ომის ბავშვები
აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, უცვლელი მხოლოდ მოგონებები შემორჩა, შეცვლილია საზღვარი, პოლიტიკა და განადგურებულია სახლები. მეზობლის აგრესია შეჩერებას არ აპირებს. საქართველო მუდმივად მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს.
10 წლის წინ დაახლოებით 150 000-მა ოჯახმა, საკუთარი სახლები იძულებით დატოვა და თავის გადასარჩენად საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ბავშვებთან ერთად გამოიქცა. მათი ნაწილი ახლა სკოლის მოსწავლეა და 10 წლის წინ მომხდარის გაანალიზებას ცდილობს, ნაწილი სრულწლოვანია და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება, ნაწილმა შეძლო შიშის დაძლევა და დღეს უკვე ზუსტად იცის რა სურს.
"ომის ბავშვები" პირვანდელი სიცხადითა და გულწრფელობით ყვებიან სახლზე, რომელიც დაკარგეს; მეგობრებზე, რომლებსაც დაშორდნენ და შიშზე, რომელიც დღეს, 10 წლის შემდეგაც ისეთივე ძლიერია, როგორც 2008 წლის 7 აგვისტოს.
15 წლის სოფო ჟივიძე ახალგორიდან
ახალგორის დატოვება 6 წლის ასაკში მომიწია. ყველაფერი მახსოვს, რადგან არ ვიყავი ისეთი პატარა, რომ რაიმე ჩემს გონებაში გაურკვეველი დარჩენილიყო. ყოველთვის მენატრება ახალგორში გატარებული დრო და მახსენდება, როგორც ტკბილი მოგონება. ახალგორი სიცოცხლით სავსე რეგიონი იყო, მახსოვს, ცენტრში ბავშვები დამალობანას რომ ვთამაშობდით და ღამღამობით გარეთ ვიკრიბებოდით. იქ ჩემი მეგობრებიც დარჩნენ, მაგრამ არა ბევრი, რადგან ყველას შეეშინდა და გამოიქცნენ. ემოციური იყო ყველაფერი, ქაოსი სუფევდა. ზოგი მანქანით წამოვიდა, ზოგი ტყით.
სახლი
ჩემი სახლი მახსოვს. ახალგორში შესვლა ახლაც შემიძლია, თუმცა ბევრს არა, რადგან რუსებმა ე.წ. "პროპუსკი" არ მისცეს. ჩემი სახლი მწვანე იყო, ფერადი, მახსოვს დიდი აივანი, სადაც ვთამაშობდი ხოლმე. ჩემი სახლი დაინგრა.
წეროვანში
ახალგორიდან წამოსვლის შემდეგ, თბილისში მამიდასთან მივედით, შემდეგ წეროვანში წამოგვიყვანეს. აქაურობა უდაბნოს ჰგავდა, ცუდად მახსოვს, ადაპტაცია რთული იყო. არც ერთი ხე არ იდგა, არავის არ ვიცნობდით, სახლებიც გვერეოდა, რადგან ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი, რომ სახლი დავკარგე და იქ ვერ დავბრუნდებოდი. დედას ვეკითხებოდი, როდის ჩავალთ, მენატრება, წავიდეთ. დედაც ცდილობდა, რომ რბილად ეთქვა: "ჩვენი ახალი სახლი წეროვანია". წეროვანი რომ ჩემი სახლია, ვერც ახლა ვიაზრებ და სულ ახალგორისკენ მაქვს გონება. სკოლაში სიარული და აქტიური ცხოვრება: ცეკვა, სიმღერა, ფორტეპიანო აქ ცხოვრებას მიადვილებს. ვცდილობთ, აქ ავაშენოთ ჩვენი მომავალი და აღარ ვიფიქროთ ახალგორში წასვლაზე, თუმცა ყოველთვის გვემახსოვრება და გვექნება იმედი, რომ დავბრუნდებით.
ომის შედეგი
ბებო და პაპა ახალგორში დარჩნენ. ბევრი ხალხი დაიღუპა. მე პირადად არავინ არ დამღუპვია, მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებმაც მამა, ახლობელი ადამიანები დაკარგეს და ამის გახსენება რთულია.
მომავალი
ისეთი ფერადი მომავლის აშენებას ვცდილობთ, როგორიც ახალგორში იქნებოდა. არ გვინდა ნისლის ფერებში ცხოვრება.
რუსეთი
რუსეთი ოკუპანტია...
12 წლის ლუკა მღებრიშვილი ახალგორიდან
სამი წლის ვიყავი აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაგრამ გარკვეული დეტალები მახსოვს: ჩემი სახლი, ეზო და რამდენიმე ადგილი. ყველაზე კარგად ჩემი ძაღლი მახსოვს, მიყვარს ცხოველები... ასევე მახსოვს რამდენიმე სათამაშო, რომელიც ჩამოვიტანე. ერთი მყავდა განსაკუთრებული, პინგვინი, რომელსაც მამაჩემის მეგობრის სახელი "ბაჩუკი" დავარქვი. მახსოვს ველოსიპედი, რომლითაც სამეზობლოში ვსეირნობდი. ჩემი ძაღლი "მიკი" რუსებმა მოკლეს.
სახლის დატოვება
მახსოვს რომ მანქანაში ჩამსვეს და წამოვედით, მეტი არაფერი. თავდაპირველად თბილისში ვიყავით. შემდეგ გაგვაგებინეს, რომ წეროვანში სახლი მოგვცეს. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო, რადგან მამაჩემი ახალგორში დარჩა, ასევე ჩემი ოჯახის წევრები, ბებია და ბაბუა. ახლა მხოლოდ ბებიაა ახალგორში, მამა ორი წლის შემდეგ, ტყით გადმოიპარა.
ახალი სახლი - წეროვანი
არ მომწონდა წეროვანი, ერთფეროვნება იყო, სახლებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებდი, ასევე მეგობრებსაც დავშორდი, სხვაგან ცხოვრობდნენ და ვეღარ ვემეგობრებოდი.
ომის გავლენა
როცა თბილისში მივდივარ და ჩემს სკოლელ მეგობრებს ვხვდები, ისინი მექცევიან, როგორც ობოლს, დაკარგულს, თითქოს ვეცოდები. ეს დამოკიდებულება არ მომწონს და ეს არის ომის ბრალი. თუმცა, ამ ომმა ჩემში შემოიტანა როგორც ცუდი, ასევე კარგი განცდები, ეს ომი რომ არ მომხდარიყო მე არ ვიქნებოდი წეროვანში და არ მეყოლებოდა მეგობრები, რომლებიც ახლა მეხმარებიან. ომი რომ არ ყოფილიყო ახალგორში ვიქნებოდი და ჩემს სახლში გავიზრდებოდი.
მიზნები
მინდა, ჩემი დის გზას გავყვე და უცხოეთში წავიდე სასწავლებლად. ძირითადად ბიზნესი მაინტერესებს და ასევე მსახიობობის დიდი ნიჭიც მაქვს.
რუსეთი
ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი, რომელმაც წამართვა ჩემი მხარე, სადაც დავიბადე. ჩემი ოცნებაა დავბრუნდე ახალგორში.
15 წლის მარიამ ბალაშვილი ახალგორიდან
ყველაფერი მახსოვს, როგორ წამოვედით, როგორი იყო ჩემი სახლი, საქანელა. დედას ვეუბნებოდი ის საქანელა რუსებმა ხომ არ წაიღეს-მეთქი. დეტალურად მახსოვს ჩემი აივანი, ჩემი სათამაშოები, ხე, ხედი აივნიდან. ახალგორიდან ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად წამოვედი. ბებია და ბაბუა დარჩნენ და დღემდე იქ არიან. დედას სულ ვეკითხებოდი, როდის დავბრუნდებით, ყოველთვის გვქონდა და გვაქვს იმედი, რომ დავბრუნდებით.
შიში
ვხვდებოდი, რომ ომი იყო, ვიაზრებდი, მეშინოდა... ჯარს რომ ვხედავდი სულ მეგონა, რომ რუსის ჯარი იყო და ვეკითხებოდი: რატომ დადის რუსის ჯარი აქ? თვითმფრინავის ხმას რომ ვიგებდი რუსის ჯარი მეგონა. ახლაც თვითმფრინავის ხმა რომ მესმის რუსის ჯარი მგონია. წეროვანში ოთხი თვის შემდეგ ჩამოვედით, ზამთარი იყო, ერთფეროვანი სახლები დამხვდა, საშინელი გზა. არასასიამოვნო ემოცია დამეუფლა. ნელ-ნელა შევეგუეთ, ავაწყეთ ცხოვრება. წეროვანი მრავალფეროვანი ხდება. არასდროს დამიშვია, რომ ახალგორში ვერ დავბრუნდები.
ინტეგრაცია
ურთიერთობა მცხეთის სკოლიდან დაიწყო. თავიდან აქ სკოლა არ იყო, შემდეგ წეროვანშიც აგვიშენეს სკოლა და უფრო დავახლოვდით. წეროვანი გავახალისეთ. ზაფხულის პერიოდში ახალგორს ყველაზე ხშირად ვიხსენებთ, ხანდახან გვეტირება. წეროვანი მრავალფეროვანი, ჩვენით, ბავშვებით ხდება.
ომის გავლენა
იმ წელს, როცა ომი დაიწყო, სკოლაში უნდა მივსულიყავი. რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, მეგობრებისა და სკოლის შეცვლა რთული იყო და ფსიქოლოგიურად გამიჭირდა.
რუსეთი
რუსეთი ჩემთვის, როგორც ყველასთვის ოკუპანტია, რომელმაც დაგვაკარგინა ჩვენი მიწა, სახლები, ოჯახის წევრები და ბევრი რამ, რაც იქ დაგვრჩა.
18 წლის მარი გაბრიშვილი ზარდიაანთკარიდან
ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. ტანკები... სროლა... პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში, გაოცებული ვიყავი. სოფლიდან ბიძაჩემმა გამიყვანა. პირველად რომ სროლა დავინახე, გავოცდი, არ შემშინებია, პირიქით, ლამაზიც კი მომეჩვენა... მოგვიანებით გავაცნობიერე ის საშინელება, რომელიც გამოვიარე. არავის ვუსურვებ განიცადოს იგივე. ვხედავდი ხალხს, რომელიც ომიდან თავის დაღწევას ცდილობდა, გზად დაჭრილი ხალხი მხვდებოდა. ბიძაჩემი გზადაგზა ეხმარებოდა მათ. ყველა გარბოდა...
სახლი ომამდე და ომის შემდეგ
თავიდან სახლი ძალიან მენატრებოდა. დევნილობის დროს, პატარა ოთახში გვიწევდა ცხოვრება. იქ დარჩება და მითუმეტეს მთელი ცხოვრების გატარება არ მინდოდა. ვფიქრობდი - "იმედია ოდესმე წავალ". როცა სახლში დავრბუნდით ოთახები დაპატარავებული დამხვდა. ომამდე ძალიან დიდი მეჩვენებოდა ხოლმე. არეულობა იყო, ეზოში ვერ შემოვედით და სახლში უკანა მხრიდან შევაღწიეთ. იმდენად დიდი ბალახი იყო, რომ დედაც კი დაფარა.
უცხო გარემოში
სოფლის დატოვების შემდეგ, თბილისში სკოლაში ვცხოვრობდით, შემდეგ გორში ჩამოვედით და საბავშვო ბაღში შევაფარეთ თავი. თავდაპირველად, შეჩვევის პერიოდი მქონდა, უცხო კედლები, ოთახები, სახლი. ჩემთან ერთად სხვა დევნილებიც ცხოვრობდნენ და იგივე განცდები ჰქონდათ, რაც მე. სახლიდან შორს ხუთი წელი გავატარე. ზარდიაანთკარი ამ დროის განმავლობაში უკონტროლო ტერიტორია იყო და არ გვიშვებდნენ. იმედი ყოველთვის მქონდა, რომ როდესმე დავბრუნდებოდი და ახლა ჩემს სახლში ვარ.
ომის გავლენა
ომმა ბევრ რამეში შემიშალა ხელი. უფრო ჩამოუყალიბებელი ვარ. არ იცი, ახალ ნაბიჯს რომ დგამ, რა მოხდება. შიშის გრძნობა გამომყვა, მოდი კარგად დაფიქრდი და ისე იმოქმედე.
რუსეთი
რუსი ხალხი მძულს-მეთქი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს და მათი ნახვა მინდა. იმ ქმედებებით, რასაც ისინი ქართველი ხალხის მიმართ ახორციელებენ, ცუდი განცდები მიმძაფრდება. სახლი დამიწვეს, არა მარტო მე, არამედ სხვებსაც. ზოგიერთი სოფელი საერთოდ გაანადგურეს. რუსული პოლიტიკის მიმართ დადებითად განწყობილი არასდროს ვიქნები.
ახალი ცხოვრება
აბიტურიენტი ვარ, გამოცდების შედეგებს ველოდები და ისევდაისევ იმედი მაქვს. ცოდნის შეძენის პერსპექტივა არსებობს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი გეგმები მაქვს, მაგრამ განვითარების პერსპექტივა რამდენად იქნება, ეს არ ვიცი. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდე, კიდევ ვფიქრობ რა მინდა და რისი მიღწევა მსურს ცხოვრებაში.
21 წლის მაკა მეტრეველი სოფელ აჩაბეთიდან
11 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. დაძაბული სიტუაცია იყო, ჩვენს გარშემო სხვა სოფლები იბომბებოდა, პანიკაში ვიყავით. შემდგომ ჩვენი სოფლის მიმართულებითაც დაიწყო სროლა. ახლა ყველაფერი განადგურებულია. ცხინვალი 6 აგვისტოს საღამოს დავტოვეთ. შემოვლითი გზა ტყეზე დადიოდა. ცხინვალში ბაბუა დარჩა, მაგრამ, საბედნიეროდ, წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. სროლის ხმის შიში დღემდე მომყვება. ახლაც, რაიმე ხმა რომ მესმის, ვცდილობ არ ვიფიქრო და გავიხსენო. თითქოს აღარც მეშინია, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ეს განცდები განსაკუთრებით გამომყვა.
ომის გავლენა
ეს ცხოვრების ის მომენტია, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. მხოლოდ იმის გახსენდება, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და იაზრებს, რომ სადღაც იქ შენი სახლი იყო - მტკივნეულია.
წეროვანი
პირველ რიგში, გავოცდი. ასეთ დასახლებას არ ველოდი, თავიდან გაუცხოების მომენტი მქონდა. ვფიქრობდი, რამდენად მოვახერხებდი აქ ცხოვრებას, როგორ ავეწყობოდი, მაგრამ ასაკმა ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გამიადვილა.
რუსეთი
რუსეთმა ჩვენს ქვეყანასა და მე ზიანი მოგვაყენა. დღეს სახლი აღარ მაქვს. ხალხი არ მძულს, გაცნობიერებული მაქვს, რომ კარგი და ცუდი ყველგან არიან, მაგრამ, როგორც ქვეყანა, დიდ ტკივილთან ასოცირდება.
10 წელი ომიდან
ძალიან ძნელია გაცნობიერება იმის, რომ უკვე 10 წელი გავიდა, თითქოს სწრაფად, მაგრამ ეს ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ უახლოეს მომავალში ამის იმედი არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს მომავალს იმედის თვალით ვუყურებ, რომ წლების შემდეგ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ.
კომენტარები