2018 წლის 8 ყველაზე უცნაური კვლევა
როგორ იქცევიან რვაფეხები ექსტაზის მიღებისას? რამდენად კალორიულია ადამიანის ხორცი?
ქვემოთ შეხვდებით სტატიებს, რომლებიც 2018 წლის ყველაზე უცნაურ კვლევებს შორის მოხვდნენ.
1. ლეგოს ფიგურების ყლაპვის ექსპერიმენტი
მელბურნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ექვსმა ადამიანმა (რომელთაგანაც ყველა მათგანი კვლევის ავტორია) ლეგოს ფიგურების თავები გადაყლაპა. მათ უნდოდათ დაედგინათ, რამდენად სწრაფად გაივლიდნენ ფიგურები ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
ექვსივე მონაწილის შემთხვევაში ლეგოს ფიგურამ მათი ორგანიზმი 1-3 დღეში დატოვა.
კვლევის ავტორებმა განერვიულებული მშობლები დაარწმუნეს, რომ ლეგოს გადაყლაპული ფიგურა ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტის ჩატარებისას იყო გარკვეული მეთოდოლოგიური შეზღუდვები, მაგალითად, მათ ექსპერიმენტი ბრმა ტესტის პრინციპით ვერ ჩაატარეს, რადგან ჩათვალეს, რომ ერთმანეთის ფეკალიებში ლეგოს ფიგურების ძებნა კარგი იდეა არ იყო.
კვლევა ნოემბერში Journal of Paediatris and Child Health-ში გამოქვეყნდა.
2. ელასტიკებში გამოწყობილი შუახნის ასაკის კაცების გავრცელების არეალი
დეკემბერში სიდნეის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა, სათაურით The emergence and characteristics of the Australian Mamil, რაც შემდეგნაირად ითარგმნება "ავსტრალიური Mamil-ის გაჩენა და მათი დამახასიათებელი ნიშნები".
სიტუაციას ცოტა ნათელი რომ მოვფინოთ, საჭიროა განვმარტოთ ინგლისური აბრევიატურა Mamil, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: სპანდექსში გამოწყობილი შუახნის ასაკის კაცი (middle-aged man in lycra).
კვლევა Medical Journal of Australia-ში გამოქვეყნდა, რომელშიც Mamil აღწერილია, როგორც "ველოსიპედების მოყვარული მოწინავე სახეობა".
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პოპულაციაში ამ სახეობის შუახნის მამაკაცების ფარდობა 2002 წელს სულ რაღაც 6.2 პროცენტი იყო, 2016 წელს კი ამ მაჩვენებელმა 13.2 პროცენტს მიაღწია.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ Mamil-ის გავრცელების ძირითადი არეალი წამყვანი ქალაქების ძვირადღირებული გარეუბნებია.
3. რვაფეხები და MDMA
ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა რვაფეხებს MDMA მისცეს და დააკვირდნენ, თუ რამდენად ჰგავდა მათი ქცევა ადამიანებისას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გენური ანალიზით დაადგინეს, რომ რვაფეხებს სეროტონინის გადამტანი ცილის ისეთივე გენი აქვთ, როგორიც ადამიანებს. ეს ცილა კი MDMA-ს მოქმედებას განაპირობებს.
მეცნიერების თქმით, ეს მსგავსება უცნაურია, რადგან ადამიანებსა და რვაფეხებს ერთმანეთისგან 500 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუცია აშორებთ.
მას შემდეგ, რაც რვაფეხებს ექსტაზი მისცეს, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ისინი ერთმანეთს უფრო ხშირად ეხებოდნენ და ერთად მეტ დროს ატარებდნენ.
4. რა კავშირია თირკმლის კენჭებსა და ატრაქციონებს შორის?
აღნიშნული კვლევის ავტორებს 2018 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ. კვლევის ფარგლებში მათ სცადეს გაერკვიათ, ახდენდა თუ არა რაიმე გავლენას ექსტრემალური ატრაქციონები თირკმელებში არსებულ კენჭებზე.
კვლევაში მეცნიერებმა სილიკონის თირკმელი და შარდსადინარი გამოიყენეს. თირკმელში ქვები ხელოვნურად, სამ სხვადასხვა ადგილას იყო განთავსებული - ქვემოთ, ზემოთ და შუაში.
