ფესტივალი, რომელმაც ისტორია შექმნა - სრული რეპორტაჟი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალიდან
ჯაზის დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ადამიანს იზიდავს შავი ზღვის სანაპიროზე, უკვე დასრულდა. წლევანდელი ფესტივალი დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ მუსიკის მოყვარულებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მისი მთავარი ჰედლაინერი ლეგენდარული რობერტ პლანტი იყო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დღეებმა უღიმღამოდ ჩაიარა.
ბლექ სი არენიდან წამოსულმა ემოციებისგან სავსე, გაოგნებულმა მსმენელმა მეორე დღეს ბათუმის კორტებზე დაიდო ბინა. კონცერტის მეორე დღის შემსრულებელს ძალიან მაღალი შეუსრულებელი მისია უნდა შეესრულებინა, რომ პლანტის მსმენელისგან დადებითი შეფასება მიეღო. ამას ფესტივალის სტუმრები აქტიურად განიხილავდნენ და პესიმისტური განწყობები აქაც შეინიშნებოდა.
საფესტივალო ტერიტორიაზე მსმენელს ყველაფერი დახვდა. 4 პავილიონი ორიგინალური ფოტოსესიისთვის, გიფერი, მემოგრამი და დასამუხტი სივრცეები სელფებისგან გადაღლილი ტელეფონებისთვის. რაღა თქმა უნდა სასმელი და კარგი მუსიკაც და ჯაზ ფესტივალის მეორე დღე დაიწყო.
მსმენელის წინაშე Trombone Shorty წარსდგა. ბენდმა სტუმრებს რეპის, ჯაზის და როკის უნიკალური ნაზავი შესთავაზა და რიტმული, ენერგიული შემოქმედებით მარტივად დაიპყრო სცენა.
სასიამოვნოდ გაოცებულმა და კმაყოფილმა მსმენელმა კი ბენდს შრომა დაუფასა და კორტები საცეკვაო მოედნად იქცა. საქსაფონის სექსუალურ რიტმებს დროდადრო ენერგიული გიტარა ცვლიდა შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესრულდა ყველა ტიპის ცეკვა - უბრალო ხტუნვიდან დაწყებული, ვნებიანი სალსათი დასრულებული.
აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ცეზარს დიდი კონკურენცია გაუწია და ერთდროულად არაერთი საქმის შეთავსება შეძლო. მაგალითად, მუსიკის მოსმენის, ცეკვის, დალევის და თამაშის. ოდესმე ფესტივალზე წეროები გითამაშიათ? თუ არა, აუცილებლად სცადეთ. იმდენად კარგი გასართობი აღოჩნდა, რომ რამდენიმეკაციან ჯგუფში მალე მატება დაიწყო და შუა კონცერტზე მოხტუნავე წეროების წრე შეიკრა.
Trombone Shorty-მ ფესტივალის სტუმრებს ყველა პესიმისტური დამოკიდებულება გაუქრო. თუკი ვინმეს ეგონა, რომ პლანტის კონცერტის შემდეგ ჩვეულებრივი მოკვდავი საქართველოში მაყურებელს კმაყოფილს ვერ დატოვებდა შეცდა.
მეორე საფესტივალო დღის მეორე ჰედლაინერი ამერიკელი მუსიკოსი ექსცენტრიული ერიკა ბადუ იყო. არტისტს ნამდვილად შუეძლია იმააყოს იმით, რომ საქართველოში ერთგული მსმენელი ყავს. ერიკას კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის სტუმრებს სამი საათი მოუწიათ ლოდინი.
თავდაპირველად ფესტივალის ტერიტორიაზე ხალხის რაოდენობამ იკლო. მსმენელთა ნაწილმა იფიქრა, რომ ბადუს კონცერტი გადაიდო და ფესტივალი დატოვა. იყვნენ ისეთებიც, ვინც დაზუსტებული ინფორმაციის მიღებამდე არ წავიდნენ და ამით მოიგეს კიდეც და წინა რიგებში აღმოჩნდნენ. ბადუს სცენაზე გამოსვლისთანავე კორტებზე მსმენელის რაოდენობამ იმატა.
არტისტი სცენაზე ჩვეული, ექსტრავაგანტული ვიზუალით წარსდგა. კონცერტის განმავლობაში სცენა ბურუსით იყო მოცული და ელექტრონული მუსიკის, სოულის, ფანკის და ჰიპ-ჰოპის მელოდიები იღვრებოდა.
ბადუს შემოქმედებამ ბათუმური ღამე უჩვეულოდ დაამსგავსა ფენტეზის ჟანრის ფილმს. ამაში მარტივად დარწმუნდებოდით თუკი კონცერტის მსვლელობისას ბათუმის ბულვარში გაივლიდით, სადაც მთვარის შუქზე მოსეირნე ხალხს ერიკას შემოქმედება ულამაზებდა ღამეს.
