გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია — რეკომენდაციები
გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, გასულ კვირაში 100 000 ადამიანიდან 185 გრიპის ვირუსით იყო ავად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე On.ge-სთან აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ეპიდემიის ზღვარი 100 000 მოსახლეზე 450-ია.
"გრიპის ვირუსით ავადობის ზრდას ამინდებიც განაპირობებს. რაც უფრო აცივდება, უფრო ადვილად გავრცელდება ვირუსი", — განმარტავს იმნაძე.
ის ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია. წინა წელს წამყვანი H3N2 იყო. H1N1 ვირუსი ახალი არ არის და საქართველოში 2009 წლიდან გავრცელდა", — განმარტა მან.
იმნაძის თქმით, აცრა გამოსავალია და არასდროს არ არის გვიან, თუმცა სასურველ პერიოდად მაინც შემოდგომა სახელდება.
"დღეს რომ აიცრათ და ხვალ ვირუსი შეგხვდეთ ვაქცინას არ უნდა დააბრალოთ. ვაქცინას ორი კვირა უნდა მოქმედებისთვის. ახლაც შეიძლება აცრა, თუმცა 2-კვირიანი გარანტია არ იქნება", — ამბობს ის.
პაატა იმნაძის მთავარი რეკომენდაცია ჰიგიენას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ხელების ხშირ დაბანას. ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გრიპიანი ბავშვები სკოლაში ან ბაღში არ გაუშვან. უფროსებს კი სამსახურში არწასვლას, რადგან ვირუსის მთავარი გამავრცელებლები, სწორედ, ისინი არიან.
სეზონური გრიპი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სარეკომენდაციო ბროშურაში წერია, რომ გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში. ცნობილია გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C. ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები. გრიპის C ტიპის ვირუსი ხასიათდება მსუბუქი სიმპტომატიკით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით.
რეკომენდაციები
თუ ადამიანს გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები: უცაბედად დაწყებული მაღალი
ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა და საერთო ინტოქსიკაცია, კუნთების,
სახსრების, თავის ტკივილი, მაშინ:
- მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
- სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;
- ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;
- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
- გააქტიურეთ ხელების ჰიგიენის პროცედურები;
- სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები;
- ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას;
- სივრცეები, სადაც იმყოფება ან იმყოფებოდა დაავადებული, საჭიროებს სტანდარტულ სანიტარულ დასუფთავებას სველი წესით, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე;
- რეკომენდებულია სათავსოების ხშირი განიავება;
- გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს;
- იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება, ჩვილ ბავშვებში — ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა — სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა;
- გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი!
დეტალური რეკომენდაციები წაიკითხეთ აქ.
კომენტარები