50-დან 150 ლარამდე — მძღოლების მარტივი სქემა ტექდათვალიერების მოწმობის უკანონოდ მისაღებად
სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც 3 000 კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გახდა. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ფიზიკური პირები ტექდათვალიერების არმქონე მანქანის მართვისთვის 50 ლარით ჯარიმდებიან. იურიდიული პირები ან ინდმეწარმეები კი — 200 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ფიზიკური პირი სამართავად გადასცემს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილს სხვას, თითოეულს ცალ-ცალკე ეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.
კანონის ამოქმედების შემდეგ მძღოლებმა მარტივი გამოსავლის ძიება დაიწყეს — იღებენ ყალბ მოწმობებს ან ხელოსნების დახმარებით მანქანის ნაწილებს ქირაობენ და დროებით, ტექდათვალიერების გასავლელად ცვლიან.
ამ პროცესში რომ შავი ხვრელები არსებობს, დასტურდება Facebook-ის დახურულ ჯგუფებში, სადაც ავტომფლობელები ტექდათვალიერების მოწმობის ასაღებ უკანონო გზებს განიხილავენ.
ინფორმაციის დასაზუსტებლად On.ge-მ გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება და მანქანის ხელოსნებს მომხმარებლის სახელით დაუკავშირდა. ვცადეთ, გაგვერკვია შესაძლებელია თუ არა ამ გზით მანქანის კონკრეტული ნაწილის, კატალიზატორის დროებით შეცვლა. კატალიზატორი მანქანის ის ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს და გარემოს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს.
აღმოჩნდა, რომ კანონის გვერდის ავლით ტექდათვალიერების მისაღებად საჭირო ორი ხელოსნის საპოვნელად ინტერნეტში 10 წუთიანი ძებნა საკმარისია. ორივე მათგანს მივმართეთ კითხვით, შესაძლებელია თუ არა ტექდათვალიერების გავლა კატალიზატორის გარეშე. ხელოსნებმა სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზეს.
50 ლარი გამონაბოლქვის დროებით შესამცირებლად
პირველ შემთხვევაში ხელოსანს 2007 წლის Toyota Prius-ის მფლობელად გავეცანით. მან გვითხრა, რომ კატალიზატორის ყიდვა დაახლოებით 2 000 ლარამდე დაგვიჯდებოდა, თუმცა "მარტივი" გზა შემოგვთავაზა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო "ბადის" დაყენება ან "გლუჩიწელის" ანუ კატალიზატორის მქონე მაყუჩის თხოვება.
როგორც ხელოსანმა განგვიმარტა, ბადით გამონაბოლქვი შემცირდებოდა და ტექდათვალიერების გავლისას პრობლემა არ შეიქმნებოდა. კითხვაზე, რამდენად სანდოა მხოლოდ ბადის დამაგრება და შექმნის თუ არა ეს რაიმე პრობლემას ტექდათვალიერების დროს, ხელოსანმა გვიპასუხა, რომ მარტივად მოგვარებადია.
"მომისმინე, შენ მანქანაზე დავჯდები მე, შევიყვან მე და ჩაგახუტებ საბუთით, ბირკით, ყველაფრით", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ბადის დამაგრება 150-დან 200 ლარამდე ჯდება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაყუჩის თხოვება მისი ნაცნობისგან შეგვეძლო, რომელსაც ამავე მოდელის მანქანა ჰყავდა. ხელობის ფასის გათვალისწინებით, ეს ვარიანტი 50-დან 70 ლარამდე დაგვიჯდებოდა.
დროებით დაყენება "შარია", მაგრამ გამოსავალია
მეორე ხელოსნის ნომერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე მივაგენით. მომსახურების გაწევა მას არ შეეძლო, თუმცა, თავად შემოგვთავაზა პირი, რომელსაც მისი სახელით უნდა დავკავშირებოდით.
ამჯერად ხელოსანს ვუთხარით, რომ 2004 წლის გამოშვების NISSAN MARCH გვყავდა და იგივე პრობლემაზე ვუამბეთ. ხელოსნის თქმით, ამ თემაზე სალაპარაკოდ უნდა შეგვხვდეს, რადგან კატალიზატორის დროებით დაყენება აკრძალულია.
"მაგის გაქირავება ანუ დროებით ჩაყენება რომ გაგვიბაზრდეს, ესე რომ გითხრა, ჟარგონით, დაგვიჭერენ, შარია. ამიტომ, სადაც მე ვმუშაობ იქ უნდა მოხვიდეთ. მაქვს კატალიზატორები და იქ უნდა დავილაპარაკოთ მაგ თემაზე", — განაცხადა მან.
ხელოსანს ვკითხეთ დაახლოებით რა ფასზე იყო საუბარი, რომ შეხვედრაზე მზად მივსულიყავით, რაზეც გვიპასუხა, რომ 150 ლარად ამ პრობლემას მოვაგვარებდით.
ხელოსნებთან საუბარმა ცხადყო, რომ მსგავს "მარტივ და იაფ" მეთოდებს მძღოლები ინტენსიურად იყენებენ. შედეგად, ქუჩებში ტექდათვალიერების საბუთის მქონე გაუმართავი ავტომობილები ბრუნდება.
რა რეაგირება აქვს სახელმწიფოს დარღვევებზე?
2018 წლის პირველ ივლისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. რეგულაციის ამოქმედებიდან 3 თვეში გადაცემა რეალურმა სივრცემ ექსპერიმენტი ჩაატარა. ჟურნალისტმა თბილისის ქუჩებში გამოავლინა რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც გამონაბოლქვი ჰქონდა და საპატრულო პოლიციას აცნობა.
როგორც მას საპატრულოში განუცხადეს, გადაამოწმეს და აღნიშნულ მუნიციპალურ ტრანსპორტს სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. რაც შეეხება რეაგირებას, უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მონაცემები სტატისტიკისთვის გროვდებოდა. საპატრულოში აღნიშნეს, რომ შესაბამის უწყებებს შემდგომში ექნებოდათ რეაგირება, თუმცა არ იცოდნენ რა სახის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე მათ ევალებათ ავტომობილების შემოწმება ტექდათვალიერების ქონის ფაქტზე და არქონის შემთხვევაში დაჯარიმება. რაც შეეხება ინსპექტირების მოტყუებით გავლას უწყებაში ამბობენ, რომ თუ აღმოაჩენენ, რომ ტექდათვალირებაგავლილი მანქანა ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.
კომენტარები