ახალი კვლევის თანახმად, ალკოჰოლი ტვინის სერიოზულ დაზიანებას იწვევს
ეს ეფექტი თვეობით სიფხიზლის შემდეგაც რჩება.

ფოტო: Neuroscience News
მეცნიერებმა ალკოჰოლი თაგვებზე გამოცადეს და აჩვენეს, თუ რამდენად ცუდად მოქმედებს ის ტვინზე. კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება ტვინის გადაწყვეტილების მიმღებ ნაწილებზე, თუნდაც თვეების სიფხიზლის შემდეგ, ძლიერ გავლენას ახდენს.
როგორც დეტალურადაა აღწერილი ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის ეფექტი თაგვებში სამი თვის შემდეგაც დარჩა.
ალკოჰოლის მიწოდების შემდეგ თაგვები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ჯგუფში ის თაგვები იყვნენ, რომლებსაც ალკოჰოლი მიაღებინეს, მეორე ჯგუფის თაგვებს ალკოჰოლთან შეხება არ ჰქონიათ. მას შემდეგ რაც ალკოჰოლი ორგანიზმიდან გამოვიდა, ორივე ჯგუფს ჩაუტარდა "გადაწყვეტილების მიღებაზე დაფუძნებული ჯილდოს ტესტი".
ვირთხებს ჰქონდათ ორი ღილაკი. ერთზე დაჭერით შეიძლებოდა წყლისა და შაქრის ნაზავის მიღება — ეს მარტივი დავალება ვირთხებმა სწრაფად აითვისეს. შემდეგ დავალება გართულდა, ღილაკების ფუნქცია შეიცვალა. თავიდან თუ პირველ ღილაკზე დაჭერით იყო საკვების მიღება შესაძლებელი, ახლა ეს ფუნქცია მეორე ღილაკზე გადავიდა. ვირთხებს ეს უნდა დაემახსოვრათ და გაერკვიათ როდის იცვლებოდა "სწორი" ღილაკი, რათა ჯილდოს მიღება გაეგრძელებინათ.
"ეს რთული ამოცანა იყო, რომელსაც კარგი მეხსიერება და სტრატეგია სჭირდებოდა. ვირთხებმა, რომლებმაც ადრე ალკოჰოლი მიიღეს, ბევრად ცუდი შედეგი აჩვენეს", — აღნიშნულია კვლევაში.
მეცნიერების თქმით, ეს პირველი კვლევაა, რომელიც აჩვენებს თუ როგორ აფერხებს ალკოჰოლი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს. ეს ეფექტი რჩება მას შემდეგაც, რაც ალკოჰოლი ორგანიზმიდან უკვე დიდი ხნის გასულია.
მკვლევრებმა ეს შეფერხება დორსომედიალურ სტრიატუმთან (dorsomedial striatum) დააკავშირეს. ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც მოტორულ ფუნქციასთან და ქცევით გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული.
მკვლევრების თქმით, ისინი არ ელოდნენ, რომ ალკოჰოლის ეფექტი ამდენი ხანი გაგრძელდებოდა.
კომენტარები