რომეომ, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე მარტოსულ ბაყაყად მოიხსენიებენ ხოლმე, აკვარიუმში ათი ხანგრძლივი წელი მარტოობაში გაატარა.

თუმცა, მეცნიერებს მისთვის კარგი სიახლე აქვთ. ბოლივიის ტყეებში განხორციელებული ექსპედიციისას მათ მისი სახეობის მდედრობითი წარმომადგენელი, ჯულიეტა იპოვეს.

ექსპედიციის ფარგლებში მეცნიერებმა ჯამში ხუთი ბოლივიური წყლის ბაყაყი (Telmatobius yuracare) აღმოაჩინეს და ისინი გამრავლების მიზნით ლაბორატორიაში გადაიყვანეს.

ნაპოვნი ხუთი ბაყაყიდან სამი მამრი, ორი კი მდედრია. აღნიშნული სახეობის ბაყაყი რამდენიმე ექსპედიციის მიუხედავად ბუნებაში ბოლოს 10 წელია არ დაფიქსირებულა. რომეო მეცნიერებმა 10 წლის წინ იპოვეს და ლაბორატორიაში გადაიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ სახეობას საფრთხე ემქრებოდა.

"რომეო ძალიან წყნარი ბაყაყია, ის სრულად ჯანმრთელია. მისი საყვარელი საქმიანობა ჭამაა. მაგრამ ის ცოტათი მორცხვი და ნელია.ჯულიეტას კი სრულად განსხვავებული ხასიათი აქვს, ის ძალიან ენერგულია. უყვარს ცურვა, ზოგჯერ კი გაქცევასაც ცდილობს", - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ტერეზა ბადანი.

ფოტო: ROBIN MOORE, GLOBAL WILDLIFE CONSERVATION

ნაპოვნი ბაყაყები ამჟამად მუზეუმის კარანტინში იმყოფებიან.

Global Wildlife Conservation-ის წარმომადგენლის, კრის ჯორდანის თქმით, ცხოველების მუზეუმში გადასაყვანა საფრთხის შემცველია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ველურ ბუნებაში მათ კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებათ.

"ეს რეალური შანსია, რომ ბაყაყის ეს სახეობა, რომელიც ბოლივიის ტყეების განუყოფელი ნაწილია, გადაშენებას გადავარჩინოთ. ხოლო ამ პროცესში კი უდიდეს გამოცდილებას დავაგროვებთ, რომლითაც მომავალში სხვა სახეობების გადარჩენასაც შევძლებთ", - აცხადებს ჯორდანი.

ახლადაღმოჩენილ ბაყაყებს სპეციალური მედიკამენტით დაამუშავებენ, რათა ისინი ინფექციური დაავადებისგან, ქიტრიდიომიკოზისგან დაიცვან, რომლის გამოც მსოფლიოში ამფიბიები მასიურად ნადგურდება. ამის შემდეგ, სახეობის გამრავლების მიზნით, ჯულიეტა და რომეო ერთმანეთს შეხვდებიან.

ბოლივიაში არსებული ამფიბიების 22% გადაშენების პირას იმყოფება, ამის მთავარი მიზეზი ტყეების განადგურება, დაბინძურება და კლიმატის ცვლილებაა.

ფოტო: STEPHANE KNOLL, MUSEO DE HISTORIA NATURAL ALCIDE D

მეცნიერებმა ბაყაყები ერთ-ერთ პატარა ნაკადულში იპოვეს, თუმცა მათი თქმით, გარშემო არსებულ სხვა ნაკადულებში ბაყაყების კვალი არ ჩანდა, რაც ცუდის მანიშნებელია.

"რომეო პოპულარული ბაყაყია, მისი საშუალებით კი შეგვიძლია იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მის სახეობას ემუქრება, ინფორმაცია ფართო მასებამდე მივიტანოთ", - აცხადებს ტერეზა ბადანი.

"ყოველი სახეობა მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის დნმ მილიონობით წლის ევოლუციის შედეგია, ეს კი ძალიან ძვირფასია", - აცხადებს კრის ჯორდანი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბაყაყების გამრავლების შემდეგ მათი ბუნებაში დაბრუნება და გამრავლება შესაძლებელი გახდება.