არქეოლოგებმა გვატემალაში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მაიას ცივილიზაციის ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. ის თითქმის 3 000 წლის წინანდელია. იქ არსებული პირამიდები და მონუმენტები მისი, როგორც უძველესი ცენტრის, დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამის შესახებ გვატემალის კულტურის სამინისტროში განაცხადეს.

მაიას ცივილიზაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2000 წელს წარმოიშვა და განვითარების უმაღლეს წერტილს ჩვენი წელთაღრიცხვით 400-დან 900 წლამდე პერიოდში მიაღწია. იგი დღევანდელი სამხრეთ მექსიკისა და გვატემალის ტერიტორიებს მოიცავდა, აგრეთვე ბელიზის, სალვადორისა და ჰონდურასის ნაწილებს.

მეცნიერთა მიერ ნანგრევებში ნაპოვნი ჭურჭელი.

ფოტო: Handout/Guatemalan Ministry of Culture and Sports/AFP

ახალაღმოჩენილ ქალაქს "ლოს აბუელოსი" ეწოდება, რაც ესპანურად "ბებია-ბაბუებს" ნიშნავს. ის ვაშაკტუნიდან დაახლოებით 21 კილომეტრში მდებარეობს, გვატემალის ჩრდილოეთ პეტენის რეგიონში. სპეციალისტების შეფასებით, ქალაქი დაახლოებით ძვ.წ. 800-500 წლებში იყო აქტიური, ანუ ე.წ. შუა პრეკლასიკურ პერიოდს მიეკუთვნება. კულტურის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ლოს აბუელოსი მაიას ცივილიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, რომელიც პეტენის ჯუნგლებში, მექსიკის საზღვართან ახლოს, მდებარეობს.

"ქალაქის არქიტექტურა განსაკუთრებული დაგეგმარებით გამოირჩევა. მონუმენტებსა და პირამიდებზე რეგიონისთვის უნიკალური იკონოგრაფია გვხვდება", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ლოს აბუელოსი ქალაქს ადამიანისმაგვარი ორი ქანდაკების გამო ეწოდა, რომლებიც არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ისინი დაახლოებით ძვ.წ. 500-300 წლით თარიღდება და, შესაძლოა, წინაპართა კულტს უკავშირდებოდეს, რომელსაც მაიას კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ორი ქანდაკება.

ფოტო: Handout/Guatemalan Ministry of Culture and Sports/AFP

ქალაქი დაახლოებით 16 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ნანგრევებს გვატემალელმა და სლოვაკმა არქეოლოგებმა ვაშაკტუნის ნაკლებად შესწავლილ არეალში მიაგნეს. აღმოჩენილ სტრუქტურებს შორის არის 33-მეტრიანი პირამიდა, რომლის კედლებზეც პრეკლასიკური პერიოდის ნახატებია. გარდა ამისა, იქვე მიაკვლიეს წყლის არხების უნიკალურ სისტემასაც, რაც იმ დროის ურბანულ განვითარებაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში პეტენის სხვა ნაწილში, ტიკალის ტერიტორიაზე, მეცნიერებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა იპოვეს — დაახლოებით ათასწლოვანი სამსხვერპლო, რომლის მსგავსიც მექსიკის უძველეს ტეოტიუაკანის ცივილიზაციაშიც არსებობდა. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მაიასა და ტეოტიუაკანის ცივილიზაციებს, დაახლოებით 1300-კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად, კავშირი მაინც ჰქონდათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.