ჰაბლის ტელესკოპმა მზის სისტემის გარე პლანეტების ყოველწლიური მონიტორინგისას ნეპტუნზე ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მუქი ქარიშხალი აღმოაჩინა, ურანის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებულ გრძელვადიან ქარიშხალს კი ახალი ფოტოები გადაუღო.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი ფოტოები NASA-მ ხუთშაბათს გაავრცელა.

"ურანის ჩრდილოეთ პოლუსის დიდი ნაწილი ქარიშხლით არის დაფარული, რომელიც ამ გაზის გიგანტზე უკვე წლებია ბობოქრობს. აღსანიშნავია, რომ სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, ურანი გვერდულადაა გადახრილი. ამის გამო მზის სხივები მის ჩრდილოეთ პოლუსზე ეცემა, რაც ატმოსფეროს დინამიურობას მატებს. აღნიშნული ქარიშხალიც, დიდი ალბათობით, სწორედ ამის შედეგია", - აცხადებს NASA.

მარჯვენა სურათზე კი ნეპტუნის ჩრდილოეთ პოლუსთან არსებული შავი ლაქა ჩანს, ეს NASA-ს მიერ დაფიქსირებული ახალი ქარიშხალია, მისი წარმომავლობა გაურკვეველია. ეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ნეპტუნზე ამ ტიპის შავი ლაქის დაფიქსირების მეოთხე შემთხვევაა.

ასეთი მუქი ფერის ქარიშხლები პირველად ხომალდმა Voyager 2-მა 1989 წელს დააფიქსირა. ჯერჯერობით, მათი წარმოშობის მექანიზმები უცნობია.

ურანი

ურანი

ფოტო: NASA

ნეპტუნი

ნეპტუნი

NASA გაზის გიგანტების მონიტორინს მუდმივად ახორციელებს, რათა უკეთ გაირკვეს, თუ როგორ წარმოიშვება და ვითარდება ქარიშხლები მზის სისტემის სხვა პლანეტებზე.

"ისევე როგორც მეტეოროლოგები ვერ შეძლებენ დედამიწის კლიმატის შესწავლას მხოლოდ რამდენიმე დაკვირვებით, ისევე ვერ შევძლებთ სხვა პლანეტების ატმოსფერული მოვლენების შესწავლასა და ამოხსნას მხოლოდ რამდენიმე ფოტოთი, ამისათვის მუდივი დაკვირვებაა საჭირო. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ჰაბლის საშუალებით წლების განმავლობაში, სისტემატიურად ჩატარებული დაკვირვებებით მზის სისტემის გარე პლანეტების საიდუმლოებების ამოხსნას შეძლებენ", - აცხადებს NASA.