კვლევა: მცენარეები გვისმენენ - იმაზე უფრო ყურადღებით, ვიდრე გვგონია
მცენარეებს შესაძლოა ყურები არ ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ ჩვენი იმაზე უკეთ ესმით, ვიდრე გვეგონა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებს მათ გარშემო არსებული ფუტკრების ბზუილის გაგება შეუძლიათ, რომლის საპასუხოდაც ისინი ტკბილი ნექტარის გამომუშავებას აძლიერებენ.
საღამოს ფურისულას (Oenothera drummondii) შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრების გამოჩენიდან რამდენიმე წუთში მცენარის ნექტარში შაქრის კონცენტრაცია საშუალოდ 20 პროცენტით იზრდებოდა.
ყვავილებს ისიც შეეძლოთ, რომ ფუტკრის ბზუილი სხვა ფონური ხმებისგან, მაგალითად, ქარის ხმისგან გაერჩიათ. მეცნიერების თქმით, აღნიშნული უნარის მქონე მცენარეებს სხვებთან შედარებით ევოლუციური უპირატესობა გააჩნიათ, რადგან ფუტკრების მიზიდვით მათ გამრავლებისა და საკუთარი მტვრის გაფანტვისა უკეთესი შანსი აქვთ.
"ეს კვლევა პირველია, რომელშიც აღვწერეთ, რომ მცენარეებს მტვრის გადამტანი მწერების ხმის ამოცნობა და საპასუხო რეაქციის გამოვლენა სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ", - აცხადებენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მეცნიერებმა ექსპერიმენტის დაწყებამდე ჰიპოთეზა შეიმუშავეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ მცენარეში "ყურის" როლს ყვავილი ასრულებს, მათი თქმით, შეიძლება სწორედ ეს იყოს იმის მიზეზი, რომ უამრავი მცენარის ყვავილს ჯამის ფორმა აქვს, ეს მათ ხმოვანი ბგერების "დაჭერაში" ეხმარება.
ექსპერიმენტში მონაწილეობა ჯამში 650-მა საღამოს ფურისულამ მიიღო. ნექტარის წარმოქმნის ინტენსივობა კი სიჩუმეში, სამი სხვადასხვა სიხშირის ხმისა და ფუტკრების ბზუილის ხმის ფონზე გაიზომა.
მართლაც, ფუტკრების ბზუილის ხმის, ან მასთან მიახლოებული სიხშირის მქონე ხმის ჩართვისას მცენარის ნექტარის შემადგენლობა სულ რაღაც სამ წუთში შეიცვალა. საშუალო და მაღალი სიხშირეების ხმის ფონზე, ისევე როგორც სიჩუმეში, ნექტარის შემადგენლობა არ შეცვლილა.
მეცნიერებმა მსგავსი ექსპერიმენტი ყვავილის გვირგვინის ფურცლების არმქონე მცენარეებზეც ჩაატარეს. ამ შემთხვევაში, ნექტარის შემადგენლობის ცვლილება არ დაფიქსირებულა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ყვავილები მცენარისათვის მართლაც ყურების ფუნქციას ასრულებენ.
ლაბორატორიაში მიღებული შედეგები მეცნიერების მიერ ბუნებაში გაკეთებულ დაკვირვებებთანაც თანხვედრაში იყო.
"მცენარეები ცხოველებთან მუდმივად ურთიერთობენ. ცხოველები სმენისა და ხმის გამოცემის უნარი აქვთ. არაგონივრული იქნებოდა, რომ მცენარეებს კომუნიკაციისთვის ხმოვანი ტალღების გამოყენება არ შეეძლოთ. ჩვენ კვლევის დაწყებამდე წინასწარი ვარაუდები ჩამოვაყალიბეთ, რომლებიც გამართლდა, რამაც სასიამოვნოდ გაგვაკვირვა", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ლაილა ქადანი.
უფრო ტკბილი ნექტარის გამო, სავარაუდოა, რომ ფუტკრები ამ კონკრეტულ მცენარესთან მეტ დროს გაატარებენ, ეს კი ყვავილებს მტვრის გავრცელებაში დაეხმარება.
ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, საჭიროა, რომ დამატებითი სიტკბოს გამოყოფა ფუტკრების გამოჩენიდან მალევე მოხდეს და აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ასე ხდება - ფუტკრების გამოჩენიდან სულ რამდენიმე წუთში ნექტარში შაქრის შემცველობა იმატებს.
ჯერჯერობით აღნიშნული კვლევა მეცნიერთა კოლეგიას არ განუხილავს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მექანიზმებით ხდება ხმოვანი ტალღების გაშიფვრა და ნექტარში შაქრის შემცველობის მატება.
დიდი ხანია ცნობილია, რომ მცენარეები შეხებასა და დღის სინათლეზე რეაგირებენ, ახლა კი ამ სიას შეგვიძლია აკუსტიკური ბგერებიც დავუმატოთ.
შემდეგ ეტაპზე მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, შეიმჩნევა თუ არა მცენარეში მსგავსი რეაქციები ცხოველების, ან ადამიანის ხმის მიმართ.
კომენტარები