მითია თუ რეალობა, რომ ადამიანები ბანანთან დნმ-ის 60%-ს ვიზიარებთ?

ფოტო: HowStuffWorks
ალბათ გსმენიათ, რომ დნმ-ის 60% საერთო გვაქვს... არც მეტი, არც ნაკლები — ბანანთან. რამდენადაა ეს სინამდვილე?
მსგავსი ტიპის სხვა ე. წ. ფაქტოიდებისგან (არასანდო ინფორმაცია, რომელიც ადამიანების უმრავლესობას უტყუარი ფაქტი ჰგონია) განსხვავებით, ამ მტკიცებას გარკვეული სამეცნიერო საფუძველი ნამდვილად აქვს. ამერიკის ადამიანის გენომის კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა 2013 წელს მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, ადამიანისა და ბანანის გენეტიკურ მასალებს მნიშვნელოვანი თანხვედრა აქვს.
ნათქვამი, რომ ადამიანსა და ბანანს დნმ-ის 60% საერთო აქვს, ტექნიკურად მთლიანად არაზუსტია ორი მიზეზის გამო: 60% არასწორი რაოდენობაა და თანაც დნმ არაფერ შუაშია.
"თითოეული ჩვენგანი მშობლებთან დნმ-ის 50%-ს იზიარებს, ბანანთან კი — გენების 50%-ს, ხოლო ეს გენები დნმ-ის მხოლოდ 1%-ს შეადგენს", — განმარტა ბიოინფორმატიკოსმა მაიკ ფრენსისმა HowStuffWorks-თან საუბრისას.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბანანთან გენის პროდუქტების გარკვეულ ნაწილს ვიზიარებთ — არა თვითონ დნმ-ს ან თუნდაც გენებს, არამედ გენებისგან წარმოქმნილ ცილის ან რნმ-ის მოლეკულებს. ასეთი ფორმულირება სათაურში მოცემულს ბევრად სჯობს. ამისდა მიუხედავად, ესეც ზედმეტადაა გამარტივებული. მაშ, როგორ შეიძლება სიმართლე კიდევ უფრო ზუსტად ჩამოვაყალიბოთ?
ამის გასარკვევად უმჯობესია 2013 წლის პროექტს დავუბრუნდეთ. მაშინ მეცნიერებმა კვლევის შედეგები ვიდეოში გამოიყენეს, რომელიც ნათქვამია, რომ ადამიანის გენომი ბანანისას "41%-ით ჰგავს".
სახეობათა გენომების შესადარებლად ვიდეოს ავტორმა მეცნიერებმა ჯერ ხილის გენები აღწერეს. მათ ეს შედეგები იმის პროგნოზისთვის გამოიყენეს, თუ რომელი გენური პროდუქტები წარმოიშობოდა, ბოლოს კი იგივე პროცესი ადამიანის გენებზეც გაიმეორეს.
მიღებული შედეგები მათ კომპიუტერული მეთოდებით შეადარეს — ჯამში 4 მილიონზე მეტი შედარება გამოვიდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თანმხვედრი მონაცემების რაოდენობა დაახლოებით 7 000 იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "შესაბამისობა" იდენტური არ ყოფილა: ცილებს შორის საშუალო მსგავსება დაახლოებით 40% იყო.
ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ, სიმართლე ასე ჟღერს: ადამიანისა და ბანანის დნმ ერთმანეთს 60%-ით კი არ ჰგავს, არამედ მათი დნმ-ის 2%-ის 60%-ს 40%-იანი მსგავსება აქვს.
ეს დასკვნა შოკისმომგვრელი არც უნდა იყოს — ადამიანებს ხომ ბანანთან საერთო არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ორივეს წინაპარი შორეულ ევოლუციურ წარსულში უნდა ვეძიოთ. ამაზე ზემოაღნიშნული მცირედი გენეტიკური მსგავსებაც მეტყველებს.
კომენტარები