ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში წითელას შემთხვევებმა 30%-ით მოიმატა
ვაქცინების წყალობით, ისეთი დაავადებები, როგორიც არის ყვავილი, პოლიომიელიტი და წითელა, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ფაქტობრივად აღარ გვხვდება. მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული მასობრივი ვაქცინაციების შედეგად, 2016 წელს აშშ-ში წითელა დამარცხებულად გამოცხადდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო წლებში ეს პროცესი შეფერხდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში წითელას შემთხვევები იმატებს.
ამის მთავარ მიზეზად ვაქცინაციაზე უარის თქმა სახელდება. წითელას შემთხვევები განსაკუთრებულად ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ რეგიონში, ამერიკასა და ევროპაში იმატებს. საბოლოო ჯამში, 2016 წლის შემდეგ წითელას შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
"წითელას დაბრუნება ისეთ ქვეყნებში, სადაც ის პრაქტიკულად გამქრალი იყო, შოკისმომგვრელია. თუ ვაქცინაციის ჩატარების სიხშირე არ მოიმატებს, შესაძლოა ის ძალისხმევა, რაც კაცობრიობამ ამ დაავადების განადგურებისთვის ათწლეულების განმავლობაში გაიღო, წყალში ჩაიყაროს", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის მოადგილე სუმია სვამინათანი.
ადამიანებმა, რომლებსაც ვაქცინაციაზე უარის თქმა სურთს, უნდა გაიხსენონ, რომ 2000-დან 2017 წლამდე წითელას შემთხვევები 83 პროცენტით შემცირდა, რამაც 21 მილიონ ადამიანზე მეტის სიცოცხლე გადაარჩინა. შედარებისთვის კი, ვაქცინაციაზე უარის თქმამ 110 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მეცნიერების თქმით, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად საჭიროა, რომ საზოგადოების 95 პროცენტს აცრა გაკეთებული ჰქონდეს. თუ საზოგადოების 95 პროცენტს წითელას უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა გაკეთებული ექნება, ეს დაავდებისგან ხალხის დარჩენილ ხუთ პროცენტსაც დაიცავს, რომელთათვისაც აცრის გაკეთება ალერგიებისა და სხვა მიზეზების გამო არ შეიძლება.
წითელას მიმართ იმუნიტეტის შესაძენად ჯამში ორი არაა საჭირო, ამჟამინდელი მონაცემებით, გლობალურად ვაქცინის პირველი დოზით მოსახლეობის 85 პროცენტია დაცული, მეორე დოზით კი მხოლოდ 67. როგორც ვხედავთ, სასურველ 95 პროცენტიან ნიშნულამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
"ვაქცინების შესახებ გავრცელებული ცრურწმენები და მსოფლიოს მასშტაბით არსებული გაუმართავი ჯანდაცვის სისტემები კაცობრიობის მიერ განვლილ მრავალწლიან პროგრესს საფრთხის წინაშე აყენებს. თუ გვსურს, რომ წითელას აფეთქებები თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია გეგმიური ვაქცინაციის უფრო მკაცრი კონტროლი და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება", - აცხადებს ვაქცინების გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი სეთ ბერკლი.
კომენტარები