რას ცვლის მთავრობა ეკონომიკური თავისუფლების აქტში
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში მთავრობა ცვლილებების შეტანას გეგმავს. კანონპროექტი გადამხდელებისგან მიღებული თანხის ხარჯვის გასაკონტროლებლად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრებს აწესებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამონაკლის შემთხვევაში, მთავრობას ამ ზღვრების დარღვევა შეუძლია და მიღებულ შემოსავალზე მეტის დახარჯვის უფლება უჩნდება. ამ ცვლილებით ეკონომიკური თავისუფლების აქტის რეალურ პრინციპებსა და მიზანს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.
ეკონომიკური თავისუფლების აქტის მნიშვნელობა
ეკონომისტი გიორგი პაპავა On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი მთავრობას უბიძგებს ოპტიმიზაცია იმ თანხებით განახორციელოს, რასაც გადასახადების გადამხდელები აწვდიან. მოქალაქეები ამ კანონის ჩანაწერებით საზღვრავენ ლიმიტს, რათა მთავრობამ მიღებულ თანხებზე მეტი არ დახარჯოს.
"წარმოიდგინეთ, რომ მე და თქვენ ვქირაობთ ადამიანს, რომელმაც უნდა დამიცვას, ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო, ჰყავდეს ჯარი, მომცეს ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომის საშუალება. ჩვენ ამ ადამიანს, ამავდროულად, ვუთხარით, რომ არ დახარჯონ იმაზე მეტი, რასაც ვაძლევთ. იმ შემთხვევაში, თუ ბევრს ხარჯავს, ვალებსაც აგროვებს და ვალები ისე უნდა დაგეგმოს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან, ანუ, ჩემს მთლიან ქონებასთან შეფარდებით 60%-ს არ აცდეს", — ამბობს ეკონომისტი, გიორგი პაპავა.
ამავე კანონით, ბიზნესინვესტორი იღებს ინფორმაციას, თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს მისი საქმიანობის დაგეგმვაში.
"ასეთი ჩარჩოები თანხების ხარჯვას უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს ხდის. შესაძლოა, მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომელსაც ჰგონია, რომ მაღალი საგადასახადო წნეხი და მთავრობის გაზრდილი როლი ეკონომიკური განვითარებისთვის სწორი გზაა. ასეთ მთავრობას ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში გაწერილი ნორმების შიგნით ოპერირება მოუწევს", — განმარტავს ექსპერტი.
რა იცვლება ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება კანონის მეორე მუხლში შედის, რომელიც მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრებს ადგენს. ცვლილების მიხედვით:
- საქართველოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს 3% უნდა იყოს;
- მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან — არაუმეტეს 60%.
კანონის მოქმედ რედაქციაში ეს ჩანაწერები არსებობს. განსხვავება ტერმინოლოგიაშია. ერთიანი ბიუჯეტის ნაცვლად ნაერთი ბიუჯეტია მოხსენიებული. მთავრობის ვალის ნაცვლად კი სახელმწიფო ვალი. ერთიანი ბიუჯეტი ნაერთი ბიუჯეტისგან განსხვავებით მოიცავს, როგორც სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების კონსოლიდირებულ ჯამს, ასევე სსიპ-ებისა და ააიპ-ების ოპერაციებსაც. მთავრობის ვალში, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებები არ მოიაზრება.
ბიუჯეტის დეფიციტი ხელისუფლების შემოსავლებსა და ხარჯებს შორის განსხვავებაა. ეკონომისტ გიორგი პაპავას განმარტებით, ჩვენ, მოქალაქეები ვიხდით გადასახადებს, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს. დეფიციტი არის განსხვავება მოქალაქის მიერ გადახდილ თანხასა და სახელმწიფოს დანახარჯს შორის.
"მაგალითად, თუ მე მივეცი სახელმწიფოს 100 ლარი და დახარჯა 120, გამოდის, რომ 20 ლარი ბიუჯეტის დეფიციტია", — ამბობს გიორგი პაპავა.
ამავე მუხლის მე-7 ქვეპუნტი უშვებს გამონაკლისებს, როცა დაგეგმილი პარამეტრების დარღვევა ხელისუფლებისთვის დაშვებულია.
ა. საგანგებო ან საომარი მდგომარეობით დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების შემთხვევაში;
ბ. ეკონომიკური ზრდის შენელების/რეცესიის შემთხვევაში — თუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია, ვიდრე გასული 10 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი.
ეკონომისტი გიორგი პაპავა On.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მე-7 პუნქტის ბ ქვეპუნქტი — ეკონომიკური რეცესია მოქმედ კანონშიც იყო ნახსენები, თუმცა ახალი კანონპროექტით ამ ტერმინის მნიშვნელობა კიდევ უფრო კონკრეტდება.
"დავუშვათ, რომ მე-3 და მე-4 კვარტალში 2-2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. თუ ჩვენ მანამდე 10 წლის განმავლობაში საშუალოდ 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მთავრობას შეუძლია თქვა, რომ ეს პროცესი რეცესიაა და დაარღვიოს ის შეზღუდვა, რომელიც მანამდე იყოს გაწერილი", — განმარტავს გიორგი პაპავა.
განათლების რეფორმა — გამონაკლისი
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონპროექტი დროებით რეგულაციასაც ადგენს. ამ რეგულაციით, მთავრობას უფლება ექნება განათლების რეფორმისთვის იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე დადგენილია. ამ უფლებამოსილების გამოყენება შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის, ერთჯერად და არაუმეტეს 3 წლის ვადით.
გიორგი პაპავა ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში 2019-2022 წლების ბიუჯეტის მოსალოდნელი დეფიციტები 3%-ს არ ცდება.
"ჩემთვის გაუგებარია, თუ მთავრობა 2022 წლის ჩათვლით არ აპირებს ისეთი რეფორმის დაწყებას, რომელიც მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, მომდევნო ორ წელში, რატომ უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ამ გამონაკლისის აუცილებლობა ჩემთვის გაუგებარია", — განმარტა ეკონომისტმა.
კანონპროექტით გაჩენილი კითხვები
ექსპერტი გიორგი პაპავა ფიქრობს, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა ცდილობს მოიპოვოს გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული თანხების თავისუფლად განკარგვის უფლება. მას მიაჩნია, რომ მსგავსი გამონაკლისები შესაძლოა, სხვა ცვლილებების წინაპირობა გახდეს.
"თუ იქამდე მივედით, რომ უამრავი გამონაკლისი ჩაიწერა, თავისუფლების აქტის ხიბლი დაიკარგება და საერთოდაც, აზრს დაკარგავს. მტკიცე ხედვა, რაც შეიძლებოდა ამ კანონის სრულყოფილად დაცვის შეთხვევაში მთავრობას ჰქონოდა, აჩენს შესაძლებლობებს, სხვა მიმართულებით გაატაროს ეკონომიკური პოლიტიკა. ხარჯების თავისუფლად განკარგვის უფლების დაბრუნებას ცდილობენ პატარ-პატარა ნაბიჯებით", — ამბობს გიორგი პაპავა On.ge-სთან საუბრისას.
ხელისუფლების პოზიცია
კითხვებსა და გამოთქმულ კრიტიკაზე საპასუხოდ, On.ge ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს 3 ოქტომბერს დაუკავშირდა. უწყებიდან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მრავალჯერადი ზარებისა და ლოდინის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროში ერთი პასუხი აქვთ: "უნდა ვაცადოთ".
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, სადაც აღნიშნული ცვლილება უნდა განიხილონ და გადაწყვეტილება მიიღონ, On.ge-ს უთხრეს, რომ კანონპროექტს ჯერ დეტალურად არ გაცნობიან. კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც პარლამენტში ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტისა და თანმდევი კანონპროექტების განხილვა დაიწყება.
საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად 9 ოქტომბერს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება.
კომენტარები