სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილება ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონში, რათა ძებნაში მყოფ პირებს ამნისტიის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ.

ომბუდსმენი მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში განისაზღვროს პროცედურა, ყველა კატეგორიის პირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების თაობაზე.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ამნისტიის სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული უფლება წარმოიშობა პერიოდულად, სახელმწიფოს მიერ მიღებული სპეციალური კანონის მეშვეობით.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამნისტიის უფლების მატარებელია ყველა ის პირი, ვინც ობიექტურად მოექცევა შესაბამისი "ამნისტიის შესახებ" კანონის მოქმედების სფეროში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ძებნაში მყოფ პირთან მიმართებით, შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმური მიზანი იყოს ის რომ მიმალულია და აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას:

"განსხვავებით შეწყალების აქტისგან, რომლის შემთხვევაშიც არსებითი არის პიროვნების სოციალური ქცევა და მისი პიროვნული მახასიათებლები, ამნისტიის აქტი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს სისხლის სამართლის კონკრეტულ დანაშაულს და ამნისტიის მიზნებისთვის, პიროვნების ქცევა გადამწყვეტი არ არის".

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ფაქტობრივად იქმნება სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო დეკლარაციული ხასიათის უფლებას ანიჭებს გარკვეულ ჯგუფს, შესაბამის სამართლებრივ აქტში კი არ ასახავს აღსრულებისა და უფლებით რეალიზების მექანიზმს ცალკეული პირებისთვის, რასაც არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად ვერ იქნება გამართლებული.