სოციალურ ქსელში კომპანია ზუმერის ახალი სარეკლამო ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ყველასათვის ნაცნობი სატელევიზიო დუეტი ასრულებს. რეკლამის მთავარი სათქმელი მარტივია - კომპანიას სურს მომხმარებლებს უთხრას, რომ ტელეფონებზე ზუმერში ყველაზე დაბალი ფასებია, თუმცა ამ მესიჯის გასავრცელებლად ზუმერმა უცნაური გზა აირჩია.

ზუმერის ახალი რეკლამა ორ ნაწილად იყოფა და ის საკმაოდ უცნაურია. პირველ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ შედის ორი ახალგაზრდა მაღაზიაში, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ტელეფონის ყიდვას გადაწყვეტს. მისი მეგობარი მას ზებუნებრივი ძალების დახმარებით აშეშებს, რათა მნიშვნელოვანი ამბავი გააგებინოს. ამ დროს ტელეფონის მყიდვის მსურველს ხელზე ვაშლები ამოეზრდება და შეშფოთებული სახით იყურება, მეორე კი ეუბნება, რომ "იგივე ტელეფონს, ზუმერში, უფრო იაფად იყიდის".

შემდეგ კი ისმის დასამახსოვრებელი საუნდბაიტი "ზუმერული ფასები", რომელიც ზუმერის ახალი კამპანიის მთავარი სლოგანი იქნება. აქ ჩნდება განცდა, რომ რეკლამა უნდა დასრულდეს, თუმცა ყველაფერი სწორედ აქ იწყება. გაშეშებული მსახიობის სამეტყველო აპარატი სასწაულებრივად გარდაიქმნება ეკრანად, საიდანაც გიორგი ასათიანისა და დავით გიორგობიანის დუეტი იწყებს ჩვეულ სტილში საუბარს.

ჩვენ ვკითხეთ ამ რეკლამის ავტორს, ლევან ლეფსვერიძეს, თუ რას ნიშნავდა ხელზე ამოზრდილი ვაშლები და რატომ გადაწყდა რეკლამის პირველი ნაწილის ასეთ ჟანრში გადაღება.

"ვიდეოს სარჩულად ჩვენი ბავშვობის დროინდელი საპნის რეკლამა “ვაშლი, მოიცა!” უდევს, ხოლო ჟანრი იაპონურ სარეკლამო მიმდინარეობას დავესესხეთ. ზუმერი, როგორც ინტერნეტის სამყაროსთან დამაკავშირებელი ბრენდი, ონლაინ თაობასთან კიდევ უფრო ახლოს მისასვლელად ქსელში პოპულარულ “თრეშ” ჟანრს ირჩევს", - ამბობს ლივინგტსონის კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე.

ფოტო: ლივინგტსონი

რეკლამაში ხარისხის არხის წამყვანები აკრიტიკებენ ზუმერის რეკლამის კონცეფციას და ამბობენ, რომ ის "მორიგი უაზრობაა". გიორგი ასათიანის თქმით, რეკლამა ზედმეტად ჩახლართული და ჩახუჭუჭებულია, ამიტომ წყვილი პირდაპირ ეუბნება მაყურებელს - ზუმერში, სხვებთან შედარებით, ყოველთვის უფრო დაბალი ფასებიაო. შემდეგ კი იწყებენ ფასების განხილვას ისე, როგორც გადაცემაში რელიგიურ თემებს განიხილავენ. დავით გიორგობიანი ზუმერის აქციასაც აანონსებს, რომლის მიხედვითაც, სექტემბერში ტელეფონის ფასები კიდევ უფრო მეტად დაიკლებს.

"სექტემბერში ყველა კომპანია აქტიურად იწყებს მარკეტინგულ კამპანიებს და ასეთ დროს, ძალიან რთულია რამე განსაკუთრებული შექმნა და მომხმარებელს მივაწოდოთ და დავამახსოვროთ ჩვენთვის სასურველი მესიჯები. ლივინგსტონისთვის მიცემულ აღწერაშიც, ერთერთი აუცილებელი პირობა, რაც კამპანიას უნდა დაეკმაყოფილებინა, იყო სწორი და პირდაპირი მესიჯი, რომელსაც მომხმარებელი მარტივად აღიქვამდა და დაიმახსოვრებდა", - განუცხადა On.ge-ს ზუმერის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეთო მერებაშვილმა.

"მინდოდა აქცენტი დამესვა სარეკლამო ინდუსტრიის გავრცელებულ სენზე, უაზროდ შეთითხნილ, ჩახლართულ ვიდეოსცენარებზე, სადაც თითქოს მაყურებლის ყურადღების მისაქცევად იმდენად არარელევანტურ სიუჟეტს აჩვენებენ, რომ მთავარი სათქმელი სრულიად გაუგებარი ხდება ხოლმე. ვთვლი რომ ეს ფუჭი გასროლაა და კარგი რეკლამა სწორედ ის არის, რომელიც სათქმელ-შინაარს მარტივად და სასიამოვნოდ მიიტანს მაყურებლამდე. ამ ჭეშმარიტების გასაჟღერებლად გადავწყვიტე საზოგადოებაში ყველაზე ალალი დუიეტი: გიორგი და დათო მომეწვია. მათთან მუშაობა საუკეთესო თავგადასავალი გამოდგა", - აღნიშნავს ლევან ლეფსვერიძე On.ge-სთან საუბარში.

რეკლამის დასასრულს გიორგი ასათიანი რიჩარდ ფრეიმანის სიტყვებს ციტირებს: "საზოგადოდ შესაძლებელია ყველაფრის გააზრება, მხოლოდ და მხოლოდ საღ აზრზე დაყრდნობით". წამყვანები ვარაუდობენ, რომ ქუბერები ამ ნაწილს აუცილებლად ამოჭრიან, თუმცა არ სწუხან ამის გამო. მეტიც, გიორგი ასათიანი "ამომჭრელებს" უფლებას აძლევს, რომ მისი ფრაზა რეკლამისთვისაც გამოიყენონ.

"გვინდოდა მაყურებლისთვის გვეთქვა, რომ სანამ ტელეფონს სხვა მაღაზიაში იყიდის, გაიხსენოს ზუმერი, სადაც იგივე ტელეფონს უკეთესს პირობებში ნახავს. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გვგეგმავთ რომ ახალი ტერმინი “ზუმერული ფასები” დავამკვიდროთ. სწორედ ამ კამპანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ვიდეო რგოლი", - ამბობს ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი.

რეკლამა სარეკლამო კომპანია ლივინგსტონმა გადაიღო.

"მე ვიტყოდი, რომ ამ პროექტმა ჩვენი ქვეყნის უნიჭიერესი პროფესიონალები გააერთიანა. მათთან მუშაობა, ჩემთვის როგორც დებიუტანტი რეჟისორისთვის უდიდესი კომფორტი და გამოცდილება იყო. მინდა ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო: მაგრები ხართ და მეამაყებით!" - თქვა მან.

ზუმერის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ტიპის რეკლამის მომზადება რისკიანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისი აზრით, გამართლებული.

"კამპანიის ვირუსულობისთვის საკამათო კონტროვერსიული პერსონაჟების გამოყენება ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. იყო შიშები, თუ რამდენადაა მომხმარებელი მზად ასეთი კონტენტის მისაღებად? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ დღევანდელ ციფრულ ეპოქაში თრეში ყველაზე კარგ და დიდ Buzzz-ს იწვევს, ხარისხიანად გაკეთებულ თრეშსაც შეუძლია იგივე ეფექტის მოტანა. ასევე, ძალიან დიდი იმედი იყო სააგენტოს მხრიდან არნახული თავდადება და ჩართულობა, რაც თავდაჯერებულობას გვმატებდა რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ზუმერის ბრენდი, მისი უშუალო ხასიათით, ზუსტად ის ბრენდია, რომელსაც შეუძლია მსგავსი გამოწვევების მიღება და ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ბაზარზე ახალ ტრენდს დავამკვიდრებთ “ზუმერული რეკლამის” სახით", - ამბობს ეთო მერებაშვილი.

სარეკლამო ვიდეოს მომზადებაში ჩართულები იყვნენ:

Agency: Leavingstone
Creative Director: Levan Lepsveridze
Creative Team: Pavle Gabritchidze, Elene Danelia, Emily Koridze
Account Managers: Anno Maisuradze, Catherine Meparidze
Strategy Director: Nino Kuprashvili
Art Director: Bruce Lee

Production:
Executive Producer: Meli Bagdavadze
Director: Levan Lepsveridze
DoP: Sandro Darakhvelidze
Producer: Tamta Navrozashvili
Production Designer: Polina Rudchik
Assisting Production Designer: Sandro Nadareishvili
Costume Design: Fourk Group
Set Decorator: Jimsher Berdzenishvili
Make-Up Artist: Veriko Bedeladze
Casting Director: Tamta Navrozashvili
Production Assistant: Lara Kveladze

Visual Post-Production by Anagrama:
CGI Artist: Nika Maisuradze
Animator: Irakli Kiladze
Color Grader: Levan Melikishvili

Editor: Giorgi Korganov
Sound and Music by Post Red Audio