მესამე საფესტივალო დღეზე მსმენელი ნამდვილად კარგად გამოძინებული და დასვენებული მოვიდა. სხვანაირად ვერაფრით ავხსნით როგორ გადაიტანეს ის სამსაათანი სიგიჟე, რომელიც უაიკლიფ ჟანმა დაატრიალა.
რეპი, ჯაზი, როკი, პოპი, მიკროფონი, გიტარა, დრამი - უაიკლიფი ელვის სისწრაფით ახერხებდა ყველაფრის შეთავსებას. ბობ მარლის, მაიკლ ჯექსონის, უიტნი ჰიუსტონის და სხვა უამრავი დიდი შემსრულებლის შემოქმედების მოსმენის შემდეგ გვეგონა ვეღარ გაგვაოცებდა, მაგრამ სცენიდან ქართული მრავალჟამიერი მოგვესმა.
არტისტმა ერთი სიმღერა ბერასთან ერთად შეასრულა და ბერას რეპერტუარიდან Parlez Vous Francais იმღერა.
სიმღერის დასრულების შემდეგ ბერამ მაყურებელს უთხრა რომ უაიკლეფი მისი უფროსი ძმაა და უამბო, რომ Wyclef Jean პირველად საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა, მასთან სტუმრად, დედამისის დაბადების დღეზე სიურპრიზის მოსაწყობად. მისივე თქმით, შემსრულებელმა ჰონორარი არ აიღო და ის "ძმაკაცურად", "ქართულად" მოიქცა.
"დღესაც ის არის ჩემთან სახლში, ჩვენთან სახლში სტუმრად, ყველასთან. მოდით ვაჩვენოთ ქართველებმა როგორი სტუმართოყვარეობა და დახვედრა ვიცით", - განაცხადა ბერამ.
ამის შემდეგ უაიკლიფმა გადაწყვიტა, რომ კონცერტზე მყოფ არც ერთ ბავშვს გული არ უნდა დაწყვეტოდა და პირდაპირი გაგებით, ყველას მოუხმო სცენაზე.
მათთან ერთად შაკირას კომპოზიციაზე იმღერა, იცეკვა, იხტუნა, ფოტოები გადაიღო, შთამაგონებელი სიტყვებით მიმართა და მოუწოდა, ცხოვრებით დამტკბარიყვნენ. მოკლედ, ყველაფერი მოასწრო რაც კი შესაძლებელი იყო და 3 სააათიანი არანორმალურად ენერგიული ლაივის შემდეგ დატოვა სცენა.
ჯაზ ფესტივალის მეოთხე საფესტივალო დღეზეც არანაკლები ვარსკვლავთცვენა იყო. R+R=NOW ანუ რობერტ გლასპერმა და მისმა ბენდმა ნამდვილი ჯაზის საღამო მოაწყეს.
"Fuck this rain", - განაცხადა სცენზე გამოსვლისთანავე გლასპერმა და მსმენელს დაჰპირდა, რომ წვიმა საღამოს ხელს არ შუეშლიდა. გაალამაზებდა კიდეც, მართალიც აღმოჩნდა.
რა უხდება ბათუმს ჯაზ ფესტივალზე უფრო მეტად? წვიმიანი ლაივი ჯაზ ფესტივალიდან. ჩუმ, მელოდიურ და ვნებიან ნოტებზე წვიმის ფონზე აცეკვებული მსმენელი წარმოიდგინეთ. მეტი სილამაზისთვის კი წარმოიდგინეთ როგორ უხდება ბათუმს ფერადი საწვიმარებით და ქოლგებით მოფენილი ქუჩები.
"გაუღიმარი ხელმწიფე", - ასე შეარქვა მსმენელმა გლასპერს, რომელიც კონცერტის განმავლობაში უცვლელი მიმიკით იჯდა და აკვირდებოდა მსმენელს. თავდაპირველად კონცერტი ნელი და რიტმული ჯაზის საღამო იყო და თავს 30-იანი წლების ამერიკულ კლუბში გაგრძნობინებდათ. თუმცა, მოგვიანებით გლასპერმაც გაიღიმა და ტემპმაც იმატა, როცა სცენიდან ჰიპ-ჰოპის და ჯაზის ნაზავი გაისმა.
ჯაზ-ფესტივალმა დასავლეთ საქართველოში მუსიკის ნამდვილი ზეიმი მოაწყო და არამხოლოდ ქართველ, არამედ ქვეყნის სტუმარ უცხოელ მსმენლსაც უდიდესი სიამოვნება აჩუქა. ასე, რომ თუკი თქვენმა მეგობრებმა ეს დღეები სოციალური ქსელები ჯაზ ფესტივალის ფოტო და ვიდეომასალით აიკლეს, მიუტევეთ. ამის მიზეზი ნამდვილად ქონდათ, ისინი ისტორიული ფესტივალის მონაწილეები იყვნენ, რომელმაც კარგი მოგონებების გარდა მსმენელს უნიკალური შანსი აჩუქა.
კომენტარები