულმა ლაიზანურმა ალბატროსმა სახელად სიბრძნემ, წყნარ ოკეანეში არსებულ ნაკრძალზე - მიდუეის ატოლზე (მარჯნის კუნძული) ბარტყი გააჩინა.
ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში სიბრძნე და მისი პარტნიორი აკეაკამაი წყნარ ოკეანეში არსებულ მიდუეის ატოლზე კვერცხის დასადებად ყოველწლიურად ბრუნდებიან, შემდეგ კი ბარტყს ჩეკავენ. ეს მარტივი რამ ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ალბატროსების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 50 წელია.
საიდან ვიცით, რომ ჩიტი მართლაც 69 წლისაა?
1936 წელს მეცნიერებმა მიდუეის ატოლზე მოფრენილი ალბატროსების დანომვრა დაიწყეს. მას შემდეგ კი სპეციალური სანიშნე რგოლით ჯამში 250 000 ალბატროსი აღირიცხა. ალბატროსი სიბრძნე 1956 წელს ორნიტოლოგმა შანდლერ რობინსმა აღრიცხა. ამ დროს ის ატოლზე გასამრავლებლად პირველად დაბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ 1956 წელს ის დაახლოებით ექვსი წლის იყო. ალბატროსები პირველად დაახლოებით ექვსი წლის ასაკში მრავლდებიან. შესაბამისად, თუ სიბრძნე 1956 წელს ექვსი წლის იყო, ის დღეს დაახლოებით 69 წლის უნდა იყოს.
1956 წლიდან 2001 წლამდე სიბრძნე არავის უნახავს, საბედნიეროდ, 2002 წელს რობინსმა კუნძულზე დაბრუნებული ჩიტი იპოვა და ის თავიდან აღრიცხა. მას შემდეგ კი სიბრძნე მიდუეის ატოლის ყოველწლიური სტუმარია.
აშშ-ს თევზებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ალბატროსები, როგორც წესი, კვერცხის დასადებად ყოველწლიურად არ ბრუნდებიან, თუმცა, სიბრძნე გამონაკლისია.
"ალბატროსები გასამრავლებლად და მეწყვილესთან შესახვედრად დაბრუნებას ოქტომბერში იწყებენ, ისინი მიდუეის ატოლზე დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში რჩებიან, რათა ბარტყს მოუარონ. ბარტყის გამოჩეკვიდან ხუთი-ექვსი თვის შემდეგ კი პატარა ალბატროსი კუნძულს ტოვებს და ოკეანისაკენ მიფრინავს. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია, რის გამოც ალბატროსების უმეტესობა კვერცხს ყოველწლიურად არ დებს", - ახსნილია გარემოს დაცვის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეცინერების ვარაუდით, სიბრძნემ მის მეწყვილე აკეაკამაისთან ერთად უკვე 30-ზე მეტი ბარტყი გაზარდა.
"ალბატროსები კვერცხებს იშვიათად დებენ, თანაც მხოლოდ ერთს. ამის გამო სახეობის გამრავლებაში თითოეული ფრინველის შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია", - აცხადებს აშშ-ს თევზებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურის პროექტის ლიდერი ბობ პეიტონი.
კომენტარები