ჯამში ხელოვნურმა თირკმელმა ატრაქციონზე 60-ჯერ იმგზავრა. ატრაქციონის ვაგონის წინა ნაწილში ჯდომისას, თირკმლიდან კენჭების დაძვრა არ მოხდა, თუმცა, ატრაქციონის მატარებლის უკანა ნაწილში ჯდომისას, 36 მგზავრობიდან 23-ში თირკმლიდან კენჭი შარდსადენში გადავიდა.
5. რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ადამიანის ხორცი?
2018 წელს დიეტოლოგიაში ნობელის პრემია პროფესორ ჯეიმს კოულს გადაეცა, რომელმაც საკუთარი კვლევის ფარგლებში სცადა გაერკვია, რა სარგებელი შეიძლება ჰქონოდა კანიბალიზმს პალეოლითის ხანაში.
კოულმა დაადგინა, რომ ადამიანის ხორცი საკვები ნივთიერებებისა და კალორიების რაოდენობით ადამიანის წონით კატეგორიაში მყოფი ცხოველების ხორცის მსგავსია, თუმცა პალეოლითის ხანაში ადამიანის ხორცის მოხმარების მიზანი კალორიების მიღება არ უნდა ყოფილიყო, რადგან მაშინ ადამიანებს წვდომა სხვა უფრო კალორიულ ხორცზეც ჰქონდათ.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის ხორცის მოხმორება სოციალური, კულტურული და პირობითი მოვლენა უნდა ყოფილიყო.
6. კავშირი სხეულის სუნსა და პოლიტიკურ შეხედულებებს შორის
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცენიერების მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, აღმოჩნდა, რომ იმის მიხედვით, თუ რა რეაქცია გექნებათ სხეულის არასასიმოვნო სუნზე, შეიძლება ვივარაუდოთ - როგორ ხართ განწყობილი ავტორიტარიზმის მიმართ.
ექსპერიმენტში დააკვირდნენ თუ რა რეაქცია ჰქონდათ ადამიანებს სხეულის უსიამოვნო სუნზე და ასევე განსაზღვრეს მათი შეხედულებები, ღირებულებები და ფასეულობები.
დადგინდა, რომ რაც უფრო უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ადამიანებს სხვების უსიამოვნო სუნის მიმართ, მით უფრო მეტად სჯეროდათ მათ ავტორიტარული რეჟიმების. ამის მიზეზი ისაა, რომ სოციალური ზიზღი და პათოგენების მიმართ ზიზღი შინაგანად ერთმანეთთან არის კავშირში, ხოლო ავტორიტარულ საზოგადოებებში ადამიანების სხვადასხვა ჯგუფს შორს კავშირები შემცირებულია.
7. სამეფო კარის თამაშები და სიკვდილიანობა
მაკქორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც სამეფო კარის თამაშების პერსონაჟების სიკვდილიანობას აანალიზებენ. მეცნიერებს სურდათ დაედგინათ ფაქტორები, რომლითაც პერსონაჟების დაღუპვის წინასწარმეტყველება შეიძლება.
მეცნიერებმა ჯამში 330 პერსონაჟი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ფილმში უფრო მეტად მდაბიო ოჯახის წარმომადგენელი მამაკაცები იღუპებიან.
ასევე გაირკვა, რომ პერსონაჟის ეკრანზე პირველად გამოჩენის შემდეგ პერსონაჟის პირველივე საათში დაღუპვის შანსი დაახლოებით 14 პროცენტია.
8. პიცის ცხობის ფიზიკა
სექტემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში ფიზიკოსები განიხილავენ, თუ რატომ არის, ელექტრო ღუმელთან შედარებით, ქვის ღუმელში გამომცხვარი ტრადიციული პიცა ბევრად უფრო გემრიელი.
კვლევაში ფიზიკოსმა ანდრეი ვარლამოვმა ახსნა, თუ რა კავშირია სითბოს განაწილებას, სითბურ რადიაციასა და პიცის გამოსაცხობად საჭირო დროს შორის და შექმნა ფორმულები, რომლითაც იდეალური პიცის გამოცხობა შეიძლება.
კომენტარები