ახლადაღმოჩენილი ნამარხების მიხედვით, სიცოცხლემ მოძრაობა 2,1 მლრდ წლის წინ დაიწყო
მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ყველაზე ძველი მრავალუჯრედიანი მოძრავი ორგანიზმების ნამარხები აღმოაჩინეს. ახალი ნამარხები ამ დრომდე მიჩნეულ ყველაზე ძველ განამარხებულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებზე 1,5 მილიარდი წლით უფრო ძველია.
აფრიკის დასავლეთ სანაპიროებზე თიხოვანი ფიქალის დანალექ ქანებში მენიერებმა თხელი მილისებრი ღრუები აღმოაჩინეს, რომლებშიც 2,1 მილიარდი წლის წინ ლორწოვანი ორგანიზმები დაიკლაკნებოდნენ.
შეუძლებელია ზუსტად დავადგინოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ეს ორგანიზმები, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ნამარხები ამებათა კოლონიების, ან ლორწოვან სოკოების მსგავს ორგანიზმებს უნდა მიეკუთვნებოდეს: ეს ის ორგანიზმებია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ეკვრიან და საკვების საპოვნელად ერთად გადაადგილებას იწყებენ.
"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ორგანიზმები, რომლებმაც აღნიშნული ნაკვალევი დატოვეს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მოსაპოვებლად გადაადგილდებოდნენ, რომელსაც იმ დროს მცხოვრები ბაქტერიები წარმოქმნიდნენ", - აცხადებს კარდიფის უნივერსიტეტის გეომიკრობიოლოგი და კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ერნესტ ჩი ფუ.
ამ იდეას მხარს ისიც უჭერს, რომ მეცნიერებმა აღნიშნული ღრუების გარშემო განამარხებული ბიოფილმები აღმოაჩინეს. ბიოფილმი გარკვეულ ზედაპირზე მიმგრებული ორგანიზმების ერთობლიობას ეწოდება.
კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ორგანიზმები შესაძლოა ევოლუციის ერთ-ერთ "წარუმატებელ ექსპერიმენტს" მიეკუთვნებოდნენ, რომელიც დროზე ადრე შეწყდა, ან შესაძლოა სწორედ ეს ორგანიზმები იყვნენ ისინი, რომლებმაც თანამედროვე მრავალუჯრედიან ორგანიზმებს სათავე დაუდეს.
აღნიშნული ტერიტორია პალეოპროტეროზოული ნამარხების მნიშვნელოვანი წყაროა. პალეოპროტეროზოული ერა დაახლოებით 2,5 მილიარდი წლის წინ დაიწყო და 1,6 მილიარდი წლის წინ დასრულდა. სწორედ ამ შრეებშია აღმოჩენილი მსოფლიოს უძველესი მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ნამარხები.
მეცნიერებმა ქანებში განამარხებული ღრუების სამგანზომილებიანი რუკა რენტგენის სხივების საშუალებით აღწერეს. რენტგენის სხივები საშუალებას იძლევა, რომ ქვებში დამალული სტრუქტურების გამოვლენა მათი დაზიანების გარეშე მოხდეს.
ღრუების სისქე დაახლოებით ექვსს, სიგრძე კი 170 მილიმეტრს აღწევს. გუნდის თქმით, ეს სტრუქტურები შემთხვევით გაჩენილი არ არის.
"ამ პატარა გვირაბებს ძალიან დამახასიათებელი ფორმა აქვთ. ეს ღრუები ცოცხალი ორგანიზმის კვალს ძალიან, ძალიან ჰგავს", - აცხადებს ჩი ფუ.
მეცნიერთა გუნდის მოსაზრებების ნაწილი ამ ეტაპზე დიდწილად ჰიპოთეზურია, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი ამ მოსაზრებებს სკეპტიკურად ხვდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ შორეული პრეისტორიის კვლევა და სიცოცხლის დასაბამის საიდუმლოებების ამოხსნა ყოველთვის საინტერესო და შთამბეჭდავია, თანაც, ასეთ კვლევებს აქვთ პოტენციალი, რომ სიცოცხლესა და მის წარმოშობაზე ჩვენი წარმოდგენები ძირეულად გარდაქმნას.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები