რუსეთი ე.წ რბილი ძალით ჰიბრიდული ომს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტიურად კი უკრაინასა და საქართველოში აწარმოებს. ახალი შეტევის ობიექტი ამჯერად საქართველოა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით, 13-14 ოქტომბერს დიდუბე პლაზაში ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი გაიმართება. ფორუმს საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი მასპინძლობს.

ფოტო: გორჩაკოვის ფონდი

რუსული სახელისუფლებო ფონდის გვერდზე ვკითხულობთ, რომ ფორუმის მიზანია რუსი და ქართველ ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა. ფორუმის ორგანიზატორებს კი გეგმაში აქვთ დამსწრეებს დიპლომატია ასწავლონ და პრობლემურ სიტუაციაში მყოფი ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარების მასტერკლასი ჩაუტარონ.

ორგანიზატორები აცხადებენ იმასაც, რომ ფორუმის მონაწილეები შეიმუშავებენ საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაზრდის მექანიზმებს. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის დაწყებას.

რას წარმოადგენს გორჩაკოვის ფონდი?

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა და მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო უწყებაა. ფონდი საკუთარ მიზნად საერთაშორისო დიპლომატიის ხელშეწყობას ასახელებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.

გარდა ამისა, ფონდი სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების ინფორმაციულ ანალიზს და მეთოდოლოგიურ დახმარებას სთავაზობს რუსულენოვან ორგანიზაციებს საზღვარგარეთ. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფონდის მიზნების მიღწევაზე არიან ორიენტირებული.

რა საფრთხეს შეიცავს გორჩაკოვის ფონდის აქტივობა საქართველოში?

რატომ არის რუსული დიასპორის გაძლიერება დამაზიანებელი და რა საფრთხეებს შეიცავს გორჩაკოვის ფონდის აქტივობა საქართველოში — ამის შესახებ On.ge რუსული პროპაგანდის მკვლევრებს ესაუბრა.

მთავარი ამოცანაა რუსული კლასიკური ნარატივი გაატარონ, რომ "რაც ჩემია ჩემია და რაც თქვენია, იმაზე ვილაპარაკოთ — თქვენია თუ ჩვენია". ამ ტიპის დისკუსიებს უნდათ შეუწყონ ხელი

დავით ძიძიშვილი

საინფორმაციო ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი და მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი სოფო გელავა აცხადებენ, რომ ამ ფორუმის მიზნებში ცხადად იკითხება ე.წ Русскии мир-ის — რუსული სამყაროს იდეოლოგიის გავრცელების სურვილი.

Русскии мир (რუსული სამყარო) ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული ფონდია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით რუსული დიასპორების გაძლიერება და რუსული იდეოლოგიის გავრცელებაა.

საინფორმაციო ომის მკვლევრის, დავით ძიძიშვილის აზრით, ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმის მიზანიც რუსული სამყაროს ერთიანობის კონცეფციის გავრცელება და რუსეთის მოქმედებების გამართლებაა.

"ქვეყანაში, სადაც გორჩაკოვის ფონდს აქვს თავისი საცეცები გაშლილი, მიდის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის მხარდაჭერა და გამართლება. ცალსახაა, რომ რუსეთი საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად იყენებს ასეთი ტიპის ორგანიზაციებს. ეს ერთ-ერთი კარგი გზაა რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად.

მათ კარგად აქვთ ათვისებული ე.წ რუსული სამყაროს კონცეფცია და მიაჩნიათ, რომ ყველა, ვისაც შეუძლია რუსულ ენაზე საუბარი, არის რუსული სამყაროს ნაწილი. სწორედ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ამ ცნების დამკვიდრებას საზოგადოებაში", — აცხადებს ძიძიშვილი.

ძიძიშვილი განმარტავს, რომ მსგავს შეხვედრებზე აქტიურად განიხილავენ ოკუპაციისა და ანექსიის საკითხს რუსული ინტერესების დაცვით. მისი თქმით, ამ ფორუმზე დიპლომატებს საერთაშორისო პოლიტიკის განხილვა მოუწევთ და აუცილებლად გაკეთდება აქცენტი იმაზე, თუ როგორ უწევს რუსეთს თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ავანსცენაზე.

"მთავარი ამოცანაა, რუსული კლასიკური ნარატივი გაატარონ რომ "რაც ჩემია, ჩემია და რაც თქვენია, იმაზე ვილაპარაკოთ თქვენია, თუ ჩვენია", — ძიძიშვილის თქმით, რუსეთს სურს ამ ტიპის დისკუსიებს შეუწყოს ხელი.

90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყოველთვის იყენებდა რუს ხალხს ინტერვენციების და აგრესიული პოლიტიკის საბაბად

სოფო გელავა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარს, სოფო გელავას მიაჩნია, რომ რუსული დიასპორის გაძლიერება სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს ქმნის.

"რატომ სჭირდებათ რუსული დიასპორის გაზრდა საქართველოში?! ეს მათი ერთ-ერთი დღის წესრიგია. 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყოველთვის იყენებდა რუს ხალხს ინტერვენციებისა და აგრესიული პოლიტიკის საბაბად.

ისინი იწყებდნენ საუბარს, რომ თითქოს რუსულ დიასპორას უფლებები აქვს შეზღუდული და საფრთხის წინაშე არიან. სწორედ, მათი დაცვის მოტივით იწყებოდა სამხედრო ინტერვენციები. ეს არის ძალიან ცნობილი მეთოდი, ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ ეს თემა წამოწიეს", — აცხადებს სოფო გელავა.

მისი თქმით, აქამდე რუსული ფორუმები სხვა თემებზე ტარდებოდა და ნელ-ნელა ამზადებდა ფონს დიასპორის საკითხებზე სასაუბროდ. როგორც გელავა აღნიშნავს, თუ საქართველოში რუსული დიასპორა გაძლიერდება, ეს რუსეთს კიდევ ერთ ბერკეტს მისცემს საქართველოში ფეხის მოსაკიდებლად.

როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას — სახელმწიფოს როლი

On.ge-სთან საუბარში მკვლევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ რუსული ფულით დაფინანსებული ფორუმები არ უნდა აკრძალოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს. კონტროლის მექანიზმად კი ინფორმაციის გავრცელებას ასახელებენ.

"მე არ ვარ ცალსახად მომხრე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო პირდაპირ ჩაერიოს და აკრძალოს ასეთი ტიპის ღონისძიებები. მაგრამ სახელმწიფომ, ზოგადად, არამხოლოდ რუსული ფულის, ნებისმიერი ფულის შემოდინება და გადინება უნდა აკონტროლოს, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

ღიად უნდა თქვან, რომ ფინანსური ანალიზის საფუძველზე ესა და ეს ღონისძიება ვლადიმერ პუტინის ჯიბიდან ფინანსდება. უნდა თქვან, იცოდეთ, ვინც ამ ფორუმზე გადიხართ, რომ თქვენ იღებთ მონაწილეობას ღონისძიებაში, რომელსაც პუტინი აფინანსებს. ეს ძალიან კარგი პრევენციული მექანიზმი იქნება", — აცხადებს ძიძიშვილი.

MDF-ის მკვლევარიც იმავე აზრზეა და მიაჩნია, რომ თუკი საქართველოში ვინმეს აქვს ინტერესი მსგავს ფორუმს დაესწროს, ეს მისი უფლებაა და სახელმწიფომ არ უნდა აუკრძალოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი პოზიცია ოკუპაციის კანონის დასაცავად და ქვეყანაში არ უნდა უშვებდეს იმ პირებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საზღვრიდან შედიან. მისივე თქმით, მსგავს ფორუმებსა და რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლა მხოლოდ ინფორმაციული მექანიზმებით შეიძლება.

მსგავსი აქტივობების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ქართულ საზოგადოებას აქვს ადეკვატური პოზიცია რუსული პროპაგანდის მიმართ

ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც. მისი თქმით, მთავარია რითი პასუხობს სახელმწიფო ამ გამოწვევას:

"ჩვენ ამას ვპასუხობთ ევროპული ინტეგრაციით, უვიზო მიმოსვლით, ასოცირების შეთანხმებით, ნატოსა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით. ვპასუხობთ პირველ რიგში იმით, რომ საზოგადოება ამას ხედავს და მხარს უჭერს ხელისუფლების ამ ნაბიჯებს. დანარჩენი არ უნდა შეგვეშინდეს, პირიქით."

სესიაშვილის თქმით, მსგავსი ფორუმები საფრთხეს არ წარმოადგენს, როცა საზოგადოება არის ადეკვატური პრობლემის მიმართ. მისივე თქმით, თუ ფორუმის წევრები კანონს არ არღვევენ გამოხატვის თავისუფლება ვერ შეიზღუდება, მაგრამ როცა მსგავს აქტივობას პროტესტი მოყვება ეს ამყარებს ქართულ პოზიციებს.

"კარგია მაშინ პროტესტი, რომ მოყვა. ალბათ, ამ შემთხვევაშიც პროტესტი მოყვება იმიტომ, რომ რუსულ რბილ ძალას, რუსულ პროპაგანდას საქართველოში არ ექნება გამართლება, არ ექნება რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ამ პროტესტის გამოხატვა არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რუსული პროპაგანდის მიმართ", — განაცხადა სესიაშვილმა.

ქართული პროტესტი რუსულ ნარატივებს

სექტემბერში საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრორუსული განწყობებით ცნობილმა მედიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და მკვლევრებმა. რუსული დელეგაციიდან 4 ჟურნალისტი უკან გააბრუნეს მოსკოვში ოკუპაციის კანონის წლების წინ დარღვევის გამო.

ფორუმმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრებმა სასტუმროსთან, სადაც ფორუმი იმართებოდა სუფრა გაშალეს და დოლ-გარმონზე დაუკრეს. ამ ფორმით მათ გააპროტესტეს ის "რბილი დამოკიდებულება, რაც სახელმწიფოს ოკუპანტების მიმართ აქვს". აქციის მონაწილეებმა ჰკითხეს ფორუმზე დამსწრე პირებს აღიარებდნენ თუ არა ისინი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს რუსული ფულის შემოდინებას ქვეყანაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის გამო ძნელია ხალხში პრორუსული სენტიმენტების მართვა.

ფორუმს კრიტიკა მოყვა ოპოზიციიდანაც. ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მედიაფორუმი რუსეთის მხრიდან საქართველოს დაცინვაა. ამავე პარტიის წევრმა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოდან ფულის შემოდინება უნდა შეიზღუდოს. მისივე თქმით, პარლამენტში წარადგენენ ინიციატივას რუსული პროპაგანდის საკანონდებლო დონეზე შეზღუდვების შესახებ.

რუსულმა პროპაგანდამ პოლიტიკისა და მედიის გარდა ფეხი სპორტშიც მოიკიდა. 4 ოქტომბერს ბათუმში, საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ სასაჩუქრე მინიატურული რუკები დაარიგა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო დატანილი და რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, მარკ გლუხოვსკიმ განაცხადა, რომ რუკაზე საქართველო არც კი ჩანს და რუკის მომზადების დროს პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

საბოლოოდ, საქართველომ რუსულ საინფორმაციო ომს სწორი ინფორმაციით უპასუხა. ოლიმპიადის დახურვაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა და განაცხადა, რომ დიზაინერების ნებით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დაარღვევს.

ფოტო: პირველი არხი

ფოტო: თორნიკე რიჟვაძე / FB

გარდა რბილი ძალით მოყენებული ზარალისა, სამხედრო ინტერვენციის შედეგად რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტია. 2008 წლის ომის დროს დაიღუპა 400 და დაშავდა 2 232 ადამიანი. ათიათასობით ადამიანმა კი დაკარგა საცხოვრებელი სახლი და საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება.

ამავე თემაზე: