ჩვენი მზის სისტემა ბნელი მატერიის "ქარიშხალში" მოხვდა
ასტრონომების გამოთვლების მიხედვით, მზის სისტემა ამ წუთას ბნელი მატერიის "ქარიშხალშია" მოხვედრილი, რომელიც წამში 500 კილომეტრის სიჩქარით ქრის.
ბნელი მატერია სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია. ჩვენ ის პირდაპირი გზით არასდროს დაგვიფიქსირებია, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია, თუმცა ვიცით, რომ ის არსებობს, რადგან ამ ეტაპზე ის არის ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლოა ვარსკვალვებისა და გალაქტიკების მოძრაობის თავისებურებები აიხსნას. სამყაროში ვარსკვლავები და სხვა კოსმოსური სხეულები იმაზე სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით არის შესაძლებელი.
შესაბამისად, სამყაროში უნდა არსებობდეს რაღაც სხვა მასაც, რომლის მიზიდულობაც კოსმოსში არსებულ ობიექტებზე ახდენს გავლენას, ეს ბნელი მატერიაა. მის გავლენაზე დაკვირვებით კი მეცნიერებს ამ "უჩინარი" მატერიის მასისა და სხვა თვისებების გამოთვლა შეუძლიათ.
ასტრონომები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, რომ როგორმე ბნელი მატერია პირდაპირი გზით დააფიქსირონ, თუმცა ამ დრომდე ეს მიღწეული არ არის, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, მაშინ საიდან ვიცით, რომ ჩვენი მზის სისტემა ბნელი მატერიის "ქარიშხალშია" მოხვედრილი?
აღნიშნული ინფორმაციის ამოკითხვა ჩვენს გარშემო არსებული ციური ობიექტების ტრაექტორიაში შეიძლება. თანამგზავრ Gaia-ს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასტრონომებმა ვარსკვლავების ნაკადი დააფიქსირეს, რომელიც მას შემდეგ დარჩა, რაც ჩვენმა გალაქტიკამ მისი მეზობელი პატარა სფერული გალაქტიკა "ჩაყლაპა".
ჩვენს გალაქტიკაში რამდენიმე ასეთი ვარსკვლავთა ნაკადის დაფიქსირება შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, სახელად S1, გამორჩეულია, ის 30 000 ვარსკვლავს შეიცავს და მას გზად ჩვენი მზის სისტემა ეღობება.
არ ანერვიულდეთ, 30 000 ვარსკვლავიდან არც ერთი მათგანი ჩვენ არ დაგვეჯახება, მაგრამ ნაკადის არსებობა ნიშნავს, რომ მას ვარსკვლავებთან ერთად ბნელი მატერიაც მოჰყვება.
ესპანელი ფიზიკოსები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ შეიძლება დავაფიქსიროთ S1-ში არსებული ბნელი მატერიის ნაკადი დედამიწაზე. ერთ-ერთი ვარიანტი ჰიპოთეტური ნაწილაკების WIMP-ების დაფიქსირებაა, თუმცა ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით, არსებობენ თუ არა ეს ნაწილაკები. თუ ეს ნაწილაკები არსებობენ, ისინი ელექტრონებსა და ატომის ბირთვებთან დაჯახების დროს მცირე რაოდენობით სინათლეს უნდა გამოყოფდნენ, რომლის დანახვაც შესაძლოა სპეციალური, თხევადი ქსენონის ან კრისტალური დეტექტორებით შევძლოთ, თუმცა, ფიზიკოსების გამოთვლებით, WIMP-ების დაფიქსირება ნაკლებად სავარაუდოა.
ბნელი მატერიის აღმოსაჩენად უფრო ეფექტური შესაძლოა აქსიონების დეტექტორები იყოს. აქსიონები ჰიპოთეტური ნაწილაკებია, რომლის მასაც ელექტრონისაზე 500 მილიონჯერ უფრო ნაკლებია. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ აქსიონები შესაძლებელია ბნელი მატერიის მთავარი "ინგრედიენტი" იყოს, თუმცა, ჯერჯერობით, მეცნიერებმა ვერც აქსიონები და ვერც WIMP-ები ვერ დააფიქსირეს.
აღნიშნული კვლევები მეცნიერებს დაეხმარებათ, რათა ბნელი მატერიის დასაფიქსირებლად ახალი მეთოდები შეიმუშავონ.
კომენტარები