NASA: სატურნი რგოლებს კარგავს, თან ძალიან სწრაფად
ერთ დღესაც სატურნის გარშემო შეიძლება რგოლების სისტემა გაქრეს. ნასას მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ირკვევა, რომ სატურნის რგოლები ძალიან სწრაფად ქრება.
სატურნის რგოლები ძირითადად წყლის, ქვებისა და მტვრისგან შედგება. პლანეტას 1980-იან წლებში ნასას ხომალდი, ვოიაჯერი ესტუმრა, რომელმაც აღმოაჩინა ფენომენი, რომელიც "რგოლების წვიმის" სახელით არის ცნობილი.
"სატურნის ძლიერი მიზიდულობის გამო, რგოლების შემადგენელი მატერია პლანეტაზე მტვრის სახით წვიმს", - აცხადებს ნასა.
მეცნიერების ვარაუდით, რგოლები დაახლოებით 300 მილიონ წელიწადში, ან ბევრად უფრო მალეც გაქრება. ნასას ხომალდმა, Cassini-მ სატურნზე "რგოლების წვიმის" ფენომენი უფრო დეტალურად შეისწავლა. კასინის მიერ მოგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რგოლები შესაძლოა სულ რაღაც 100 მილიონ წელიწადში გაქრეს. სატურნის ასაკთან (4 მილიარდი წელიწადი) შედარებით, ეს ძალიან მცირე დროა.
"სატურნის რგოლები წყალს დიდი სისწრაფით კარგავს. ჩვენი ვარაუდით, "რგოლების წვიმა" ოლიმპიურ საცურაო აუზს ნახევარ საათში აავსებდა", - აცხადებს ნასას პლანეტარული მეცნიერი ჯეიმს ო'დონოგი.
მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაჩნდა სატურნის გარშემო რგოლების სისტემა. სავარაუდოდ, რგოლები პლანეტის გარშემო მიმოფანტული თანამგზავრების, კომეტებისა და ასტეროიდების ნატეხებით ჩამოყალიბდა. ნასას ვარაუდით, რგოლების სისტემა დაახლოებით 100 მილიონი წლის უნდა იყოს.
სატურნის რგოლების შესახებ კვლავ ბევრი გაურკვეველი კითხვა არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას ახდენს სატურნის რგოლებზე მზის გარშემო პლანეტის 29,4-წლიანი ორბიტა და ცვალებადი სეზონები. რგოლების სიცოცხლის ხანგრძლივობას შეიძლება მზის სინათლის ინტენსივობაც განსაზღვრავდეს.
"ჩვენ გაგვიმართლა, რადგან სატურნის რგოლები ახლა თავიანთი სიცოცხლის შუა ეტაპზე იმყოფებიან. საინტერესოა ისიც, რომ თუ რგოლების სისტემები დროებითია, ჩვენ შეიძლება იუპიტერის, ურანისა და ნეპტუნის რგოლების სანახავად ძალიან დავაგვიანეთ", - აცხადებს ო'დონოგი.
კომენტარები