დიდ ბრიტანეთში შემოდგომიდან ექიმები შეძლებენ, რომ პაციენტებს მარიხუანის შემცველობის მქონე მედიკამენტები გამოუწერონ, წერს BBC. მედიკამენტებმა უსაფრთხოებისა და ხარისხის შემოწმება უნდა გაიარონ და მათი ლეგალურად მიღების ერთადერთი პირობაა სამედიცინო აუცილებლობა.

კანონის შეცვლისკენ დიდი ბრიტანეთის მთავრობას უბიძგა ეპილეფსიით დაავადებული ორი ბავშვის, ალფი დინგლისა და ბილი კელდუელის მშობლების კამპანიამ.

ექვსი წლის ალფი დინგლის თვეში ეპილეფსიის 150-მდე შეტევა აქვს. მისთვის მშობლებმა მარიხუანის შემცველობის მედიკამენტების დროებით დაშვება მოიპოვეს მას შემდეგ, რაც შვილი ნიდერლანდებში წაიყვანეს. მშობლების თქმით, კანაფის ზეთის მოხმარების შემდეგ ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ბილი კელდუეის ოჯახმა მედიკამენტების შემოტანა უცხოეთიდან სცადა, თუმცა აეროპორტში ისინი ჩამოართვეს. ბავშვის მდგომარეობის გაუარესებისას კი მედიკამენტები 20-დღიანი ვადით დაუბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კანაფის შემცველობის მედიკამენტები ყველასთვის დაეშვათ.

"ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ნათლად დამანახა, რომ კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების მიმართ ჩვენი პოზიცია არასწორი იყო", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სადიჯ ჯავიდმა.

ბრიტანეთის ამჟამინდელი კანონმდებლობით, მარიხუანა "ბ" კლასის ნარკოტიკია, რომლის შენახვაც აკრძალულია. მისი აღმოჩენის შემთხვევაში პირი მიიღებს გაფრთხილებას ან 90 ფუნტით დაჯარიმდება. მარიხუანის გაყიდვა ისჯება პატიმრობით ან ჯარიმით და სასჯელი მარიხუანის ოდენობასა და ნასამართლეობაზეა დამოკიდებული.

ამავე თემაზე: