ციფრული უკვდავება: თქვენივე ავატარი, რომელმაც შეიძლება სიკვდილის შემდეგ ჩაგანაცვლოთ
თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენთან საუბარსა და რჩევის კითხვას თქვენი გარდაცვალების შემდეგაც შეძლებენ.
ჰოსეინ რაჰნამა თავისი მეგობრისთვის, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ფინანსური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ციფრულ ავატარს ქმნის. მის მეგობარს სურს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არსებობა ციფრული სახით განაგრძოს, ეს მისი პიროვნების ვირტუალური მოდელი იქნება, რომელსაც თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის რჩევების მიცემა და გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება შეეძლება.
აღმასრულებელი დირექტორის ციფრული ვერსია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე იქნება შექმნილი, რომელსაც პირადი მონაცემებისა და ადამიანთა შორის ურთიერთობების გაანალიზების უნარი აქვს, ავატარმა შეეძლება დააფიქსიროს, რომ აღნიშნულ კლიენტთან კომპანიას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას.
"აღნიშნული კომპანიასთან ურთიერთობით დაინტერესებული არ ვარ", - განაცხადებს ავატარი, მისი ეკრანი კი გაწითლდება.
უცნაურია? შეიძლება, მაგრამ რაჰნამა ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ ციფრული ცხოვრება საკმაოდ პოპულარული გახდება. რაჰნამა ტორონტოში, რიერსონის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ამჟამად ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშია მიწვეული, სადაც ის პროექტ Augmented Eternity-ზე მუშაობს. დასრულების შემდეგ პროგრამა საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი თავის ციფრული ვერსია შექმნათ, რომელსაც თქვენი გარდაცვალების შემდეგ თქვენი სახელით სხვა ადამიანებთან ურთიერთობა შეეძლება.
ასაკში მყოფი მოსახლეობის უმეტესობის შესახებ საკმარისი ციფრული ინფორმაცია დაგროვილი არ არის, რაც მათი ვირტუალური ვერსიების შექმნას ხელს შეუშლის, თუმცა შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობასთან მიმართებაში, ეს პრობლემა არ დგას. თანამედროვე სამყაროში ადამიანები ჩვენს შესახებ ინფორმაციას მუდმივად გავცემთ, იქნება ეს სოციალური მედია, ჩვენი ინტერნეტის ისტორია, ინსტაგრამის სურათები თუ რაიმე სხვა. ადამიანთა უმეტესობას რამდენიმე ათწლეულში უზარმაზარი ციფრული მემკვიდრეობა ექნება, რომლის გამოყენებაც ავატარის შესაქმნელად შეიძლება.
გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცი უფრო და უფრო იმატებს, ყოველწლიურად ფეისბუქის 1.7 მილიონი მომხმარებელი იღუპება, რომელთა ანგარიშებიც ზოგჯერ იშლება, ზოგჯერ კი სამუდამო სიჩუმეში რჩება.
"ყოველდღიურად ინფორმაცია გიგაბაიტების რაოდენობით გროვდება, ჩვენ ახლა გვაქვს ბევრი ინფორმაცია, ძლიერი გამოთვლითი სისტემები და დიდი რაოდენობით ციფრული მეხსიერება", - აცხადებს ჰოსეინ რაჰნამი
საკმარისი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მასზე დაყრდნობით ხელოვნურმა ინტელექტმა სხვადასხვა ალგორითმის გამოყენებით ადამიანის ხასიათისა და პიროვნების ვირტუალური ვერსია შექმნას, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანის სიმულირებული ვერსია.
და როგორი იქნება თქვენი ვირტუალური ვარიანტი?
ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი ვირტუალური მოდელი შეიძლება ჩატ ბოტი იყოს, ან მოსაუბრე ხმა, ან სამგანზომილებიანი ანიმაცია, ან ადამიანის მსგავს რობოტში ჩამონტაჟებული სისტემა.
აღნიშნული იდეის განხორციელებამდე კვლავ გრძელი გზაა გასავლელი. ძალიან რთულია შექმნა ხელოვნური სისტემა, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბუნებრივი ადამიანის მსგავსად შეუძლია საბარი, ზედმეტია ლაპარაკი ხასიათისა და პიროვნული თვისებების გამოვლენაზე. ამჟამად არ არსებობს არც ერთი პროგრამა, რომელსაც თქვენს მსგავსად შეუძლია კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება. რაჰნამას თქმით, აღმასრულებელი დირექტორის ავატარი კომპანიას გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, თუმცა კომპანიის მართვას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.
კონტექსტი
რაჰნამი აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს დღეისათვის ყველაზე მეტად კონტექსტი აკლია. ჩატ ბოტების უმეტესობა მშრალ, თუნდაც მრავალფეროვან, მაგრამ სტანდარტულ პასუხებს იძლევა. ადამიანთა შორის კომუნიკაცია ბევრად უფრო კომპლექსურია, ჩვენი საუბრის სტილი და შინაარსი იცლვება მრავალი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, მაგალითად იმის, თუ დღის რა დროა, ვის ვესაუბრებით, სად ვიმყოფებით და ა.შ.
რაჰნამამ ამ პრობლემებზე სამუშაოდ კომპანია Flybits ჩამოაყალიბა, ეს არის პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ მათი კომუნიკაცია მომხმარებლებთან ინდივიდუალური და პირადი გახადონ. მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ბანკი, რომლის მობილური აპლიკაციაც შეტყობინებებსა და შეთავაზებებს მომხმარებელს იმის მიხედვით გაუგზავნის, თუ სად იმყოფებიან ისინი, რა შეიძინეს ბოლოს, რომელზე გაიღვიძეს დღეს და ა.შ.
როდესაც ახალგაზრდა მეცნიერმა პროექტ Augmented Eternity-ზე დაიწყო მუშაობა, მან აღმოაჩინა, რამხელა მნიშვნელობა აქვს საუბრის დროს კონტექსტს. თუ ადამიანის ვირტუალურ ვერსიას ქმნი, მშრალი, სტანდარტული წინადადებები საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ სისტემას უბრალო წინადადებების გარდა კონტექსტის აღქმაც შეეეძლოს.
შექმნილი პლატფორმა ინფორმაციას ფეისბუქიდან, ტვიტერიდან და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებიდან იღებს, შემდეგ კი ცდილობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში არსებული კონტექსტი და ემოცია ამოიცნოს და გაანალიზოს.
რამდენიმე წლის წინ მსგავსი იდეა რუსმა პროგრამისტმა, ევგენი კიუდამ განახორციელა. მან შექმნა ჩატ ბოტი, რომელიც თავის გარდაცვლილ მეგობარს განასახიერებდა. კიუდამ ჩატ ბოტის შესაქმნელად თავისი მეგობრის პირადი მიმოწერები გამოიყენა. მისი თქმით, ბოტი არც ზუსტი იყო და არც სრულად გამართლი, თუმცა საუბრისას ის მის გარდაცვლილ მეგობარს ძალიან ჰგავდა.
კიუდას თქმით, მთავარი დაბრკოლება ადამიანის კომპლექსურობაა.
"ჩვენ ყველა ადამიანს განსხვავებულად ვესაუბრებით, ჩვენში უამრავი სხვადასხვა ხასიათი ერთდროულად ცხოვრობს", - აცხადებს კიუდა.
ჩვენ ზოგჯერ კონკრეტულ ინფორმაციას მხოლოდ მეგობრებს ვუზიარებთ, ზოგჯერ მშობლებს, ზოგჯერ კი საერთოდაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს. ხელოვნური ინტელექტისთვის ამის "გააზრება" რთულია.
რაჰნამა ფიქრობს, რომ მისი კომპანია ამ დაბრკოლების გადალახვას შეძლებს. მისი თქმით ახალ სისტემას შეეძლება გამოიცნოს, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა გაუზიაროს კონკრეტულ ადამიანს.
მაგალითად რაჰნამას შვილს შეეძლება, მამამისის ვირტუალურ ავატარს პირადი რჩევები კითხოს, რაჰნამას ყოფილი სტუდენტი კი მასთან კონსულტაციას აკადემიურ საკითხებზე გაივლის. ამის საშუალებით ადამიანს სიკვდილის შემდეგაც შეეძლება, რომ საზოგადოების ცხოვრებაში წვლილი შეიტანოს.
არამხოლოდ გარდაცვლილთათვის
ციფრული ავატარი მაშინაც შეიძლება გამოგადგეთ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ. ხელოვნური ინტელექტი შეძლებს, რომ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას თავი მოუყაროს, მასთან ურთიერთობა კი სხვა ადამიანებს შეეძლებათ, რომელთაც ის თქვენს ცოდნას გაუზიარებს. მაგალითად ადვოკატი, რომლის მომსახურებაც წარმოუდგენლად ძვირი ღირს, შეიძლება ხელოვნურმა ადვოკატმა ჩაანაცვლოს, რომელიც კონსულტაციას ბერვად უფრო დაბალ ფასად გაგიწევთ.
იგივე ტექნოლოგიის გამოყენება ცნობილ ადამიანებსა და პოლიტიკოსებსაც შეეძლებათ, სამგანზომილებიანი ავატარის მეშვეობით ისინი ბევრად უფრო მეტ ადამიანთან შეძლებენ ურთიერთობის დამყარებას. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეძლებთ ისეთ ადამიანებს გაესაუბროთ, რომელთანაც შეხვედრის შანსი შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში არ გქონოდათ. Siri-სთან ან Alexa-სთან საუბრის ნაცვლად, თქვენ შეგეძლებათ მეცნიერს, პოლიტიკოსს, თანამშრომელს ესაუბროთ. რა საჭიროა ბიზნეს შეხვედრას პირადად დაესწროთ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ, რომ იქ თქვენი სამგანზომილებიანი ავატარი გაგზავნოთ?
ამ იდეის განსახორციელებლად ჰოსეინ რაჰმანი მარტო არ არის, მსგავს პროექტზე მუშაობს კალიფორნიაში შექმნილი სტარტაპი Eternime, რომელი მომხმარებლებს მათი სამგანზომილებიანი ავატარის შექმნას სთავაზობს, რომელიც უკვდავი იქნება. მისი საშუალებით კი სხვა ადამიანებს შეეძლებათ, თქვენი მოგონებები, აზრები და იდეები მოისმინონ.
"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს პროექტი მომწონს, არის ის, რომ ის მრავალ, ჯერჯერობით გადაუწყვეტელ ეთიკურ საკითხს ეხება, მაგალითად ვის ეკუთვნის ინფორმაცია ჩემს შესახებ, მას შემდეგ, რაც გარდავიცვლები?", - აცხადებს მეცნიერი.
ჟურნალ Nature Human Behavior-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეთიკოსები კარლ ოხმანი და ლუჩიანო ფლორიდი აცხადებენ, რომ "ციფრული ავატარების" მზარდი ინდუსტრიისთვის საჭიროა ახალი ეთიკური კანონების შემუშავება, რომელიც დაადგენს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ გარდაცვლილი ადამიანების პირად ინფორმაციას. უნდა მივუდგეთ მას თუ არა ისე, როგორც, მაგალითად, მუზეუმები ადამიანის ნეშტებს ექცევიან? ეს მიდგომა კომპანიებს ამ ინფორმაციაზე წვდომას დიდწილად შეუზღუდავს. თუ გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას ისე მოვექცევით, როგორც მის გარდაცვლილ სხეულს, ეს ინფორმაცია შეიძლება ერთგვარ საგანძურად იქცეს, რომელიც ღირებულებას სამუდამოდ შეინარჩუნებს.
ოხმანსი ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლო ციფრულ ცხოვრებაზე საუბრისას ის ყოველთვის იხსენებს ცნობილ შოუს, Black Mirror-ს, რომელშიც დაქვრივებულ გოგონას გარდაცვლილ ქმრის ავატართან აქვს ურთიერთობა.
მის გარდაცვლილ ქმართან ურთიერთობა ჩატ ბოტთან გაგზავნილი რამდენიმე წინადადებით იწყება, საბოლოოდ კი ის რობოტს ყიდულობს, რომელიც მისი ქმრის ასლია.
ოხმანის თქმით, უნდა დავფიქრდეთ თუ ვინ იქნება ის, ვინც ჩვენი გარდაცვლილი მეუღლის ან მშობლის ვირტუალურ ვერსიას მოგვყიდის. საინტერესოა, ხომ არ იქნება ეს თვით ამ გარდაცვლილი ადამიანის ავატარი? გარდაცვლილ ადამიანებს ცოცხლებზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ჩვენი ციფრული ვერსიები შესაძლოა ჩვენზე უფრო ლამაზები იყვნენ, ჰქონდეთ უფრო კარგი იუმორის გრძნობა და საუბრობდნენ უფრო სასიამოვნოდ, რათა პოტენციური მყიდველი დაიყოლიონ.
ციფრული ავატარების შექმნის იდეა ჩვენში ღრმად ჩანერგილი ინსტინქტის გამოხატულებაა, რომლის მიხედვითაც გვსურს, რომ სიკვდილის შემდეგ ვინმეს ვახსოვდეთ. მაგრამ ხომ არ გვირჩევნია, რომ როდესაც ამის დრო დადგება, მივცეთ საყვარელ ადამიანებს შესაძლებლობა, - გამოგვემშვიდობონ?
კომენტარები