დნმ-ის სტრუქტურის აღმომჩენს რასისტული განცხადებების გამო ჯილდოები ჩამოართვეს
ნობელის პრიზის მქონე ამერიკელ მეცნიერს, ჯეიმზ უოტსონს, რომელმაც კოლეგებთან ერთად დნმ-ის სტრუქტურა აღმოაჩინა, რასისტული განცხადებების გამო საპატიო ტიტულები ჩამოერთვა.
ჯეიმზ უოტსონმა ფრენსის კრიკთან ერთად, როზალინდ ფრანკლინის ნაშრომებზე დაყრდნობით დნმ-ის მოლეკულური სტრუქტურა, ორმაგი სპირალი აღმოაჩინა.
ახლახან კი, უოტსონმა PBS-ს ფილმში განაცხადა, რომ გენეტიკური განსხვავებების გამო შავკანიანების გონებრივი შესაძლებლობები ნაკლებადაა განვითარებული, რაც, მისი თქმით, IQ ტესტებშიც ვლინდება.
90 წლის უოტსონის კომენტარები ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიამ (CSHL), რომლის დირექტორის პოსტსაც უოტსონი 1968-დან 1993 წლამდე იკავებდა, მკაცრად გააკრიტიკა.
ლაბორატორიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი უოტსონის უსაფუძვლო ბრალდებებსა და მოსაზრებებს ემიჯნებიან, მათი თქმით, უოტსონის განცხადება საღ აზრს მოკლებულია, რაც სამეცნიერო კვლევებითაც დასტურდება.
უოტსონმა 2007 წელს ბრიტანულ გამოცემა The Sunday Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "აფრიკის უიმედო მომავალის გამო დამწუხრებული" იყო, რადგან მისი თქმით, "დღეს ყველაფერი იმაზეა დაფუძნებული, რომ მათ ჩვენნაირი ინტელექტუალური შესაძლებლობები გააჩნიათ, თუმცა კვლევები მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის".
უოტსონმა ასევე თქვა, რომ მიუხედავად მისი სურვილისა, რომ ყველა თანაბარი იყოს, "ადამიანებმა, რომლებიც შავკანიანებთან ერთად მუშაობენ იციან, რომ ეს ასე არ არის."
აღნიშნული კომენტარის გამო CSHL-მ ის ადმინისტრაციული თანამდებობებიდან გაათავისუფლა, თუმცა ლაბორატორიას მისთვის საპატიო ტიტულები ამ დროს არ ჩამოურთმევია.
უოტსონის რასისტულმა და ჰომოფობურმა განცხადებებმა მის კარიერას სერიოზული ზიანი მიაყენა.
1997 წელს Sunday Telegraph-მა გაავრცელა მისი განცხადება, რომელშიც ის ამბობდა, რომ ქალებს აბორტის გაკეთების უფლება უნდა ჰქონოდათ, თუ დადგინდებოდა, რომ ბავშვს ჰომოსექსუალობის გენი ჰქონდა.
2000 წელს კი მან განაცხადა, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი ადამიანის წონასა და მის ამბიციურობას შორის, ისევე როგორც კანის ფერსა და სექსუალურ მოთხოვნილებებს შორის.
"სწორედ ამის გამო არსებობენ ლათინოამერიკელი საყვარლები", - განაცხადა უოტსონმა.
2003 წელს ბრიტანულ დოკუმენტურ ფილმში უოტსონმა ისიც თქვა, რომ უჭკუობა გენეტიკური დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
კომენტარები