ევოლუცია ჩვენ თვალწინ - "წყლის ბოშებს" ყვინთვისთვის სპეციალური ადაპტაციები გააჩნიათ
ფილიპინების, მალაიზიისა და ინდონეზიის ნაპირებზე ბაჯოს მომთაბარე ხალხი უკვე ათასობით წელია ცხოვრობს. მათ სხვაგვარად წყლის ბოშებსაც უწოდებენ. ისინი არც კალენდარს იყენებენ და არც საათს, მათი დღე კი წყალთან ყოფნით იწყება და ასევე მთავრდება.
წყლის ბოშების მიერ განხორციელებული თავისუფალი ყვინთვის მაქსიმალური დოკუმენტირებული სიღრმე 79 მეტრია, ხოლო წყალქვეშ გატარებული მაქსიმალური დრო - 3 წუთზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ბოშები ასეთ სიღრმეებზე ყოველდღიურად არ ჩადიან, ისინი საკუთარი სამუშაო დღის 60 პროცენტზე მეტს წყალქვეშ ატარებენ.
ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული კვლევით ვიგებთ, რომ ბაჯოს ხალხს სპეციალური გენეტიკური და ფიზიკური ადაპტაციები გააჩნიათ, რაც მათ ყვინთვას უადვილებს.
ადამიანები ჩვენს თავს ბუნების ყველაზე წარმატებულ ქმნილებებად მივიჩნევთ ხოლმე, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ბუნებრივი გადარჩევისა და ევოლუციის პროცესის დანახვა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში ახლაც ცხადადაა შესაძლებელი.
ბაჯოს ხალხი ტრადიციულად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, ისინი სპეციალურად შექმნილ ნავებზე ცხოვრობდნენ, რესურსების მოსაპოვებლად კი მანგროს ტროპიკულ ტყეებსა და სიცოცხლით სავსე მარჯნის რიფებს იყენებდნენ.
მეოცე საუკუნეში ბაჯოს ხალხის გარკვეული ჯგუფები სანაპიროზე დასახლდა, თუმცა მათი ცხოვრების სტილი არ შეცვლილა, მათთვის მეთევზეობა თავის გადარჩენის მთავარი გზაა.
ერთადერთი ეკიპირება, რაც მათ ყვინთვისათვის გააჩნიათ, ჩასაძირი სიმძიმეები და ხისგან გაკეთებული წყლის სათვალეებია. ამის გამო, თევზის დაჭერის ერთადერთი გზა ღრმად ჩაყვინთვა და სუნთქვის დიდი ხნის განმავლობაში შეკავებაა.
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ბაჯოს ხალხის შესწავლისას დაადგინა, რომ მათ ყვინთვისათვის განსაკუთრებული ადაპტაციები გააჩნიათ, ერთ-ერთია ზომაში მნიშვნელოვნად მომატებული ელენთა. საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული თვისება ისეთ ინდივიდებსაც აღენიშნებოდათ, რომლებიც არ ყვინთავენ, რაც მიანიშნებს, რომ ეს არა ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებული უნარი, არამედ შთამომავლობით გადმოცემული ნიშან-თვისებაა.
ელენთის ზომა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ორგანოში ხდება სისხლის წითელი უჯრედების დამარაგება. ყვინთვისას ელენთა იკუმშება და სისხლის დამარაგებული უჯრედები თავისუფლდება, რაც ორგანიზმისთვის ჟანგბადის დამატებითი წყაროა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად მსგავსი ადაპტაციები გვხვდება წყლის ისეთ ცხოველებშიც, როგორიც არის, მაგალითად, სელაპი.
დნმ-ის ანალიზით გამოვლინდა კიდევ ერთი ადაპტაცია, ეს არის ერთ-ერთი გენის ვარიაცია, რომელიც ორგანიზმში ჰორმონ T4-ის დონეს არეგულირებს. აღნიშნული ჰორმონი ფარისებრ ჯირკვალში წარმოიქმნება და ის ორგანიზმის მეტაბოლიზმს ახშირებს, რაც საბოლოოდ ჟანგბადის დაბალ დონესთან გამკლავებას აადვილებს.
წყლის ბოშებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვა რამდენიმე გენიც, რომლებიც მათ ყვინთვაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი გენის მეშვეობით ორგანიზმში სისხლი კიდურებიდან და სხვა ნაკლებად პრიორიტეტული ორგანოებიდან გამოიდევნება და ის ტვინის, ფილტვებისა და გულისკენ მიემართება. მათ ასევე ნახეს გენი, რომელიც ორგანიზმში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვებას ხელს უშლის.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმ ევოლუციურ ადაპტაციებზე, რომლებიც ბაჯოს ხალხს ყვინთვისთვის განუვითარდათ.
სხვა მაგალითები
ეს არ არის ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში სპეციფიკური ადაპტაციების აღმოჩენის პირველი შემთხვევა. მაგალითად, ეთნიკურ ტიბეტელებს გააჩნიათ მუტაცია, რომელიც მათ ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას ზრდის, მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო მაღლა ვართ ზღვის დონიდან, მით უფრო ნაკლებია ჟანგბადია ატმოსფეროში. წითელი უჯრედების მომატებული რაოდენობა კი სწორედ ამის კომპენსაციას ახდენს.
არსებობს კვლევები, რომლითაც დგინდება, რომ გრენლანდიაში მცხოვრებ ინუიტებს სპეციალური ადაპტაციები აქვთ, რომელთა წყალობით მათ ორგანიზმს ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება შეუძლია, თანაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის მატების გარეშე.
ბაჯოს კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ადაპტაციების შესწავლით მეცნიერებმა შესაძლოა ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) მკურნალობის უკეთესი ხერხები შეიმუშაონ.
ასევე საინტერესოა, ჰგავს თუ არა ბაჯოს ხალხისა და ეთნიკური ტიბეტელების მუტაციები ერთმანეთს. ამ ხალხის ორივე ჯგუფს აღნიშნული მუტაციები ჰიპოქსიის საწინააღმდეგოდ განუვითარდათ, თუმცა, ერთის შემთხვევაში ჟანგბადის ნაკლებობა ყვინთვით იყო გამოწვეული, მეორე შემთხვევაში კი მაღალ რეგიონში ცხოვრებით.
ცნობილია, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე მუტაციები ერთმანეთისგან იზოლირებულ საზოგადოებებში თავისით წარმოიშვება ხოლმე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ განსხვავებულმა მუტაციებმა საბოლოოდ ერთი და იგივე შედეგამდე მიგვიყვანონ.
მუტაციების ხასიათის დადგენა შესაძლოა ამ კვლევის შემდეგი ეტაპი იყოს.
კომენტარები